ქართული ფოლკლორი

ქართული ხალხური სიმღერა ბრიტანეთში

სოციალურ ქსელში ატვირთული ქართული კულტურა

წელს დაარსებული ანსამბლი „შავნაბადა“, რომელიც „მართვისა“ და „ბიჭების“ 12 სოლისტით არის დაკომპლექტებული, ახლახანს ჩამოვიდა დიდი ბრიტანეთიდან, სადაც ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქში, კონცერტებს, მასტერკლასებსა და ვორქშოფებს მართავდა. აღნიშნული პროექტი ავიაკომპანია „ბიემაისა“ და ფონდ „ლამაზი მუსიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

დავით ცინცაძე, ანსამბლის ხელმძღვანელი  : – 2009 წელს „შავნაბადა“ ფესტივალ „ჩვენებურებში“ მონაწილეობდა. ღონისძიება, რომელიც გიული ალასანიას ხელშეწყობით იმართება, ქართული კულტურის საზღვარგარეთ გატანას ისახავს მიზნად. ჩვენც დავყვებოდით ფესტივალს და არაერთი ქვეყანა მოვიარეთ. „შავნაბადას“ ლიცაში გამოსვლის დროს, იქ დაგვხვდა ქართული ანსამბლი „სამზეო“, რომელიც ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი ინგლისელებით იყო დაკომპლექტებული. „სამზეოს“ კოორდინატორი იყო სარა კობამა, რომელმაც „შავნაბადასთან“ თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა. მან შემოგვთავაზა ჩავსულიყავით ინგლისში და ქართული ფოლკლორი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო. ქართული კულტურის გაცვლითი პროგრამის ასამოქმედებლად შევარჩიეთ ჩრდილოეთ ინგლისში მდებარე იორკშირის საგრაფო, რომლის მოსახლეობაც, ლონდონისგან განსხვავებით, ხშირად არ იცვლება და ამ თვალსაზრისით უფრო სტაბილური მდგომარეობაა. ამასთან, გამოირჩევა სტუდენტობის სიმრავლით. ჩვენი ჩასვლითა და ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება, მაგალითად: „ბიბისი“, რომელიც „შავნაბადას“ გადასაღებად საქართველოშიც ჩამოვა. საბოლოოდ, ტურნირის ფარგლებში სულ 9 კონცერტი გაიმართა. ანსამბლის სამი წევრი ერთი თვით ადრე ჩავიდა ინგლისში, რათა ყველაფერი წინასწარ მოეგვარებინა. 4 ძალიან დიდ კონცერტს უმასპინძლა იორკშირის მთავარმა საკათედრო ტაძარმა, ასევე, სამინისტრო ტაძარმა - როგორც მას თავად ინგლისელები უწოდებენ, სადაც „შავნაბადას“ გამოსვლას, რიგითი მსმენელის გარდა, ქალაქის მერი და არაერთი ლორდიც ესწრებოდა. წარმატებული გასტროლებით განებივრებულნი ვართ, მაგრამ ასეთი ოვაციები და გამოხმაურება, მართლაც, დაუვიწყარია. ამის გარდა, აღსანიშნავია ლონდონში ლოას უნივერსიტეტში ორგანიზებული სტუდენტური ფესტივალი, რომელშიც, იმის გამო, რომ ჩვენი ასაკიც სტუდენტურია,  სიამოვნებით ჩავერთეთ. აქაც ჩვენმა გამოსვლამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

რამდენად პროდუქტიული აღმოჩნდა მასტერკლასები?

– სალექციო ფორმატში ვატარებდით ქართული ხალხური სიმღერისა და მუზიცირების გაკვეთილებს ოქსფორდის, შეფილდის, ბრეტფორდის, ნიუკასლის უნივერსიტეტებში. აუდიტორია მხოლოდ სტუდენტებისგან კი არ შედგებოდა, არამედ 4 საშუალო სკოლისა და სხვადასხვა ტაძრების პროფესიონალთა გუნდების წარმომადგენლებიც გვესწრებოდნენ. ამათგან, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეფილდში ჩატარებულმა მასტერკლასმა, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, დარბაზში 120 ადამიანი იჯდა. ისინი ძალიან დიდი ყურადღებით გვისმენდნენ, რაღაცეებს ინიშნავდნენ და იმდენად მაღალპროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ, რომ ყველაფერი მარტივად და ზუსტად გაიგეს.

ინგლისში გამართული კონცერტების გარდა, ვიცით, რომ ზაფხულში, ბანკ „კონსტანტასთან“ ერთად დაიწყეთ მუშაობა პროექტზე, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook–ზე ქართულ ტრადიციებთან და კულტურასთან დაკავშირებულ  თემებზე დოკუმენტური ფილმების გადაღებასა და ატვირთვას გულისხმობს. კონკრეტულად რას გვთავაზობს?

აღნიშნულ პროექტში მთელი ანსამბლია ჩართული. ჩვენთან ერთად მუშაობს ოპერატორები, ძალიან გვეხმარებიან ლევან ლომაშვილი, ანა კალანდაძე, რომელიც ჟურნალისტიც არის და ტექსტის რედაქტირებაც მას ეხება. უკვე დავამთავრეთ მეცხრე ფილმზე მუშაობა, რომელიც იუნესკოს მიერ ქართული ქართული სიმღერის მსოფლიო პოლიფონიის შედევრად აღიარებას უკავშირდება. მაყურებელს უკვე შეუძლია ნახოს ბანკ „კონსტანტას“ გვერდზე ატვირთული ფილმები. სულ 16 ფილმი გვაქვს ჩაფიქრებული და მსმენელის დაინტერესებით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, საინტერესო და საჭირო პროექტი გამოვიდა.     

ანსამბლის სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მომღერლები მათ ახალ სტუდიაში, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა, ჩაწერენ ორ ახალ ალბომს, რომელთაგან ერთი მთლიანად საგალობლებს დაეთმობა.  „ყველა ანსამბლისთვის და ქართული ტრადიციული საქმის გამკეთებლებისთვის ჩვენი სტუდია დაუშვებს შეღავათებს და მხარში თითოეულს ამოუდგება“, – გვითხრა ბოლოს დავით ცინცაძემ.

 

კომენტარები