მსოფლიო მოდა

ჰუგო ბოსი პატიებას ითხოვს თავისი ნაცისტური წარსულისთვის

ჰუგო ბოსის მოდის სახლმა  ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თავის ქარხანაში მონურ შრომას იყენებდა. ამის მიზეზი კი ჰუგო ბოსის შესახებ დაწერილი წიგნი გახდა, რომლის გამოცემა და შესაბამისად, ისტორიული კვლევაც თავად მოდის სახლმა დააფინანსა.  

‘Hugo Boss, 1924-1945’ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ეკონომიკური ისტორიის გერმანელ სპეციალისტს, რომან კიოსტერს ეკუთვნის. მისი ცნობების მიხედვით, ჰუგო ბოსი ჰიტლერის პირადი მკერავი იყო და თავის ქარხანაში ნაცისტური პარტიის წევრებისთვის ფორმებს კერავდა. თავად დიზაინერი თავის გასამართლებლად ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ასე კომპანიის გადასარჩენად მოიქცა.
 
წიგნის ავტორი წერს, რომ ნაცისტების მხარდაჭერით ჰუგო ბოსის კომპანიამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღო. 1940 წლის აპრილიდან ბოსი 140 პოლონელ მუშას და 40 ფრანგ სამხედრო ტყვეს იძულებით ამუშავებდა. კიოსტერი, რომელმაც შეისწავლა მათი მდგომარეობა, წერს, რომ ტყვეებს მძიმე პირობებში უწევდათ ყოფნა. ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჰუგო ბოსი ცდილობდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას და უკეთესი საკვებით უზრუნველყოფას.
 
კიოსტერი აცხადებს, რომ მართალია კომპანიამ ეს კვლევა დააფინანსა, არავის უცდია მასზე გავლენის მოხდენა. კომპანიის მფლობელები აცხადებენ, რომ მათი მიზანი იყო ამ ისტორიას საბოლოოს მოფენოდა ნათელი. მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს სინანული მათ გამო, ვისაც მძიმე შრომა უწევდა ბოსის ქარხანაში ნაცისტური რეჟიმის დროს. აღსანიშნავია, რომ ომის შემდეგ ჰუგო ბოსი გაასამართლეს ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობის გამო, რისთვისაც მას დიდი ჯარიმის გადახდა მოუწია.

 

კომენტარები