NATO და საქართველო

რასმუსენი: ძნელი სათქმელია რა მოხდება ჩიკაგოს სამიტზე

დღესდღეობით ძნელია იმის თქმა, რა მოხდება ჩიკაგოს სამიტზე, თუმცა, სავარაუდოდ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,  - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივებზე საუბრისას. რასმუსენის თქმით, სამიტისთვის მზადება უკვე დაწყებულია, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და აპრილში გამართული  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ამ პროცესის  ნაწილია. „სამი წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე, ნატო-მ  მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ წევრობისთვის აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება“,  -აღნიშნა რასმუსენმა.   ნატოს გენერალური მდივნის აზრით , ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეთ ალიანსთან ერთობლივად მოქმედების შესაძლებლობა და ამ მხრივ საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ქვეყანამ, რომელსაც წევრობა სურს, უნდა დააკმაყოფილოს დემოკრატიის საერთო პრინციპები, მათ შორის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. 

საქართველოში ვიზიტზე საუბრისას გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნისას აპირებს მადლობა გადაუხადოს საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას რეფორმებში მიღწეული პროგრესის გამო, არა  მხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში. ეს ყოველივე მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში“,  - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ალიანსის  გენერალურ მდივანი ნატო-ს წევრ 28 სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად თბილისს 9-10 ნოემბერს ეწვევა. 

კომენტარები