კადაფის შემდეგ

თითქმის შვიდი თვის წინ დაწყებული სამოქალაქო ომი ლიბიაში დასასრულს მიუახლოვდა. დედაქალაქი ტრიპოლი აჯანყებულების ხელშია. ომის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, დასავლეთში საკუთარი სტრატეგიის შეფასება და ლიბიის მომავლის შესახებ ფიქრი დაიწყეს. ეს უკანასკნელი კი, შეიძლება, არცთუ ისე მშვიდობიანი გამოდგეს.

პოსტკადაფისეული ლიბიის მდგომარეობა ეგვიპტისა და ტუნისისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაკის მმართველობისას ძლიერი სამხედრო ორგანოები არსებობდა, რომელთაც დიქტატორის გადაყენების შემდეგ სიტუაციის დარეგულირება შეძლეს. ეგვიპტეში მუსლიმური საძმოს ისლამისტური პოლიტიკა პოტენციური საფრთხეა, მაგრამ სამოქალაქო ომის და სრული დესტაბილიზაციის საშიშროება არ არის. ტუნისი ბევრად უფრო განვითარებული და მდიდარი ქვეყანაა. აქ დიქტატორმა არადემოკრატიული, თუმცა ეფექტური ინსტიტუტები დატოვა და, შესაბამისად, დესტაბილიზაციის საშიშროება აქაც მცირე იყო.

ლიბიაში კი კადაფი მაქსიმალურად ცდილობდა სამხედრო ორგანოების შესუსტებას, რადგან გადატრიალების ეშინოდა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მას არც ძლიერი ინსტიტუტები დაუტოვებია. ცხადია, დიქტატორის ჩამოგდება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე დასადგომად. თუმცა, ამის გარანტი ნამდვილად არ არის. იმ შემთხვევაში, თუ დიქტატორის დამარცხების შემდეგ ტრანზიციის გეგმა არ არსებობს, სამოქალაქო ომს არეულობა და დესტაბილიზაცია უფრო მოაქვს, ვიდრე დემოკრატიზაცია. ამის მაგალითები მრავლადაა. განსაკუთრებით გამორჩეულ შემთხვევებად შეგვიძლია სომალი და ავღანეთი დავასახელოთ.

1991 წელს დაწყებული სამოქალაქო ომი სომალიში დღემდე გრძელდება. დასაწყისისთვის ქვეყნაში ეთნიკურ-ტომობრივი დაპირისპირება იყო, 2000-იანი წლების შუა პერიოდში კი ისლამისტური მიმართულება მიიღო. ავღანეთში, პრეზიდენტ ნაჯიბულას ჩამოგდების შემდეგ, ტომობრივი დაპირისპირებების გამო ქვეყანა მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციის წყაროდ იქცა. ამ ქვეყნებს ლიბია ეთნიკური სიჭრელით ემსგავსება. აქ 20-მდე დიდი ტომია. კადაფის სრულად დამარცხების შემდეგ, მოქიშპე ტომებს შორის კონფლიქტის გაღვივების დიდი საშიშროებაა.

მეორე მხრივ, ლიბიის დემოგრაფია სომალისა და ავღანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ურბანიზაციის დონე აქ მაღალია – 78%. იგივე მაჩვენებელი სომალიში 37%-ია, ავღანეთში კი 23%. ლიბიის მოსახლეობა განათლების დონითაც უფრო წინ არის დანარჩენ ორ ქვეყანაზე. თუ ლიბიაში წერა-კითხვის დონე 83%-ია, სომალიში და ავღანეთში, შესაბამისად – 38% და 28%. განსხვავებულია ლიბიის და დანარჩენი ორი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც. ლიბიის შემოსავლების უმთავრესი ნაწილი, მშპ-ის 80% და ბიუჯეტის 80%, ნავთობიდან შემოდის. მშპ 90 მილიარდი დოლარია, ერთ სულ მოსახლეზე კი 14 ათასი დოლარი. სომალიში ეკონომიკის უდიდესი ნაწილი – 60% – სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, მშპ 5 მილიარდი დოლარია, ერთ სულ მოსახლეზე კი 600 დოლარს შეადგენს. ავღანეთის ეკონომიკა შედარებით დივერსიფიცირებულია, 42% სერვისებზე მოდის, 31% სოფლის მეურნეობაზე და 25% ინდუსტიაზე. მშპ ავღანეთში 15 მილიარდია, ერთ სულ მოსახლეზე კი 900 დოლარი. ლიბიის ეკონომიკური უპირატესობა ამ ორ ქვეყანაზე, რომელთათვისაც სამოქალაქო ომი დამღუპველი გამოდგა, ქვეყნის მომავალს შედარებით ოპტიმისტურს ხდის.

