”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია ”მაესტროს” ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ეიფორიული დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ტელეკომპანია ეიფორიაში ჩავარდა და ბიზნესმენის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ბალანსის დარღვევით, არაობიექტურად აშუქებს. სამაგალითოდ, კიწმარიშვილი იხსენებს ”მაესტროს” ეთერში ”ლეიბორისტული პარტიიდან” ივანიშვილისადმი სიმპათიის ფაქტორით რამდენიმე წევრის წასვლის ფაქტის გაშუქებას და აღნიშნავს, რომ ამბავი ცალმხრივად გაშუქდა , რადგან არ ყოფილა ნახსენები პარტიის პოზიცია.
”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ არის ტელე-კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მასზეც მოდის პასუხისმგებლობა ტელევიზია ბალანსის დაცვით აშუქებდეს მოვლენებს.
ივანიშვილის მიერ , თავის პირველ საჯარო მიმართვაში კიწმარიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, კიწმარიშვილმა ბიზნესმენს თანამშრომლობა და ”მაესტროს” 1 ლარად მიყიდვაც კი შესთავაზა. მოგვიანებით, სოზარ სუბართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო , კიწმარიშვილმა ივანიშვილს ურჩია პოლიტიკაში ადგილს დამკვიდრებას ნუ დაიწყებს მკითხაობით. ივანიშვილის აღნიშნული განცხადება ”ქართული პარტიიდან” სუბარის სავარაუდო წასვლას ეხებოდა.




