როკ-კონცერტები თბილისში

5 ნოემბერს თბილისში კენ ჰენსლის კონცერტი გაიმართება

როგორც უკვე ცნობილია თბილისში სტივ უელტმანი, როკ-მუსიკის ბრიტანელი მენეჯერი და პროდიუსერი იმყოფება. იგი საპრომოუტერო კომპანია „ლოკომოტივ პრომოუშენის“ მოწვევით სტუმრობს საქართველოს. 

უელტმანი თბილისს ხვალ დატოვებს, მანამდე კი საპრომოუტერო კომპანიამ სტუმართან ერთად საზოგადოებას სამომავლო გეგმები გაუმხილა.

5 ნოემბერს თბილისში კენ ჰენსლის კონცერტი გაიმართება, ჰენსლი 70-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკ-მუსიკოსია, იგი Uriah Heep-ის ყველაზე მნიშვნელოვან კომპოზიტორად ითვლება, მის სახელთან არის დაკავშირებული ჯგუფის ოქროს პერიოდის ყველა ცნობილი ჰიტი.

კენ ჰენსლი საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა, თბილისის გარდა მისი კონცერტები გერმანიის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ჩეხეთის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება.

სტივ უეალტმანი და „ლოკომოტივ პრომოუშენი“ მომავალ წელს საქართველოში გრანდიოზული როკ-ფესტივალის ჩატარებას გეგმავენ. პრესს-კონფერენციაზე საპრომოუტერო კომპანიამ განაცხადა, რომ ფესტივალი თბილისში არ გაიმართება, ადგილი უკვე მონიშნულია, მაგრამ ჯერ არ ხმაურდება.

სტივ უელტმანი: „აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი, რამდენიმე დღეა აქ ვიმყოფები და უამრავი ადგილი ვნახე, მაგრამ სად ჩავატარებთ ფესტივალს არ გაგიმხელთ, გეტყვით მხოლოდ იმას რომ, ეს იქნება საქართველო და ამ ფესტივალის შემდეგ როკ-ფესტივალების რუკაზე საქართველო საპატიო ადგილს დაიკავებს“.

კომენტარები