NBA ისტორია

დავიწყებული მელოდია კალათბურთისთვის

კალათბურთს გაუმართლა, რომ ლარისთან და მეჯიქთან ერთად ცინიზმი მოტეხა, მშვიდი, კანონმორჩილი ამერიკელების ძმაკაცი გახდა. კალათბურთს გაუმართლა, რომ ოდნავ მერე, მისტერ ჯორდანი წამოვიდა. ჯორდანი სულ ჯორდანია. და კიდევ სამი კარგი ბიჭი მაიკლის, მაიკლზე უნიჭო პერსონების და ბევრი არასაკალათბურთო ნიუანსის გამო ავიწყდებოდათ. ის სამი მეგობარი კალათბურთს სხვაზე უკეთ და მშვიდად თამაშობდა. იგებდა და მორჩა. სამივე იმ გუნდში იყო, კატალონიაში ლივერპულის ერთი ბენდივით რომ ჩავიდა. 
ჯორდანით ყველამ ჯეკპოტი მოხსნა. კლაიდ დრექსლერის გარდა. მაიკლი ინდიანა ჯოუნსი გახდა. კლაიდი ის ცელქი ჩინელი იყო, სპილოებით რომ ერთობოდა. დრექსლერში დიდი ნიჭი და ქარიზმა იდო. 
მთელი კარიერით პასივში დარჩენა რთული, დეპრესიულია. დრექსლერი თამაშობდა. მეორე ეშელონში ჯორდანი იყო და თუ მაიკლთან ტესტს ვერ იგებდა, ბოსები გაგებით აქნევდნენ თავებს, მაიკლია, ხდება ხოლმეო. ჯორდანი მაიკლია და დრექსლერი, მხოლოდ კლაიდი. პორტლენდის ლეგენდა, რომელიც პორტლენდმა ბალასტივით გაუშვა, ჰარლემში, ვენის იჩზე უნდა ყოფილიყო. დრექსლერს ფლორიდაც მოეწონებოდა. კლაიდი პორტლენდში დარჩა. 
დრექსლერი 1983 წლის დრაფტზე პოპულარულ პროდუქტად გაიტანეს. პატარა ბიჭში ოსკარ რობერტსონის მოხულიგნო ნაპალმი, ჯულიუს ირვინგის საკალათბურთო ტვისტი და მეჯიქის ღიმილის ნახევარი იყო. დრექსლერი ტექსასელი ტიპია და ტექსასში, თავის ჰიუსტონში თამაში უნდა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ როკეტსი კლაიდს აირჩევს და ეს თემა არ განიხილება. დრექსლერი პორტლენდს დაუტოვეს. ჰიუსტონმა ერთჯერადი როდნი მაქრეი წაიყვანა და ბევრჯერადი ნევროზი დაირტყა. მაქრეიმ ერთხელ 11.2 ქულა აკრიფა, ორჯერ პოლიციელის გალახვისთვის ზონაზე დაისვენა და კალათბურთით ვერ გაერთო. დრექსლერს ეწყინა. კლაიდი მეთოთხმეტე ნომრამდე იცდის. პორტლენდმა ბიჭი რუსტერის შესავსებად წამოიყვანა. 
კლაიდი რამდენიმე გარჩევაში მაიკლზე ჯორდანია და ეს არ ახსოვთ. ეს არ არის პოპულარული ჰედლაინი, მაიკლი პირველი, სხვაზე კარგი უნდა იყოს. თუ ჯორდანი შეცდომას უშვებს, ეგრევე სხვა თემაზე გადადიან. ამერიკული სილამაზე დრექსლერის ნიჭს იშვიათად ხედავდა. ჯეიმს უორთის 25 ქულა უფრო ქაჩავდა, ვიდრე კლაიდის რეკორდები. და დრექსლერი რეკორდებთან კოლეჯიდან ახლობლობდა. 
ყველაზე მეტი ჩაჭრა ერთ ტაიმში – 8 (საკრამენტოსთან, 1996. 01.11).
ყველაზე მეტი მოხსნა შეტევაში მსროლელებში – 2 615.
ფლეი-ოფის ოვერთაიმში ყველაზე ბევრი ქულა – 13 (ლეიკერსთან, 1992. 04.29).
ორჯერ თითქმის ოთხმაგი დუბლი დატოვა – 26+11 პასი+10 ჩაჭრა+9 მოხსნა (მილუოკისთან, 1986.10.01), 25+10 მოხსნა+10 ჩაჭრა+9 პასი (საკრამენტოსთან, 1996.01.11). 
დრექსლერს ხედავენ და დრექსლერი არ ახსოვთ. კლაიდი ორჯერ ფინალში გადის. ჯერ (1990) აგებს დეტროიტთან. დენის როდმანმა, აიზია ტომასმა და ჯო დუმარსმა სამწამიანთან სლოტ კლუბი გახსნეს. სამივემ მარწყვები მოიტანა. დრექსლერი აპარატებთან არ მიუშვეს. ჩაკ დეილის პისტონზმა რიკ ადელმანის პორტლენდი 4:1 დაშალა. კლაიდი მეორე ფინალს ჯორდანთან, პიპენთან ვერ მოიგებს. 1992. ბულზმა სერია 4:2 დახურა. 
იმ სეზონში ბარსელონაში ვუდსტოკი იყო. კალათბურთის ჯონი, პოლი, ჯორჯი და რინგო ─ ბერდი,  მეჯიქი, მაიკლი და ჩარლზი იყვნენ. ჯგუფს რამდენიმე როუდი აკლდა. პირველი Dream Team დევიდ სტერნის ლიგის 11 ყველაზე კარგი ბიჭით უნდა შეეკრათ და მერე, ერთ მაგარ სტუდენტსაც დაიმატებდნენ. სტუდენტი კრისტიან ლეიტნერი იყო. NBA-ს 10 კრიმინალიც აარჩიეს. დრექსლერი იმ სიაში ვერ მოხვდა. კრის მალინი მოხვდა და კლაიდი ოფსაიდში დარჩა. ბოლო ადგილისთვის ოცამდე კარგი ბიჭიდან ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. ერთ-ერთ ბრიფინგზე ბერდმა ურჩია ბოსებს, არ მესმის რა საჭიროა ამდენი შფოთვა, როცა პირდაპირ კლაიდის არჩევა შეგიძლიათ... დრექსლერი ბარსელონაში ბერდმა წაიყვანა. 
