იუმორის გრძნობით დაჯილდოებული სტიქია

რა არის ინფორმაცია? – ეს შეკითხვაა, რომელზედაც უმრავლესობა ვერ გიპასუხებთ. თუმცა ფაქტს, რომ ის არსებობს და თანაც დიდი რაოდენობით, ვერავინ უარყოფს. ინფორმაციის რაოდენობა დღითი დღე კატასტროფულად, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ექსპონენციალურად იზრდება. ჩვენც უფრო და უფრო დიდი დოზით გვიწევს მისი მიღება და მოხმარება. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციის ზღვაში ვიხრჩობით, თუმცა ყველას ცოდნა გვწყურია, ამიტომაც ყოველდღიურად „ზღვის” ნაპირზე გავდივართ და ტალღებს გავცქერით.

 ინფორმაციას ორი ნაკლი აქვს: ბევრია და ქაოტურია. ორივე ნაკლთან საბრძოლველად სხვადასხვა „ჭკვიანი” ალგორითმების შემუშავება ხდება საჭირო: საძიებო სისტემებიდან დაწყებული სავაჭრო პროდუქტების კატალოგებით დამთავრებული, სადაც ისინი უშუალოდ არ ჩანან, ჩვენ მხოლოდ მათი მუშაობის შედეგს ვნახულობთ. ინფორმაციის ზრდასთან ერთად ალგორითმები იხვეწება, მათი რაოდენობაც იმატებს და ერთი შეხედვით თითქოს პრობლემებიც არ უნდა იყოს, რომ არა ის გაუთვალისწინებელი შედეგები, რასაც სისტემატურად ვაწყდებით.

ერთი ასეთი გაუთვალისწინებელი რამ, რამდენიმე თვის წინ Amazon.com-ში მოხდა, რამაც ქაოსის თეორიის მოყვარულები აალაპარაკა. მთელი აურზაური ბრიტანელი ბიოლოგის, პიტერ ლოურენსის კლასიკური ნაშრომის, „The Making of a Fly”, გარშემო ატყდა, მას შემდეგ რაც წიგნის შეძენის მსურველებმა აღმოაჩინეს, რომ მათთვის სასურველი წიგნის ფასი 23 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამან სასიამოვნოდ გააოცა ყველა, მათ შორის ასაკოვანი ბრიტანელი ბიოლოგი, რომელსაც ხვდა პატივი, პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული წიგნის ავტორი გამხდარიყო.

რა თქმა უნდა, წიგნი არავინ იყიდა, თუმცა ყურადღების ცენტრში უმალ აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ყველაფერში „დამნაშავე” ალგორითმები იყვნენ, რომლებიც ფასების კალიბრაციას კონკურენტების პრეისკურანტისა და მომხმარებლების გამოხმაურებების მიხედვით ახდენენ. ვინაიდან ზემოხსენებულ თითქმის რარიტეტ წიგნს კარგი გამოხმაურება ჰქონდა და მისი გაყიდვაში არსებული ეგზემპლარების რაოდენობა მინიმუმამდე იყო დასული, შესაბამისად ჩვენმა „ჭკვიანებმაც” ერთმანეთის წაბაძვით უმატეს და უმატეს ფასს მანამ, სანამ გონივრულობის საზღვრები არ გადაკვეთა და საარაკო ამბად არ იქცა.

„გონივრულობის საზღვრები” არის ის, რაც ალგორითმებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ. ისინი ჩვეული რუდუნებით აკეთებენ კოდირებულ ერთსა და იმავეს, არასოდეს იღლებიან, არასოდეს წუწუნებენ – თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, არ შეუძლიათ იმის გარკვევა, რომ წიგნი შეუძლებელია 23 მილიონი ღირდეს, რომ ადამიანი, რომელიც სპამით მავსებს, ჩემი უახლოესი მეგობარი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მესიჯს მწერს და შესაბამისად ნიუსფიდში მისი შეტყობინებები სულ თავში არ უნდა გამოდიოდეს და ა.შ.

დღესდღეობით, მიუხედავად ყველაფრისა, დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან გასამკლავებელი ერთადერთი ინსტრუმენტი ზემოხსენებული „ჭკვიანი” ალგორითმებია. პრობლემა ისაა, რომ ინფორმაციის ზღვაში ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, ხშირად კონფლიქტში შედიან, ხანდახან ავსებენ ერთიმეორეს და შედეგად ისეთი ტიპის წონასწორობა, ანუ ე.წ. ეკვილიბრიუმი მყარდება, რისი განჭვრეტაც გონებას არ შეუძლია. არაწინასწარმეტყველებადი გარემო კი, როგორც მოგეხსენებათ, ადამიანებს დისკომფორტს უქმნის და აშინებს.

ციფრული ეპოქის წინასწარმეტყველებმა, რეი კურცვაილმა, ჯონ ნეისბიტმა, კევინ სლავინმა და მრავალმა სხვამ, უკვე შემოკრეს განგაშის ზარებს. ისინი ინფორმაციის ზღვაში აბობოქრებული ალგორითმების სტიქიურობაზე ალაპარაკდნენ და მიანიშნებენ, რომ შორს არ არის დრო, როდესაც ეს ზღვა კაცობრიობას წალეკავს.

ყველაფერი დამაფიქრებელია, თუმცა არც ისე საგანგაშო, ვინაიდან ალგორითმებს იუმორის შესანიშნავი გრძნობა აღმოაჩნდათ: მაშინ როდესაც პიტერ ლოურენსის წიგნის ფასმა 23 მილიონ დოლარს გადააჭარბა, იქვე მინიშნებული იყო, რომ ამას ემატებოდა წიგნის დანიშნულების ადგილას მიტანის, ე.წ. შიფინგის საფასური 3.99 დოლარი.

P. S. სხვისი არ ვიცი და მე კი მგონია, რომ იუმორის გრძნობით დაჯილდოებული სტიქია საშიში არ არის!

კომენტარები