Cloud computing

გასეირნება ღრუბლებში

ხელოვნური ინტელექტის მამამთავარმა, ჯონ მაკკარტიმ გასული საუკუნის 60-იან წლებში რევოლუციური იდეა გამოთქვა – გამოთვლითი ტექნიკა ერთ მშვენიერ დღეს კომუნალური მომსახურება გახდებაო. ამ თემაზე, შემდეგ არაერთი შრომა დაიწერა, თუმცა, ეს ყველაფერი, იმ დროს თეორიულ ჩარჩოებს ვერ გასცდა. ბოლო წლებში ინტერნეტის სიჩქარის მკვეთრმა ზრდამ შესაძლებელი გახადა, რომ ამერიკელი მეცნიერის იდეას ხორცი შესხმოდა და თავად ინტერნეტი ევოლუციის ახალ საფეხურზე ასულიყო. შედეგად, მაღალი ტექნოლოგიების ჰორიზონტზე, „ქლაუდად” წოდებული გამოთვლითი ღრუბელი (Cloud computing) გამოჩნდა.

ტექნიკურ დიაგრამებზე აღნიშვნისას ღრუბელი, როგორც ზოგადად ქსელის მეტაფორა, ინტერნეტის შექმნის დღიდან გამოიყენება და კონკრეტულ რაღაცას აღნიშნავს. თუმცა სპეციალისტები დღემდე მაინც ვერ შეთანხმდნენ ზუსტ განსაზღვრებაზე, თუ რა არის „გამოთვლითი ღრუბელი”. ერთი განმარტებით ეს არის ვირტუალური სერვერების კლასტერი, რომელიც შეგიძლიათ ნაწილობრივ, ან მთლიანად დაიქირაოთ და მისი საშუალებით თქვენი მიზნები განახორციელოთ – განათავსოთ თქვენი საკუთარი ვებ-სერვერი, მეილ-სერვერი, ფაილების სერვერი, გადასახადი კი, როგორც კომუნალური მომსახურების შემთხვევაში, დახარჯული რესურსის პროპორციულად გადაიხადოთ. მეორე მხრივ, „ქლაუდს” უწოდებენ ყველაფერ იმას, რაც ფაირვოლის მიღმა მდებარეობს. ამ შემთხვევაში ძირითადი იდეა ის არის, რომ თქვენი მოთხოვნის შესრულება სადღაც „იქ” ხდება და თქვენ მზა შედეგს იღებთ – თუმცა წარმოდგენის დონეზეც კი არ შეგიძლიათ იმის თქმა, თუ ფიზიკურად სად მდებარეობს სერვერი, რომელიც მოგემსახურათ.

თავდაპირველი ჩანაფიქრით, გამოთვლითი ღრუბელი მხოლოდ კომპანიებისთვის განკუთვნილი მოქნილი სერვისი იყო. წარმოიდგინეთ, გაქვთ კომპანია, რომლის ოფიციალურ ვებგვერდს დღეში განსაზღვრული რაოდენობის ადამიანი სტუმრობს, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მომხმარებლებმა მატება დაიწყო და თქვენს კომპანიაში დამონტაჟებული სერვერი აღარ ყოფნიდა. დადგა სერვერის შეცვლის პრობლემა. საჭიროა ხელახლა გამართოთ ის, რაც დამატებით რესურსებს მოითხოვს. თუ მომხმარებლების რიცხვი კატასტროფულ რაოდენობას მიაღწევს, მაშინ მხოლოდ სერვერის შეცვლა ვერ გადაჭრის პრობლემას. დაგჭირდებათ სერვერების კლასტერი, რომელსაც სხვა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა აქვს. შესაბამისად, მოგიწევთ მომსახურე პერსონალისთვის ტრენინგის ჩატარება, ანუ კიდევ დამატებით ხარჯებამდე და პრობლემებამდე მივდივართ. 

გამოთვლითი ღრუბლის შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა: გაქვთ „ღრუბელში” გამოყოფილი ადგილი, რომელიც ემსახურება თქვენს მომხმარებლებს, როგორც კი მათი რიცხვი გაიზრდება, ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე გაგეზრდებათ მოხმარებული რესურსის ოდენობა და პრობლემას ვერც კი შეიგრძნობთ. შედარება რომ გამოვიყენოთ: პირადი სერვერი, რომლის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ტექნიკურ გამართვაზე და მომსახურებაზე თქვენ თავად აგებთ პასუხს, არის პირადი ავტომობილი, რომლის რემონტი, გარეცხვა და საწვავის ჩასხმა თქვენი საზრუნავია. გამოთვლითი ღრუბელი კი ამ შემთხვევაში ტაქსი გამოდის – მოდის, გემსახურებათ და მიდის. თქვენ მხოლოდ მგზავრობის საფასურს იხდით, ამასთან, ამ ჯადოსნურ ტაქსის იმდენი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, რამდენის გადაყვანის ფინანსური საშუალებაც გაქვთ.

ბოლო ორ წელიწადში ბლოგების და სოციალური ქსელების განვითარებამ ახალი ტიპის მოთხოვნილებები გაუჩინა ადამიანებს. შედეგად განსხვავებული ქლაუდ-სერვისები მივიღეთ – დაწყებული ფაილების გაზიარებით, დასრულებული პირადი ბლოგების განთავსების სერვისით. ახალი თაობის სმარტფონები აღჭურვილია ტექსტის მთარგმნელი, ხმოვანი და გრაფიკული ინფორმაციის გასაშიფრი კლიენტური პროგრამებით, რომლებიც თქვენგან იღებენ ინფორმაციას, შემდეგ მას ღრუბელში აგზავნიან და მიღებულ მზა შედეგს გიბრუნებენ. ეს არასრული სიაა იმისა, თუ რა სარგებლობა მოაქვს „ღრუბელს”.

გამოთვლითი ღრუბლის ადეპტების თქმით, პერსონალური კომპიუტერების ეპოქა, რომელმაც სამი ათეული წელი გასტანა, დასრულდა და „ქლაუდის” ეპოქა დაიწყო. გვარწმუნებენ, რომ უახლოეს მომავალში, ფართო მოხმარებისთვის მხოლოდ პლანშეტური კომპიუტერები იარსებებს, აღჭურვილი იქნება ეკრანით და ინფორმაციის შესაყვანი მოწყობილობით, კომპიუტერის შემადგენელი ყველა ნაწილი კი ღრუბელში იქნება განთავსებული. თქვენს ინფორმაციასთან წვდომა ნებისმიერი ადგილიდან შეგეძლებათ და ისეთი პროზაული პრობლემები, როგორიცაა მყარი დისკის გადაწვა, ოპერაციული სისტემის გადაყენება და ა.შ., საერთოდ გაქრება თქვენი ლექსიკონიდან. როგორც ჩანს, გამოთვლითი ღრუბელი დიდ ცვლილებებს გვიქადის, დაველოდოთ! 

კომენტარები