მალკოვიჩის დაკარგული ქარიზმა

პირველი საფესტივალო დღის ბოლოს, ქართველი მაყურებელი ჯონ მალკოვიჩს ტაშს კინოში განსახიერებული როლებისთვის უფრო უკრავდა, ვიდრე რუსთაველის თეატრში წარმოდგენილი „ჯოჯოხეთური კომედია – სერიული მკვლელის აღსარებანისთვის”. ცნობილმა კინომსახიობმა სცენაზე საქვეყნოდ განთქმული ქარიზმა და გამომსახველობა დაკარგა. მალკოვიჩმა იმედები განსაკუთრებით მათ გაუცრუა, ვინც დარწმუნებული იყო, რომ მისი თეატრალური როლიც ისეთივე ექსპრესიული და დასამახსოვრებელი იქნებოდა, როგორიც, მაგალითად, „სახიფათო კავშირებში” ან „ცეცხლის ხაზში”.

მსოფლიო მასშტაბითაც კი თითზე ჩამოსათვლელნი არიან ხელოვანები, რომლებიც ერთნაირად წარმატებულნი აღმოჩნდნენ როგორც კინოში, ასევე თეატრში. ორივე დარგის სირთულეებს ერთეულები გაუმკლავდნენ, ამიტომაც ყოველგვარი ეიფორიის გარეშე ჩავეწერე იმათ რიგებში, ვინც ჯონ მალკოვიჩის საქართველოში ჩამოსვლას ინტერესით (თუმცა არა განსაკუთრებულით) ხვდებოდა. ასეთი იმედგაცრუება ყველაზე რთულად გადასატანი მათთვის იქნებოდა, ვინც ბილეთში 250 ლარი გადაიხადა, რამდენადაც წარმოდგენიდან ყველაზე დასამახსოვრებელი, პირადად ჩემთვის, მალკოვიჩის სიარულის მანერა აღმოჩნდა და არა მისი სამსახიობო ოსტატობა, მაიკლ შტურმინგერის რეჟისურა, ან კირსტენ ბლეიზის და მარტინ გრიმსონის საოპერო შესრულება. სოპრანოებიდან მარტინი უფრო ღირსეულად წარდგა მაყურებლის წინაშე, ვიდრე წარმოდგენაში პირველად შეყვანილი კირსტენი, რომელმაც ყურისმომჭრელი ხარვეზების გამოსწორება თეატრალურად: პლასტიკის, ჟესტებისა და მიმიკის გამოყენებით სცადა და დარბაზში მყოფთა ოვაციებიც დაიმსახურა, თუმცა სრულიად უსამართლოდ.

ჯონ მალკოვიჩის მონოტონური თხრობა ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა და ეს სპექტაკლს ერთგვარად „აკეთილშობილებდა”. ვენის აკადემიის ორკესტრმა ვივალდის, ჰაიდნის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ბოკერინის, ვებერის ნაწარმოებები შეასრულა და ილია კოროლის დირიჟორობით გვასიამოვნა.

დადგმის მუსიკალურ გაფორმებაზე მალკოვიჩმა პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. ჩვენს შეკითხვაზე – ინტერვიუებში ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ჯეკ უნტერვეგერის განსახიერებაში მუსიკა განსაკუთრებით დაგეხმარათ, მაგრამ იქონია თუ არა თქვენზე გავლენა სერიული მკვლელის შესახებ არსებულმა დოკუმენტურმა მასალამ, ამერიკელმა მსახიობმა გვიპასუხა: „მუსიკა წარმოდგენის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მუსიკა და არიები მასში, მართლაც რომ, განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ამის გარეშე ამბავი იქნებოდა უბრალოდ საინტერესო და მეტი არაფერი... დოკუმენტურ მასალას რაც შეეხება, როდესაც ასეთი ტიპის დადგმაზე მუშაობ, ისტორიული ფაქტები, რომლებიც ცოცხალ, ან უკვე გარდაცვლილ, მაგრამ რეალურ ადამიანზე არსებობს, მუდამ არის წყარო და ძალიან გეხმარება. თუმცა, მათი დრამაში გადატანისას გიწევს დაშორდე რეალობას, ვინაიდან მხოლოდ დოკუმენტურ მასალას ვერ დაეყრდნობი, რაღაც უნდა მოიფიქრო... ისე, გეტყვით, რომ მუშაობის დროს ჯონათან ლიგის მიერ უნტერვეგერის შესახებ დაწერილი წიგნით აქტიურად ვსარგებლობდით”.

წარმოდგენაში შთამბეჭდავი არაფერი ყოფილა. მალკოვიჩის შესავალი სიტყვაც კი უცხოელებისგან ათასჯერ მოსმენილი „კომპლიმენტით” დაიწყო. ხინკალი არ უხსენებია, მაგრამ „გაბრიაძეში” ქართული ღვინით ისე გამოვთვერი, რომ ყველაფერი ორად მეჩვენებოდაო, გულწრფელად გვითხრა მსახიობმა, რომელმაც საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იცოდა.

