i-წიგნი

ადამიანებს სულ უფრო იშვიათად უწევთ წიგნების ფურცვლა, სანიშნეების გამოყენება და დასასვენებლად წასულებს, ჩანთაში რამდენიმე სქელტანიანი ან მომცრო წიგნისთვის ადგილის დათმობა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ კითხვა შეწყვიტეს. მიზეზი სხვაა: ნაბეჭდი წიგნი, არნახულად სწრაფად უთმობს ადგილს ციფრულს. მაგალითად, ტრანსპორტში უფრო და უფრო ჭირს გაარკვიოთ, თუ რას კითხულობს თქვენ გვერდით მჯდომი მგზავრი – მას Kindle უჭირავს, ამ უკანასკნელს კი არც ყდა აქვს, არც ფურცლები.

ეს ტენდენცია, სხვა შემთხვევების მსგავსად, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში იგრძნობა. ციფრულ კონკურენტთან ბრძოლა და დამარცხებაც – ჟურნალ-გაზეთებმა, 1990-იანი წლების ბოლოს და მუსიკალურმა ინდუსტრიამ, 2000-იანების დასაწყისში – უკვე გადაიტანეს. წიგნების ინდუსტრიაში ეს შედარებით გვიან, სამაგიეროდ, სწრაფად ხდება. უახლესი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ განვითარებული მსოფლიო წიგნების ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაშია.

მაგალითისთვის, აშშ-ის მოწინავე ბაზარზე, 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, ელექტრონული წიგნების გაყიდვა 164%-ით გაიზარდა. ამ წლისთვის ელექტრონულმა ვერსიებმა საერთო ბაზრის წილის 8.32% შეადგინა, როცა 2009 წელს ეს მაჩვენებელი 3.2% იყო. Publisher’s weekly online-ის ცნობით, ელექტრონული წიგნების მომხმარებელი, ახლა უფრო მეტ ფულს ხარჯავს ნებისმიერი ტიპის წიგნებში, ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ ნაბეჭდ პროდუქციას მოიხმარდა. შთამბეჭდავი ტენდენციის აღსაქმელად მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებიც კმარა: წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ციფრული ვერსიების გაყიდვები 170%-მდე გაიზარდა. მხოლოდ თებერვალში კი, იანვართან შედარებით – 202%-ით. ბევრი ვარაუდობს, რომ ასეთი ტემპებით, სამიოდე წელიწადში ელექტრონული წიგნები საერთო გაყიდვების 50%-ს მოიცავს. უმთავრეს დილერზე, Amazon-ზე, ამ ორი ტიპის პროდუქციის გაყიდვები უკვე გათანაბრდა.

საქართველოშიც, შედარებით იშვიათად, თუმცა უკვე გადააწყდებით ელექტრონული წიგნებით მუდმივად „შეიარაღებულ” მკითხველს. ადრე თუ გვიან, ეს საკითხი ლოკალური გამომცემლებისთვისაც აქტუალური გახდება. მაგალითად, ქართული უმაღლესი სასწავლებლები უკვე აქტიურად ცდილობენ, გამოიყენონ დასავლური უნივერსიტეტების ელექტრონული ბიბლიოთეკები. მათ i-ბიბლიოთეკებში ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნებიცაა ხელმისაწვდომი. 2011-2015 წლების ელექტრონული სტრატეგიის ფარგლებში ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა დაგეგმილი აქვს განათლების სამინისტროსაც – წესით, აქ სამინისტროსა და სსიპ-ების მერ შექმნილი სახელმძღვანელოები, წიგნები და სხვა გამოცემები უნდა განთავსდეს. ელექტრონული წიგნების პროგრამა იუსტიციის სამინისტროსაც აქვს. ჯერჯერობით აქტიურ მოქმედებაზე არ გადასულან კერძო გამომცემლობები, თუმცა ამ მხრივ მოქმედება მათ უახლოეს გეგმებში შედის.

გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ქართული ელექტრონული რესურსი ამ ეტაპზე მწირია. სამაგიეროდ, პროფესიული ლიტერატურით დაინტერესებული და უბრალოდ, კითხვის მოყვარული ადამიანები, სულ უფრო ხშირად ცდილობენ, სასურველი წიგნი ინტერნეტის მეშვეობით მოიპოვონ. მიზეზი მხოლოდ ქართულ დახლებზე წიგნების ღარიბი არჩევანი არ არის: წინამორბედისგან განსხვავებით, ციფრული ვერსია უფრო იაფი ან საერთოდ უფასოა, არჩევანი – განუზომლად დიდი და მისი გავრცელება გეოგრაფიული არეალებით არ არის შემოფარგლული. ტექსტის გადმოწერა წამებშია შესაძლებელი – თანამედროვე ტემპებიდან გამომდინარე, ამ უპირატესობასთან გამკლავება ნაბეჭდ წიგნს გაუჭირდება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ელექტრონული წიგნების ინდუსტრიას ექმნება, საავტორო უფლებებია. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, გავრცელებაზე კონტროლის დაწესება რთულდება. ტორენტების სიმრავლე და შესაძლებლობები იზრდება, საავტორო უფლებებზე არსებული წესები კი გარემოსთან სულ უფრო არაადეკვატური ხდება. „პატიოსან” მომხმარებელსაც უჭირს გაგება, რატომ არ უნდა გადასცეს შეძენილი ციფრული წიგნი მეგობრებს. თანაც, ნაბეჭდი წიგნების შემთხვევაში ეს ფართოდ მიღებული პრაქტიკა, მეტიც – ტრადიციაა. განსხვავება ის არის, რომ ციფრული ასლის გავრცელება, ქაღალდის წიგნთან შედარებით, „მეგობართა” ბევრად ფართო მასისთვისაა შესაძლებელი.

