ეგვიპტური კულტურა

ეგვიპტის კულტურა საქართველოში

2010 წელს ეგვიპტეში საქართველოს კულტურის დღეები მოეწყო, ერთი წლის შემდეგ კი, 2011 წლის 1–2 ნოემბერს, ეგვიპტის კულტურის დღეებს უკვე საქართველომ უმასპინძლა.

უძველესი ერის წარმომადგენელთა ღონისძიებების შესახებ ოფიციალურად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ორგანიზებული პრესკონფენერციიდან შევიტყვეთ. ეგვიპტიდან ჩამოსულ დელეგაციაში შედიოდნენ: ეგვიპტის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ჰოსამ საად ზაღლულ ნასარი, საერთაშორისო ფესტივალებისა და პროგრამების გენერალური დირექტორი ამირ ნაბეჰ თადრისი, კულტურული დოკუმენტაციის დირექტორი ადელ ფარაგ აჰმედი და სხვები.

ქართველების კულტურული პროგრამა, ძირითადად, ანსამბლ „რუსთავისა“ და საბალეტო დასის კონცერტებისგან შედგებოდა. რა შემოგვთავაზეს ეგვიპტელებმა? შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში მოწყობილი ექსპოზიცია, სახელწოდებით „ლამაზი ეგვიპტე“, სადაც ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ასაკის ეგვიპტელებმა აღბეჭდეს ყველაფერი, რაც ეამაყებათ: ღირშესანიშნაობები, კულტურული ძეგლები, რითაც ასიათასობით ტურისტს იზიდავენ, ქალაქების ხედები, პეიზაჟები და ა.შ.

ფოტოგამოფენის პარალელურად, ეგვიპტის კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა ქაიროს საბალეტო დასის წარმოდგენები, რომელსაც 1–2 ნოემბერს, 20:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრმა უმასპინძლა. საღამოს დაწყებას მაყურებელი დიდხანს და მოთმინებით ელოდა. გახსნა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ იყო სათანადოდ ორგანიზებული და ექსპრომტად მოწყობილის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი სცენაზე ქურთუკით „აღმოჩნდა“, ხოლო ეგვიპტის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის ჰოსამ საად ზაღლულ ნასარის მიერ წარმოთქმული მისასალმებელი სიტყვის თარგმნას თავი ორმა თარჯიმანმა ძლივს გაართვა. საბოლოოდ, წარმოდგენის დაწყება, შემდეგ კი დამთავრება იმდენად გაიწელა და დაგვიანდა, რომ მაყურებელმა პირველი დადგმის დასრულების შემდეგ ჩათვალა, რომ ამაზე მეტს აღარ შესთავაზებდნენ და გასასვლელისკენ გაემართა. მათ ტალღას, ინერციით, მეც გავყევი და მოგვიანებით შევიტყვე, რომ ქაიროს ოპერის საბალეტო წარმოდგენები განახევრებულ და თვალშისაცემად დაცარიელებულ დარბაზში გაგრძელდა.

 საღამოს I ნაწილი დაეთმო  ბალეტს, სახელწოდებით „მალგრე ტოუტ“, რომლის ქორეოგრაფიაც რენატო გრეკოს ეკუთვნის, ხოლო მუსიკა – ვიტორიო ნოჩენცის, ანტონიო სკარლატის, II ნაწილი კი, ცნობილი ფრანგი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის – მორის ბეჟარის მიერ 1990 წელს დადგმულ „პირამიდას“ დაეთმო. დასკვნით ნაწილში მოცეკვავეებმა ეგვიპტური ტრადიციული ცეკვები შემოგვთავაზეს.

პირველი ნაწილიდან მოწონება დუეტებმა დაიმსახურა. დასის ფიზიკურ მომზადებასა და ტექნიკას აღფრთოვანება არ გამოუწვევია, რამდენადაც მოცეკვავეთა მასიურ და მძიმე სხეულებს ოდნავ რთული ილეთების, სცენების შესრულება დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდათ, წონასწორობის შენარჩუნებაც უჭირდათ და ხარვეზებიც ყველას მოხვდებოდა თვალში. მთავარი აქცენტი ოთხ სოლისტზე, სხვადასხვა ასაკის ორ ქალსა და ორ მამაკაცზე იყო გადატანილი. აპლოდისმენტებიც დასმა მათი წყალობით „მოიპოვა“. თბილისში მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩამოსული თურქეთის საბალეტო დასის არ იყოს, ქაიროს შემთხვევაშიც დარღვეული იყო მოცეკვავეთა წონასთან დაკავშირებული სტანდარტი, რაც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მოცეკვავემ ნებისმიერი სირთულის ამოცანა უფრო ადვილად და ოსტატურად დაძლიოს, ზედმეტმა წონამ ხელი არ შეუშალოს და მსუბუქი სხეული მაყურებლისთვის ესთეტიური სიამოვნების მინიჭებაშიც დაეხმაროს.

ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საპატიო დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოში ეგვიპტის კულტურის დღეების მოწყობა მნიშვნელოვანი მოვლენა და ორ ქვეყანას შორის ორთიერთობის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა. 

კომენტარები