ქართული ოპოზიცია

ოპოზიციური „ექვსიანი“ დაიშალა

კოალიცია „თავისუფალმა არჩევანმა“ არსებობა შეწყვიტა. ოპოზიციურ "ექვსიანში" შემავალი პარტიების უმრავლესობამ ამაში  "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი" დაადანაშაულა.  "კონსერვატიულმა პარტიამ", "რესპუბლიკურმა პარტიამ", "საქართველოს გზამ" და "ხალხის პარტიამ"  ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და  პარტნიორები კოალიციის დაშლაში დაადანაშაულეს.

ოპოზიციურ ”ექვსიანამდე” იყო ”რვიანი”  . ის  ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა   და მას შედეგ დაიშალა, რაც მასში შემავალმა ექვსმა ორგანიზაციამ უარი თქვა საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით  მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაზე. „რვიანის“ წევრებიდან დოკუმენტს ხელი მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატებმა და ახალმა მემარჯვენებმა მოაწერეს. 

”რვიანიდან” დარჩენილმა „ექვსიანმა“ პოლიტიკური ბლოკის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზნადაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლა და ხელისუფლების არჩევნების გზით დამარცხება გამოცხადდა. თუმცა, როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ეროვნულმა ფორუმმა" სხვადასხვა მიზეზის გამო, სადამფუძნებლო შეთანხმების შესრულებაზე უარს  თქვეს  და  გაურკვეველი მიზეზებით   დაგეგმილი და გამოცხადებული კოალიციური ინტეგრაციის გადადება  მოითხოვეს. საბოლოოდ, ორმა ორგანიზაციამ  უარი განაცხადა „ექვსიანის“ საერთო გეგმებში მონაწილეობაზე, შესაბამისად, კოალიცია "თავისუფალი არჩევანისთვის" აღარ ფუნქციონირებს. „ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ სწორი პოლიტიკური პროექტის შესაქმნელად, ასამოქმედებლად და შესანარჩუნებლად და ვწუხვართ მისი ამგვარი დასასრულის გამო. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ გეგმებს, ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ ინდივიდუალურ რეჟიმში", - ნათქვამია  გავრცელებულ  განცხადებაში.

როგორც, თავის მხრივ, თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, "ექვსიანის" დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეგიონებში გასვლაზე შეუთანხმებლობა გახდა.  „მე დავუძახე ჩვენს პარტნიორებს, შევაფასეთ რეალურად შექმნილი ვითარება , შედეგად პირადად  მე  მივიღე გადაწყვეტილება, რომ "ექვსიანის" ასეთი ფორმით გაგრძელებას აზრი აღარ აქვს", - განაცხადა ალასანიამ.

 

კომენტარები