ალტერნატივების შექმნა მკითხველისთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგია. სამაგიეროდ, სერიოზული გამოწვევების წინ დგებიან გამომცემლები, რომლებიც უამრავ წიგნს ბეჭდავენ და იბრძვიან, რომ მათი პროდუქცია მაღაზიის თაროზე გამოსაჩენ ადგილას მოხვდეს. ეს კონკურენტული გარემოსთვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი კომერციული აქტივობაა, თუმცა სულ უფრო უსარგებლო. მაგალითად, ონლაინ არსებულმა რეკომენდაციებმა გამომცემლებს დიდწილად უკვე წაართვეს წიგნის შემფასებლის საპატიო როლი.

კიდევ ერთი სერიოზული „პრობლემა” თვითგამოცემული ნაწარმოებებია: ინტერნეტის არსებობის პირობებში, ყველას შეუძლია, ძალები მოსინჯოს, გამომცემლის გარეშე გაავრცელოს საკუთარი წიგნი და აქედან მოგება ნახოს. ამას ემატება ელექტრონული წიგნების დისტრიბუციაზე Amazon-ის თითქმის მონოპოლიური კონტროლი – როგორც მუსიკალური პროდუქციის გადმოწერაზე Apple-ის შემთხვევაშია. მაგალითისთვის, აშშ-ში Amazon-ის ანგარიშზე ელექტრონული ასლების გაყიდვების 60-70 პროცენტია, ინგლისში კი – 90%-მდე. მოლოდინების საპირისპიროდ, სათანადო კონკურენციის გაწევა ვერც Apple-ის iBookstore-მა შეძლო, მიუხედავად iPad-ის წარმატებისა. კვლევების მიხედვით, iPad-ის მფლობელთა მხოლოდ ნახევარი კითხულობს ელექტრონულ წიგნებს. მათი ორი მესამედი კი უკვე ფლობს, ან ამ საქმისთვის ცალკე აპირებს e-reader-ის (ელექტრონული საკითხავის) ყიდვას.

მთავარი, რაც მსხვილმა გამომცემლებმა შეძლეს, წიგნებზე ფასის დაწესების პრეროგატივის შენარჩუნებაა. განსხვავებით თავდაპირველი პერიოდისა, როცა Amazon-ზე ციფრული ვერსიები 9.99$-ად იყიდებოდა, ამჟამად ისინი თავად ადგენენ ფასს და Amazon-ს შემოსული თანხის 30%-ს უხდიან. სამაგიეროდ, პროდუქტს მიზერულ ფასად ყიდიან თვითგამომცემლები. ასეთი პროდუქციით კი ბაზარი წალეკილია. მომხმარებლის არჩევანიდან გამომდინარე, გამომცემლები ასკვნიან, რომ მათთვის წიგნის ფასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი. ამიტომ, პროდუქტზე ფასდაკლებებს სთავაზობენ. შედეგად, Amazon-ის 100 ყველაზე გაყიდვადი წიგნის სია უფასო ან ძალიან იაფი წიგნებისგან შედგება.

არსებული ტენდენციებით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არაა, ცოტა ხანში, დაბეჭდილი წიგნი დეკორაციად ან რელიკვიად იქცეს. რა თქმა უნდა, არაერთი ადამიანისთვის ფურცლები ტექსტთან ინტიმურ სიახლოვეს ნიშნავს. სხვა თუ არაფერი, გამომცემელთა არსებობა ჯერ კიდევ არაა საჭიროებას მოკლებული, თუნდაც საზოგადოების ინტელექტუალური ცხოვრებისთვის: ისინი რისკავენ, ფულს უხდიან შერჩეულ ავტორებს, რომლებსაც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, საერთოდ არ დაეწერათ ეს წიგნი. გარდა ამისა, არედაქტირებენ, არჩევენ და აუმჯობესებენ ნაწარმოებებს. თუმცა მოთხოვნების ცვლილებების ტენდენცია აუცილებელ სიახლეებს გვთავაზობს. ამიტომ, გამომცემლებს გარდაუვლად მოუწევთ, შეეგუონ და მოერგონ ინდუსტრიის სწრაფად ცვალებად სახეს. მაგალითად, მათ შეუძლიათ, მუსიკისა და ფილმების ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკის მსგავსად, ერთ პაკეტად გამოსცენ ელექტრონული და ნაბეჭდი წიგნი. „გარდაუვალობა” საქართველოსთვისაც მოქმედებს: „ქართული საგანძური” სწორედ მაშინ დაიბრუნებს და შეინარჩუნებს სიცოცხლეს, თუ ის ციფრულ ენაზე გადაითარგმნება.

კომენტარები