ტიტრები იყო, მაგრამ არ იკითხებოდა. მსახიობი ცდილობდა აეხსნა თუ რამ აიძულა მოეკლა, გვიყვებოდა როგორ ისწავლა სიცილი, ტყუილი და რამდენად ღრმად ჩაიბეჭდა მის ცნობიერებაში დედის ხატი და როგორ გააგრძელა ცხოვრება სხვადასხვა ქალში დედის სახების ანარეკლთა ძიებაში... ქალებთან „თამაში”, ხან გულში ჩაკვრა და ხანაც თავიდან მოშორება, მუხლებიდან გადაგდება, ხელის კვრა, მალკოვიჩს უკეთ გამოუვიდა, ვიდრე სერიული მკვლელის ფსიქოლოგიური პორტრეტის წარმოჩენა და გარდასახვა. თუ ფიქრობთ, რომ სერიული მკვლელის მსგავსად, აი, ახლა თავს მოვიკლავ, ცდებითო, და ქართულ ენაზე ნათქვამი მადლობით დაგვემშვიდობა. აქვე გეტყვით, რომ ერთადერთი, რაც მალკოვიჩს ჯეკ უნტერვეგერთან „აახლოებს”, აღნიშნული დადგმის პირველი პრემიერიდან დღემდე, ის არის, რომ სპექტაკლში მონაწილე ქალები ხელიდან რიგრიგობით „ეცლება”. როგორც თავად გვითხრა, მარტინი უკვე მეთერთმეტე მომღერალია, ხოლო კირსტენი – მეთორმეტე.

თეატრის მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების სპეციფიკურობასა და სირთულეებში ცნობილი კინომსახიობის მაგალითზეც დავრწმუნდი. ამაზე მალკოვიჩმა პრესკონფერენციაზე თავადაც ისაუბრა და აღნიშნა: „ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსახიობები კინოში როლებს არ ვირჩევთ, თვითონ კინო „გვირჩევს” ჩვენ... სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებთა პერსონაჟების განსახიერების საშუალება ხშირად მეძლევა, თუმცა, ჩემი თამაშის მანერა, შესაძლოა, არ იცვლებოდეს... კინოსა და თეატრში თამაში ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდება. კინოში, გადასაღებ მოედანზე, უკვე გადაღებულის შეცვლა შეიძლება. რაც შეეხება თეატრს, აქ საქმე რთულდება, რამდენადაც ვერაფერს შეცვლი, უნდა დადგე და ითამაშო, აი, როგორც ამ სპექტაკლს ვთამაშობ უკვე მესამე წელია”.

მალკოვიჩმა პრესკონფერენციაზე დაგვიდასტურა, რომ მისი მონაწილეობით ფილმებს ჩვეულებრივ არ უყურებს. ქართულ კინოსა და ქართველ მსახიობებს არ იცნობს, ისევე როგორც არც ინტერესდება ამერიკელი, ფრანგი ან გერმანელი კინომოღვაწეებით, რაც მსახიობის მხრიდან, ვფიქრობ, დაუფიქრებელი განაცხადი იყო.

„უკანასკნელ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას საოპერო დადგმებში მონაწილეობას ვუთმობდი, მაგრამ პარალელურად ფილმებშიც მიღებდნენ. აი, ახლა ტორონტოს ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი ფილმი, სახელწოდებით „ჯეფი, რომელიც ცხოვრობს სახლში”, სადაც ვთამაშობ. ასევე, იგეგმება ჯეისონ ლაიტმანის სურათის, „ახალგაზრდა ზრდასრული” გადაღებები, უკვე ვამთავრებთ მუშაობას ფილმზე „კედლის ყვავილი”... თუმცა, ყველაზე დიდ ყურადღებას სპექტაკლს „ციმბირულ განათლებას” ვუთმობ და ასევე ფილმს „თბილი სხეულები”, რომელსაც ჯონათან რავინი იღებს. ასე რომ, კინოში არაერთხელ მიხილავთ”, – გვითხრა ჯონ მალკოვიჩმა, რომლის თამაშის ყურებისას კიდევ ერთხელ ამომიტივტივდა პრობლემა – ე.წ. ენის ბარიერის ვერგადალახვის, რამაც ნიჭიერ ქართველ მსახიობებს, თუნდაც, საშუალო თაობის წარმომადგენლებს, ლოკალური სივრცის გარღვევასა და საერთაშორისო წარმატებებში ხელი ძალიან შეუშალა.

ზემოთ აღნიშნული პრობლემა, ენის ბარიერიც და სივრცეც ადვილად დასაძლევი და გასარღვევი აღმოჩნდა სცენოგრაფ გიორგი ალექსი-მესხიშვილისთვის, რომლის პერსონალური გამოფენის გახსნა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნას დაემთხვა და მის დახურვამდე, ანუ 8 ოქტომბრამდე (ყოველდღე, 15:00-18:00 საათებში) გაგრძელდება. გამოფენის მნიშვნელობაზე ჟურნალ ტაბულას მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ.



კომენტარები