ბიზნეს-გარემოს რეიტინგი

ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს ადგილი სტაბილურად უმჯობესდება

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა  2011 წლის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2011 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო 134 ქვეყანას შორის 50-ე, ევროპის 40 სახელმწიფოს შორის კი – 29-ე ადგილზეა. 

2009-2010 წლებთან შედარებით, საქართველო რეიტინგში საშუალოდ 8.3 ადგილით დაწინაურდა. გასულ წელს, ამავე კვლევის მიხედვით, 128 ქვეყანას შორის 61-ე, ხოლო 2009 წელს 127 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზე იყო. თავის უშუალო მეზობელ ქვეყნებს – სომხეთს (89-ე ადგილი), აზერბაიჯანს (78-ე ადგილი), რუსეთს (102-ე ადგილი) და თურქეთს (54-ე ადგილი) – საშუალოდ 24.6 ადგილით უსწრებს. 

Forbes-ი ბიზნესისათვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგს 2006 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. 2011 წლის კვლევა 134 ქვეყანას 11 კომპონენტის – ვაჭრობის, მონეტარული და ინდივიდუალური თავისუფლება, საკუთრების დაცვა, ინოვაცია, ტექნოლოგია, რეგულირების ტვირთი, ინვესტორთა დაცულობა, კორუფციასთან ბრძოლა, საგადასახადო ტვირთი და ბაზარზე საქმიანობა – მიხედვით აფასებს. 

2011 წელს, ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში, საქართველოს ძლიერი მხარეებია: მონეტარული თავისუფლება, ინვესტორთა დაცვა და პირადი თავისუფლება. სუსტი მხარეებია: ინოვაცია, კორუფციასთან ბრძოლა და რეგულირების ტვირთი. 2010 წლიდან დღემდე, რეიტინგში ქვეყანას ყველაზე მაღალი – მე-5 ადგილი ვაჭრობის თავისუფლების მიხედვით აქვს. ყველა უშუალო მეზობელ სახელმწიფოს, საქართველო ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტის მიხედვით, საშუალოდ 52.4 ადგილით უსწრებს.  

კომპონენტების შეფასებისას Forbes-ი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, Freedom House-ის, Heritage Foundation-ის, Property Rights Alliance-ის, Transparency International-ის, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებულ და გამოქვეყნებულ კვლევებსა და ანგარიშებს ეყრდნობა.

Forbes-ის მიხედვით, ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების 2011 წლის რეიტინგის ლიდერია კანადა. იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის 10 კომპონენტიც კვლევით განსაზღვრული თერთმეტიდან, რეიტინგის ოცეულში შედის. აქედან, ინვესტორთა დაცვისა და რეგულირების დაბალი ტვირთის მიხედვით, კანადის მაჩვენებლები საუკეთესო ხუთეულშია. 

ევროპის 40 ქვეყნიდან, რეიტინგის პირველ 50-ეულში, საქართველოს ჩათვლით, 29 ქვეყანა შედის. აქედან, ევროპის ორი ქვეყანა – ირლანდია (მე-4 ადგილი) და დანია (მე-5 ადგილი) – საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. 
აშშ მეათე ადგილს იკავებს. 2009-2010 წლებთან შედარებით, ამერიკის ადგილი რეიტინგში, საშუალოდ, 3 ადგილით გაუარესდა. მთავარი მიზეზი ბოლო დროს მკვეთრად გაზრდილი საგადასახადო ტვირთია. ამ კომპონენტის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა წლევანდელ რეიტინგში იაპონიაც უკან ჩამოიტოვა და განვითარებულ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. შეერთებული შტატების რეიტინგი დაბალი მონეტარული თავისუფლების გამოც ზარალდება – ამერიკა 134 ქვეყანას შორის 50-ე ადგილზეა.

კვლევის მიხედვით რეიტინგის ბოლო ხუთეულში მოხვდნენ; ვენესუელა (130-ე ადგილი), ანგოლა (131-ე ადგილი), ბურუნდი (132), ზიმბაბვე (133) და ჩადი (134). 

კომენტარები