Family guy და Futurama ის ამერიკული სიტკომებია, რომლებიც მილიონობით ადამიანს დღემდე აცინებს. The Simpsons კი ცალკე ბიბლიაა, სახელმძღვანელო – თუ როგორ უნდა იქმნებოდეს შოუ, რომელიც არასოდეს დაბერდება, მუდამ ახალი და ორიგინალური იქნება. ეს შოუ ამერიკისთვის უფრო დიდია, ვიდრე ტომი და ჯერის ისტორია ან მიკი მაუსი მთელი თავისი მეგობრებით. ამ ანიმაციურ სერიალებთან ერთად არსებობს კიდევ ერთი, გამორჩეული და ალბათ ყველაზე ორიგინალური ქმნილება, რომელიც 1997 წლიდან გადის Comedy Central-ზე და South Park-ი ჰქვია.
სამხრეთის პარკი გამოგონილი ადგილია, გამოგონილი პერსონაჟებით. ეს სამყარო ორი ადამიანის, მეტ სტოუნის და ტრეი პარკერის, იდეებსა და ფანტაზიებს აცოცხლებს. სტოუნი და პარკერი კოლორადოს უნივერსიტეტში დამეგობრდნენ, სადაც მოიგონეს ახალი შოუს იდეა – ანიმაციური ფილმი, რომელიც უფროსი ასაკის აუდიტორიაზე იქნებოდა გათვლილი. Comedy Central-ში პროექტი მოეწონათ და 1997 წელს იდეის ავტორებს ერთი სეზონის გადაღების უფლება მისცეს. დღეს South Park-ი Comedy Central-ის ყველა დროის ყველაზე რეიტინგული გადაცემაა. 15 სეზონია, პარკერი და სტოუნი შავი იუმორით, უხამსი ხუმრობებით, აქტუალური თემების ირონიული გადმოცემით, ცნობილი პიროვნებების, პერსონაჟების გაშარჟებით, სულ მცირე, 22 წუთის განმავლობაში მაყურებლის გაცინებას ახერხებენ. მათ ამაში ოთხი უმთავრესი ქმნილება, მეოთხეკლასელი ბავშვები – კაილი, კენი, სტენი და ერიკი – ეხმარება.
კენი მაკორმიკი ყველაზე “იდუმალი” და შემქმნელების საყვარელი პერსონაჟია. კენი “რუმინელებზე უფრო ღარიბია”, ალკოჰოლიკ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, პირველი ექვსი სეზონის მანძილზე თითქმის ყველა ეპიზოდში კვდებოდა. მიუხედავად ასეთი მძიმე ყოფისა, ის მეგობრებში ყველაზე უდარდელი და ხალისიანი პერსონაჟია. სტენ მარში ყველაზე ხშირად იღებს გუნდის ლიდერობას თავის თავზე. ის მეგობრებში ერთადერთია, რომელსაც შეყვარებული ჰყავს. სტენი ყველაზე მეტ კითხვას სვამს და ყველაზე ნაკლებად ჰგავს მეოთხეკლასელს. ის კაილ ბრაფლოვსკისთან მეგობრობს. კაილი ებრაელი ბიჭია, რომელსაც სტერეოტიპული მამა ჰყავს, რომელიც მხოლოდ ფულზე ფიქრობს. დედა კი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტივისტს მოგაგონებთ. ბრაფლოვსკების ოჯახში კიდევ ერთი ბავშვია – აიკი, რომელიც მშობლებმა კანადიდან იშვილეს. კანადა კი ამ სერიალში დაახლოებით იგივეა, რაც „ბორატში” ყაზახეთი. ებრაელობა, კანადელი ძმის ყოლა და ისევ ებრაელობა – ეს სრულიად საკმარისია, ერიკ კარტმენს სალაპარაკო რომ არ გამოელიოს. ეს ბიჭი ერთდროულად კაილის, კენისა და სტენის მეგობარი და მტერია. ერიკი შოუს მთავარი მშვენებაა, ის პოლ პოტზე უარესი ბოროტებაა, ადოლფ ჰიტლერზე უფრო დიდი ფაშისტი და ბრუტუსზე საშინელი მოღალატე. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, წარმოუდგენელია მის მიმართ სიმპათიით არ განიმსჭვალოთ. შურიანია, ვერ იტანს ჰიპებს და ებრაელებს და ჰგონია, რომ ჰერმაფროდიტმა დედამ თავისი თავის განაყოფიერების შედეგად გააჩინა.
South Park-ში იესო ქრისტეს თავისი სატელევიზიო შოუ აქვს. სატანა ჰომოსექსუალია, რომელსაც ოდესღაც სადამ ჰუსეინთან ჰქონდა რომანი. ბუდა და მუჰამედი იესოს ახლო მეგობრები არიან. ასეთი სითამამის გამო სტოუნი და პარკერი არაერთხელ გამხდარან კრიტიკისა და მუქარის ობიექტები. უკანასკნელი და ყველაზე საინტერესო ინციდენტი 2010 წელს, საიუბილეო მეორასე სერიას მოჰყვა, სადაც მუჰამედი უნდა გამოჩენილიყო. ეპიზოდის გამოსვლამდე მუსლიმურმა დაჯგუფებამ, სახელწოდებით Revolution Muslim, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მულტფილმის შემქმნელებს აფრთხილებდნენ, რომ თუ მუჰამედის სახეს გამოაჩენდნენ, იგივე ბედი ეწეოდათ, რაც თეო ვან გოგს. ეს რეჟისორი მას მერე მოკლეს, რაც ისლამურ საზოგადოებაში ქალებისადმი საშინელ მოპყრობაზე ფილმი გადაიღო.
მიუხედავად უამრავი პრობლემისა, სასამართლო სარჩელებისა და მუქარისა, მეტ სტოუნი და ტრეი პარკერი სერიალზე მუშაობას აგრძელებენ. მათ, კონტრაქტის მიხედვით, სულ მცირე, კიდევ 2 სეზონი უნდა გადაიღონ. ნახატი ფილმების სამყაროში არსებობენ დისნეისა და პიქსარის პერსონაჟები, ბენდერი, სტიუი გრიფინი, ჰომერ და ბარტ სიმფსონები, მათ გვერდით კი კიდევ 4 პატარა ბიჭია, ვინც ყოველი სერიით ახალ „გაკვეთილს” უტარებს მაყურებელს. ერიკი, კენი, კაილი და სტენი, განახლებული სეზონით, ტელეეკრანებზე 5 ოქტომბერს დაბრუნდნენ.





