მცხეთის ჯვრის ხუთწლიანი კვლევითი სამუშაოები დასრულებულია

მცხეთის ჯვრის ხუთწლიანი კვლევითი სამუშაოები, რომელიც დახურულ ხარაჩოში მიმდინარეობდა დასრულებულია.

 როგორც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ მცხეთის ჯვრის რელიეფების გადარჩენის მეთოდოლოგიაზე კულტურული მემკვიდრეობის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაცია “იკრომის” ქვის კონსერვაციის ექსპერტი საიმონ ვარაკი 6 წელია მუშაობს და უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ძეგლზე მიმდინარე ფიზიკურ სამუშაოებს თავად ხელმძღვანელობს.

 მათი ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ერთ-ერთი მწვავე პრობლემა დაძლეულია, განადგურებას გადაურჩა აღმოსავლეთ ფასადის ცენტრალურ და გვერდით წახნაგებზე განთავსებული რელიეფები, რომელზეც მცხეთის ჯვრის ამშენებლები, ერისთავები – სტეფანოზ ქართლის პატრიკიოსი, ადარნერსე ვიპატოსი და დემეტრე ვიპატოსია გამოსახული.

 მცხეთის ჯვრის რელიეფები ქრისტიანული სამყაროს საფასადე ხელოვნების ერთ-ერთი ადრეული ნიმუშებია და 586-604 წწ. თარიღდება.

 2010 წელს საქართველოში იუნესკოს, იკრომისა და იკომოსის ერთობლივი მისიის ფარგლებში ჩამოსულმა დელეგაციამ მიიჩნია, რომ მცხეთის ჯვრის რელიეფების ფიზიკური კონსერვაცია გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა.
მცხეთის ჯვრის რელიეფების გადარჩენის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და მეთოდოლოგიური ზედამხედველობით ხორციელდება. სპეციალისტების აზრით მცხეთის ჯვარზე დამონატაჟებული ხარაჩო, რომელიც წლების წინ ძეგლის კვლევის მიზნით დაიდგა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მოიხსნება, როდესაც კონსერვირებული ქვის საბოლოო ანალიზი გაკეთდება.

კომენტარები