ზელანდიაში მსოფლიომ მსოფლიო დაიწყო

ახალ ზელანდიაში, კონკრეტულად კი ქალაქ ოკლენდში სარაგბო მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. გახსნის საკმაოდ სანახაობრივი ცერემონიალის შემდეგ მოედანზე მასპინძელი ახალი ზელანდიისა და ტოგნას ნაკრებები გამოვიდნენ. ამ ორმა გუნდმა მაყურებელს საინტერესო სანახაობა შესთავაზა, საბოლოოდ გამარჯვება გათამაშების მთავარმა ფავორიტმა ოლ ბლექსმა მოიპოვა - 41:10. შეჯიბრება დღეს გაიხსნა და 23 ოქტომბერს დასრულდება. ფინალი ოკლენდში იმავე ედენ პარკის მოედანზე გაიმართება, რომელზეც შეჯიბრება დაიწყო. ჯერჯერობით ყველა აცხადებს, რომ ახალ ზელანდიაში ნამდვილი სარაგბო ზეიმია. ეს ის ქვეყანაა, სადაც ბავშვები თითქმის დაბადებისთანავე იწყებენ რაგბის თამაშს და შემდეგ მისი სიყვარული ცხოვრების ბოლომდე მიჰყვებათ.

ამის მიუხედავად, კუნძულოვანი სახელმწიფოს ნაკრებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მსოფლიო თასი აქვს მოგებული. ამ დროს მის მეზობლებს - ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკას უკვე ორ-ორი ჩემპიონის ტიტული აქვთ დასაკუთრებული. ეს ზელანდიელებისათვის საკმაოდ რთულად გადასატანი საკითხია. აქედან გამომდინარე, გრემ ჰენრი და მისი შეგირდები ჩემპიონობისათვის ყველაფერს გააკეთებენ.

მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამედ მონაწილეობს საქართველოს ნაკრები. ამჯერად ჩვენი გუნდი ინგლისის, არგენტინის, შოტლანდიისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ბორჯღალოსნებისათვის უმთავრეს ამოცანად ერთი თამაშის მოგება და დანარჩენ შეხვედრებში საკუთარი თავის ღირსეულად წარმოჩენა ითვლება. ქართველი მორაგბეები გათამაშებაში 14 სექტემბერს ჩაებმებიან, როდესაც შოტლანდიელებს დაუპირისპირდებიან.

 

კომენტარები