სომალისა და ავღანეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ სტაბილურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მშვიდობისმყოფელების არსებობა. მიუხედავად ამ გამოცდილებისა, დასავლეთში მაინც დაიწყეს ნაადრევი ზეიმი. აქ ლიბიის სამოქალაქო ომი უკვე დამთავრებულად გამოცხადდა და ქვეყნისგან დისტანცირება გადაწყდა. ნაადრევი ზეიმის კიდევ ერთი მაგალითი ერაყია, სადაც ომი კარგა ხანია დასრულებულია, თუმცა სიტუაციის სრული სტაბილიზაცია ჯერაც ვერ ხერხდება.

აჯანყებულების წარმომადგენლობამ უკვე უარი განაცხადა გაეროს მშვიდობისმყოფელებზე და განაცადა, რომ ლიბია უნიკალური შემთხვევაა – აჯანყების მიზანი დიქტატორის ჩამოგდება იყო, მისია შესრულებულია და ახლა თავად აჯანყებულები მოუვლიან ქვეყანას. თუმცა, ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აჯანყებულების მიერ თავიანთივე სარდლის დახვრეტა, მათ ერთსულოვნებას ეჭვქვეშ აყენებს.

აშშ ლიბიის საქმეებს განსაკუთრებით ჩამოშორდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში ლიდერობა თავის თავზე ევროპამ აიღო, ბევრმა ეს ოპერაცია ობამას გამარჯვებად წარმოადგინა, ლიბიის ომი კი ერაყის ომს შეუპირისპირა. თუ ერაყში 1 ტრილიონი დაიხარჯა, ამ ომში აშშ-ის დანახარჯები გაცილებით მცირე – 1 მილიარდი დოლარი იყო. ობამას მომხრეები, ლიბიის ოპერაციას საგარეო პოლიტიკის ახალ მოდელად განიხილავენ: პირდაპირი ინტერვენციის ნაცვლად ადგილობრივების დახმარებით, მხოლოდ სხვა მოკავშირეებთან ერთად, დიქტატორის ჩამოგდება.

თუმცა „ლიბიის მოდელი” ახალი ნამდვილად არ არის და თან ოპერაციას ბევრმა გარემოებამ შეუწყო ხელი. ერთი მხრივ, ქვეყანაში გამოჩნდა ძალა, რომელსაც შეეძლო დიქტატორისთვის წინააღმდეგობის გაწევა – მათ მხოლოდ საჰაერო დახმარება და შეიარაღება სჭირდებოდათ. მეორე მხრივ კი, ევროპელი ლიდერები სამხედრო ჩარევას მიემხრნენ, რაც, შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური ფაქტია. განსაკუთრებით საფრანგეთი და გაერთიანებულმა სამეფო აქტიურობდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტს ეს ომი რეიტინგის ამაღლებაში დაეხმარა, ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში ამ ომს სარკოზის ომიც კი უწოდეს. ამ უკანასკნელს სურდა გამოესყიდა მისი მთავრობის წევრების დანაშაული – ტუნისის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების ლიდერებთან ახლო ურთიერთობა. მესამე ფაქტორი ისაა, რომ გაეროში ურთიერთსაპირისპირო ინტერესების მქონე ქვეყნებმა შეთანხმება შეძლეს.

წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ დასავლეთის ზეიმი შეიძლება ნაადრევი აღმოჩნდეს. მათ რეალური გეგმა სჭირდებათ, რომ პოსტკადაფისეულ ლიბიაში ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას. სხვა შემთხვევაში, სომალისა და ავღანეთის ისტორიის განმეორება გამორიცხული არაა. ეს კი, დასავლეთისგან, მომავალში კიდევ უფრო მეტი რესურსის ხარჯვას მოითხოვს.

კომენტარები