მაჟორიტარული არჩევნები

თელავში ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა

თელავის ოლქში გამართულ შუალედურ მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა ვასილ დავითაშვილმა, რომელიც კენჭისყრამდე თელავის გამგებელი იყო, ხმების 84.3% მიიღო. ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა ნიკოლოზ ლაშხმა ხმების 10.9% მიიღო,  მრეწველთა კანდიდატმა ვასილ არაბულმა -  4.7%.

54 საარჩევნო უბნიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმების თანახმად, თელავის ოლქში დარეგისტრირებული 57 ათასი  ამომრჩევლიდან ხმა  35.7%–მა მისცა.

თელავში გამართული შუალედური არჩევნების წინასწარი შეფასება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოებამ” მოამზადეს.

მათი ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობის დროს დღის განმავლობაში ხარვეზები ძირითადად ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალის 37, 38, 39 და 54-ე საარჩევნო უბნებზე შეიმჩნეოდა, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა ქართულ ენაზე დაბეჭდილი ბიულეტენების მეშვეობით ხმის დამოუკიდებლად მიცემას. “საიას” ინფორმაციით იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უბანზე მისული ამომრჩევლები ერთმანეთს მიუთითებდნენ, რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის მიეცათ ხმა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, 52-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სხვის ნაცვლად ხმის მიცემის მცდელობა, რომელიც გამოსწორებული იქნა ორგანიზაციების ჩარევის შედეგად.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხარვეზებად მიიჩნიეს საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” აგიტატორების მხრიდან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები  და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებად  საჯარო მოხელეების აკრედიტაცია.

დამკვირვებლებმა  კიდევ ერთი დარღვევის ფაქტი გამოავლინეს : 42-ე უბანზე  ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის უბანი არ იყო მოწყობილი, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ხმის მიცემის დროს პრობლემები შეექმნა.

 

კომენტარები