რუსეთის ჭირისუფლები

ლალი კეკელიძის არქივიდან

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიწერა პიესა, რომელსაც ლალი კეკელიძემ „კომედია ტრაგედიაზე, ანუ “Чайка” По Грузински, Во Время Русского Чаепития” უწოდა. ნაწარმოები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში მას შემდეგ დაიდგა, რაც ავტორს კინომსახიობთა თეატრში მის განხორციელებაზე უარი სამხატვრო საბჭოს წარმომადგენლებმა უთხრეს. მიზეზად კი პიესის დაბალი მხატვრული ხარისხი დაასახელეს. ლალი კეკელიძე აცხადებს, რომ მისთვის უარის თქმის რეალური საბაბი აღმოჩნდა გამოკვეთილი დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი, რომელიც საქართველოს ასწლეულების განმავლობაში ებრძვის.

„ჩემს პიესაში ნაჩვენებია არა ომის შედეგი, არამედ არსი იმისა, თუ საიდან დაიწყო ყველაფერი. შესაძლოა, ვაგვიანებ საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნებას, მაგრამ არასოდეს არ ვაგვიანებ რეაქციას და აღნიშნული პიესაც ამის დასტურია. როგორც კი საკუთარი ნაწარმოებების სცენაზე გაცოცხლება გადავწყვიტე, შემოვიკრიბე ადამიანები, რომლებთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ”, – ამბობს ავტორი, რომლის ნამუშევრებიც, იქნება ეს პიესა თუ დადგმა, ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და კრიტიკასაც ხშირად იმსახურებს. 

ერთგვაროვანი რეაქცია არც მისი ახალი პიესის გაცოცხლებას მოჰყოლია. დრამატურგისა და რეჟისორის სათქმელი, პოზიცია და თემისადმი დამოკიდებულება, პირადად ჩემთვის, წარმოდგენის პირველივე სცენიდან გახდა ნათელი, როდესაც მაგიდას შემომსხდარი ივან პეტროვიჩისა და პეტრე ივანოვიჩის ჩაის სმის დროს გამართული საუბარი მოვისმინე. „ისინი, რუსეთის პოლიტიკოსების მსგავსად, ხისტი, მდაბიო ენით მეტყველებენ და პუტინის რუსეთის ზრახვებს, საქართველოს, კავკასიისა და ზოგადად, მსოფლიოს მიმართ დაუფარავად ახმოვანებენ”, – აღნიშნავს კეკელიძე, რომელსაც სცენაზე, „თოლიას” პერსონაჟების მსგავსად, რუსი მწერლების: ტოლსტოის, დოსტოევსკის, გოგოლის, პუშკინისა და ჩეხოვის აჩრდილები შემოჰყავს. მათი ამოცნობა თუ განმარტებით რეპლიკებს საჭიროებს, ლენინისა და სტალინის შემთხვევაში საქმე გამარტივებულია, რამდენადაც მსახიობები გმირებს მაქსიმალურად არიან მიმსგავსებულნი, იყენებენ მათ ჟესტებსა და სიარულის მანერას. ყველაფერი პირდაპირ არის ნათქვამი, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებულადაც კი, რაიმეს ამოცნობის საჭიროების გარეშე, რაც მაყურებელს, წარმოდგენისადმი ინტერესის დაკარგვის საშიშროებას უქმნის. 

„ჩემში მუდმივად არსებობს პროტესტი საზოგადოების მიმართ, რომელშიც გავიზარდე. ტყუილში ვცხოვრობდით და გაუანალიზებელი და გაუცნობიერებელი პროტესტი სულ მაწუხებდა. ამაზე ვსაუბრობ პიესაშიც, რომელიც, ვფიქრობ, რომ ჩვენი რეალობის სარკეა. ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, როდესაც ვხედავ, რომ საზოგადოებაში არ განიხილება რუსეთის მიერ ჩვენი ოკუპაციის თემა, გნებავთ, რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი, მაგრამ განიხილება ქართველების პროტესტი ოკუპანტი რუსეთის მიმართ და აღშფოთებას იწვევს ის, თუ როგორ გავბედეთ და საქართველოს ისტორიაში პირველად რუსეთს ვუთხარით, რომ სახელმწიფოს აშენება მის გარეშე გვინდა... აი, ასეთი საზოგადოების შემყურემ დავწერე პიესა, სადაც რუსეთის ნამდვილი სახის წარმოჩენას შევეცადე”. როდესაც პიესის ტექსტი დასაბეჭდად მიიტანა, აღმოჩნდა, რომ რუსულის პედაგოგს უნდა აეკრიფა, რომელმაც ხისტად უთხრა – ამას არ გავაკეთებო – „სწორედ მაშინ მივხვდი, სპექტაკლი „კომედია ტრაგედიაზე” აუცილებლად უნდა დამედგა. მუშაობის პროცესის პარალელურად, საინტერესო იყო, როდესაც პარტერში ჩავედი და ყველაფერს მაყურებლის თვალით შევხედე... სიმართლე რომ გითხრათ, მე ხშირად არ ვიცი, რა მივაწოდო მაყურებელს, რომელიც განსაკუთრებულ ოვაციებს მაშინ გამოხატავს, როდესაც სცენიდან გინება ესმის, როგორც ეს, მაგალითად, კინომსახიობთა თეატრის „7პპ”-ზე ხდება... ამ შემთხვევაში, ჩემი მთავარი მიზანი იყო დარბაზიდან მაყურებელი ნეიტრალური შეგრძნებით არ გასულიყო და ვფიქრობ, ამას მივაღწიე”, – ამბობს ლალი კეკელიძე, რომელიც წარმოდგენის ფინალში გათამაშებული სცენის მიხედვით, რუსეთის ჭირისუფალია. „ძალიან მინდა მქონდეს უნარი, სურვილი და საშუალება, რომ დასთან, რომელთანაც უკვე 5 წელია ვთანამშრომლობ და რომელიც ნიჭიერი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული, არაერთი ინიციატივა განვახორციელო. ჩვენს გაერთიანებას „ჩემი თეატრი” დავარქვით და ვმუშაობთ ყველგან, სადაც შეგვიშვებენ, მხოლოდ საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე...”

ერთმოქმედებიანი წარმოდგენის ნახვისა და საკუთარი პოზიციის შემოწმების შესაძლებლობა, მაყურებელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში ახალი თეატრალური სეზონის განმავლობაშიც მიეცემა. სპექტაკლში მონაწილეობენ: მიშა არჯევანიძე, გიორგი კალანდარიშვილი, ქეთი ასათიანი, ლაშა ამბიძე, ნიკა წერედიანი, ანდრო ბარათაშვილი, ზაზა ვაშაყმაძე, მაია გელოვანი, ეკა დემეტრაძე, გიორგი მოსიაშვილი, გიორგი შაქარაშვილი. პიესის ავტორი, ქორეოგრაფი, მუსიკალური გამფორმებელი და რეჟისორი ლალი კეკელიძეა, ხოლო სცენოგრაფია ბექა სადაღაშვილსა და თამუნა ჭავჭანიძეს ეკუთვნით. 
 

კომენტარები