NATO და საქართველო

პრაღა მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას

მომავალი წლის მაისში ჩრდილო ატლანტიკური  ალიანსის  ჩიკაგოს სამიტმა უნდა შეიტანოს მნიშვნელოვანი პროგრესი  ნატოსთან  საქართველოს  დაახლოებაში -   თქვა  პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა პეტრ ნეჩასმა. მისივე განცხადებით , ოფიციალური პრაღა მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ მისწრაფებას. ნეჩასმა გაიხსენა, რამდენად მწვავე რეაქცია ჰქონდა რუსეთს   ჩეხეთის, პოლონეთის  და უნგრეთის  ნატოსთან მოლაპარაკებებში ჩართვაზე - ალიანსში გაწევრიანების მიზნით.  მაგრამ, პრემიერის მოსაზრებით, დრომ აჩვენა რამდენად სწორი გეზი აიღეს  თავის დროზე   ყოფილმა სოციალისტური ბლოკის  ქვეყნებმა , მათმა არჩევანმა ხელი შეუწყო ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას და თანაც საქმე რუსეთთან კონფლიქტამდეც არ მისულა. სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ 2008 წლის ზაფხულში საქართველოსთან ომით რუსეთმა ნატოს გაფართოება აღკვეთა. მედვედევი  ჩეხეთს დეკემბრის დასაწყისში ეწვევა.  საქართველოს და ჩეხეთის მთავრობების მეთაურებმა კი  ეკონომიკური საკითხებიც განიხილეს. ჩეხეთი   საქართველოს რიგით მეხუთე უმსხვილესი ინვესტორია.  ის დაინტერესებულია  ჩაერთოს საქართველოს დედაქალაქის სატრანსპორტო მოდერნიზაციის პროექტებში, ასევე საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების  პროექტების რეალიზაციაში . 

კომენტარები