დრექსლერი მაინც მივა ჰიუსტონში და მოიგებს ფინალს. იქ ძმაკაცი, წესიერი და ყველაზე ერუდირებული ნიგერიელი, ჰაკიმ ოლაჯოუნი დახვდა. ბობი ორისთან ერთად ძმაკაცებმა სან ანტონიო 4:2 გააჩერეს და ფინალში წაუგებლად მოუგეს პატარა შაკის ორლანდოს. კლაიდი დაფრინავს. და ბრიფინგზე დრექსლერი ისევ უკან, სხვის მერეა. დიდების დარბაზშიც სხვაზე მშვიდად, დრექსლერულად შეიყვანეს. 
დევიდ რობინსონს ორჯერ გაუმართლა. ჯერ 1996/97 კვეთის რეგულარული თითქმის სულ რომ გამოტოვა. სან ანტონიო მიზერს თამაშობდა და ორ კარტში სულ ორი ტუზი მოდიოდა. სპურსმა რეგულარულში ბოლო ადგილი მიიღო. ადმირალმა მოირჩინა ზურგი, მუხლი, კოჭი, ნერვები და უკეთეს სპურსში დაბრუნდა. იმ სან ანტონიოში მივიდა ლაწირაკი, რომელიც მშვიდად აგვარებდა ყველაფერს და დევიდზე მთქმელი იყო. სან ანტონიომ ტიმ დანკანი მიიღო. დევიდ რობინსონს მეორედ გაუმართლა. 
რობინსონი დრაფტის პირველი ნომერია. მიდის მტვრიან პროვინციაში, სადაც ბავშვების მომვლელს და ფუნთუშების გამყიდველს იარაღის ტარების უფლება აქვთ. მიდის შტატში, სადაც ჰაკიმ ოლაჯოუნია. მიდის გუნდში, რომელსაც სულ ვიღაც აკომპლექსებს. სან ანტონიო ადმირალის გუნდი გახდა. ადმირალი სპურსია. გუნდი დანკანამდე ვერაფერს ვერ იგებს. 
ადმირალი რბილი პერსონაა. არ აგვიანებს ოჯახში, აგროვებს ფულს სან ანტონიოში სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის, ეხმარება უნარშეზღუდულ ბავშვებს და ევროპაში მასტერკლასებს ატარებს. რობინსონი იგებს რეგულარულს, ბევრს ტესტს, რეგულარულში ოლაჯოუნზე მთქმელია და ფლეი-ოფში ჰაკიმი ჩანს. ბევრი წლის წინ, სან ანტონიომ რეგულარული მოიგო (62:20), ადმირალი პირველი კაცი გახდა და დასავლეთის ფინალში სპურსი როკეტსზე გავიდა. რობინსონის ბანდაში ეივერი ჯონსონი, ვინი დელ ნეგრო, შონ ელიოტი და დენის როდმანი დგანან. ოლაჯოუნმა კენი სმიტი და ბობი ორი დაქოქა. დრექსლერმა ჰაკიმი დაასვენა და ადმირალი უკვე რიგითი რობინსონია. ჰიუსტონი იგებს სერიას და მერე კიდევ ერთ სერიას. დევიდმა წააგო. როგორც ყოველთვის. იმ სერიიდან მხოლოდ ოლაჯოუნის ჰუკებს და ბევრ ქულას გაიხსენებენ. ადმირალი ისტორიაა. 
და ადმირალი ისტორიას ქმნიდა. 71 ქულა კლიპერსთან. ერთ ტესტში რობინსონი ჯორდანზე მეტს იღებს. ეს ცოტას, თითქმის არავის ახსოვს. (ერთ ტესტში საშუალოდ) დაფარებებში დევიდი ისტორიაში მეოთხეა. და მესვეტეები ზო მურნინგის და დიკემბე მუტომბოს დაცვას უფრო გაიხსენებენ, ვიდრე დევიდის ინტელექტს. მურნინგი აგრესიით აფარებდა. რობინსონის დაცვა ბალეტი იყო. 
დევიდი აკეთებს ოთხმაგ დუბლს. 1994.02.17 – დეტროიტთან 34 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი და 10 დაფარება. დევიდის შემდეგ NBA ოთხმაგი დუბლის გარეშე იზრდება. ლებრონის უემოციო და ფიზიკურად განვითარებულ კალათბურთს უფრო მოაქვს, ვიდრე ადმირალის შედევრს. 
დევიდს გაუმართლა, რომ ტიმ დანკანი სან ანტონიოში მივიდა. 
ტიმის გაუმართლა, რომ დევიდთან ერთად გაიზარდა. 
კალათბურთს გაუმართლა, რომ დევიდ რობინსონი კალათბურთელი გახდა. 
ამ სიაში მესამეც გვყავს. ის მესამე პირველია. ჯორდანი კალათბურთია, მეჯიქი ჯონსონია, უილტი ასქულიანია, რასელი სელტიქსია. 
ლარი ბერდი ლეგენდაა. მხოლოდ ლეგენდა. 
AND WE LOVE THIS GAME! ლარის გამო და ლარისთან ერთად. 

კომენტარები