ამაოების ბაზარი

ყოველი წლის შემოდგომაზე, გაერო მსოფლიო ლიდერებს კრებს. ორგანიზაცია მათ თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობის საშუალებას აძლევს. უმეტესწილად, ეს უბრალოდ უქმ მჭევრმეტყველებაში ვარჯიშად რჩება.

გაეროს ხშირად საყვედურობენ, რომ მასზე დაკისრებული ძირითადი მისიის შესრულებას ვერ უზრუნველყოფს – ვერ იცავს საერთაშორისო მშვიდობასა და ადამიანის უფლებებს. საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს ამ ორგანიზაციის ყველა სისუსტე და ნაკლოვანება.

2008 წლის აგვისტოს ომამდე, საქართველო გაეროსგან აქტიურად მოითხოვდა არაეფექტური სამშვიდობო პროცესის სრულმასშტაბიან გადახედვას. გაეროს პასუხი შეუსრულებლობისთვის განწირული დოკუმენტების წყება იყო.

მართალია, იყო ცალკეული მიღწევებიც. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეთნოწმენდის აღიარება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი შთამომავლობის დაბრუნების უფლების დადასტურებაა. თუმცა ერთია ქაღალდზე დაწერილი და მეორე – მისი რეალობაში განხორციელება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ამ ტრიბუნით უკვე მესამედ ისარგებლა. გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე გამოსვლისას, მან მსოფლიო ლიდერებს საქართველოს პრობლემები კიდევ ერთხელ შეახსენა და ასეთი შეკითხვა დასვა: „რა არის საერთაშორისო კანონმდებლობა, თუ მასში ზოგადსაკაცობრიო ნება, სიბრძნე და წესები არ აისახება?”.

გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესია

„იმისათვის, რომ სამყარო ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ, უნდა ავამოქმედოთ ყველა ის წესი, ქარტია, კანონი და პრინციპი, რომლებზეც შევთანხმდით” – განაცხადა სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან.

პრეზიდენტმა პარალელი გაავლო 11 სექტემბრის ტერაქტების მე-10 და საბჭოთა კავშირის დაშლის მე-20 წლისთავს შორის.

„ფრიდრიხ შელინგის სიტყვები რომ გამოვიყენოთ – „ზეციური მწვერვალი და ქვესკნელი” – აი, რადიკალური განსხვავება, რომელიც სიმბოლურად მიესადაგება ორ მნიშვნელოვან თარიღს, რომლებსაც წელს აღვნიშნავთ. ტერორიზმი ვერ დამარცხდება, ექსტრემიზმი ვერ აღმოიფხვრება, თუ თავისუფლება, დემოკრატია და განვითარება ყველასათვის ხელმისაწვდომი არ გახდება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან არაბული გაზაფხული ვარდების რევოლუციას შეადარა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს ქართული რეფორმების გამოცდილება შესთავაზა. იმავდროულად, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირისკენ მისწრაფება და განაცხადა: “მსურს ვუთხრა მათ, ვინც ევროკავშირის და NATO-ს გაფართოებას ჯერ კიდევ ისე უყურებს, როგორც მუქარას, რომ არ უნდა ეშინოდეთ დემოკრატი მეზობლების”.

5-დღიანი ომის შემდეგ

„ყველაფერი, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, რატომ ვიომეთ 2008-ში? თუ თქვენი არჩევანი დამოუკიდებლობაა, კიდევაც უნდა იბრძოლოთ მის შესანარჩუნებლად. საქართველოს ხელმძღვანელობისთვის მაშინ იყო ცხადი საომარი კამპანიისთვის რუსეთის მზადების შესახებ, როცა დასავლეთი თვალს ხუჭავდა აშკარა საშიშროებაზე”, – ეს სიტყვები აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თემურ იაკობაშვილმა ვაშინგტონში, მემკვიდრეობის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე წარმოთქვა. დისკუსიას „რუსეთ-საქართველოს ომის გაკვეთილები” ერქვა.

რა გაკვეთილი აღმოჩნდა დასავლეთისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი?

„თავდაპირველად ჩემი წიგნის სამუშაო სახელი იყო „პატარა ომი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო”, – ამბობდა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკელი ექსპერტი რონალდ ასმუსი და დასძენდა: „მერე გავაანალიზე, რომ ამ ომს მსოფლიო არ შეუცვლია. ამიტომ ვარჩიე „შეძრა მსოფლიო”. ამ ომმა შეარყია აზრი, რომ ევროპაში ომი შეუძლებელია. ვფიქრობ, ჩვენ მაინც არ გამოგვიტანია დასკვნები და მე გადავწყვიტე დიდი დისკუსიის პროვოცირება. დისკუსიისა ომზე, ევროპული უსაფრთხოების სისტემების მომავალზე, რუსეთის პოლიტიკაზე ევროპასთან დაკავშირებით”.

2008 წლის აგვისტოს 5-დღიანმა ომმა, მსოფლიო მართლაც ვერ შეცვალა. როგორც ასმუსი განმარტავდა, პირველი შოკის შემდეგ დასავლეთში ხალხმა მოისურვა ეს ომი ხალიჩის ქვეშ ამოედო და ჩვეულებრივი ცხოვრება გაეგრძელებინა.

ომიდან 3 წლის შემდეგ, თბილისი 30 კილომეტრის მოშორებით მყოფი მტრის სამიზნეშია მოქცეული. საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერაც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანას. პრეზიდენტი სააკაშვილი ამ საკითხის წამოსაჭრელად ყველა მნიშვნელოვანი ტრიბუნის გამოყენებას ცდილობს.

„დღესაც, როდესაც აქ ვსაუბრობ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით აქვს ოკუპირებული. საქართველოში 450 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი იმის გამო იტანჯება, რომ მათ საკუთარ სახლებსა და სოფლებში დაბრუნების უფლებას არღვევენ. საქართველომ მკაფიოდ თქვა უარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ძალის გამოყენებაზე და დღემდე ამაოდ ელის რუსეთის პასუხს ამ სამშვიდობო ჟესტზე”, – ამით საქართველოს ლიდერმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა მთავარი – რუსეთს, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.

კომენტარები