ლიბია: ულტიმატუმის ვადა იწურება

მუამარ კადაფის მომხრეები დანებებაზე უარს აცხადებენ. ამბოხებულებმა მათ ვადა ეიდის წმინდა დღესასწაულების დასრულებამდე მისცეს. დღესასწაული 30 აგვისტოს დამთავრდა. ამბოხეულთა ძალები მუამარ კადაფის ბოლო სიმაგრისკენ მიიწევენ. ისინი კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტესთან გროვდებიან, სადაც მთელი ომის განმავლობაში ყველაზე მწვავე ბრძოლებია მოსალოდნელი. ამბოხებულების ცნობით, ქალაქში კადაფის 50000-მდე მომხრე იმალება.

სამშაბათს კადაფის მომხრეებს ულტიმატუმი წაუყენეს - ან დანებება, ან სიკვდილი. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი იარაღის დაყრას არ აპირებენ.

თავად მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია. საიდუმლოებითაა მოცული მისი შვილის, ხამისის, გაუჩინარების ამბავიც.

ამბოხებულთა ჯარებს ხელში ჩაუვარდათ 32-ე ბრიგადის სამხედრო ბაზა, რომელიც ნატოს საჰაერო თავდასხმების შედეგაც მიწასთან იქნა გასწორებული. 32-ე ბრიგადა მუამარ კადაფის შვილის, ხამისის, ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდა. ბაზის ნანგრევები ჯერჯერობით ღიაა და მასზე მოხვედრა ყველა დაინტერესებულ მსურველს შეუძლია. თუმცა, ჯერჯერობით გარკვეული არაა ბაზაზე მყოფი შეიარაღების ბედი.

კადაფის ცოლი და სამი შვილი თავს ალჟირს აფარებს. მისი უმცროსი შვილის, ხამისის, სიკვდილის ცნობა კი, რომელიც ახლახან გავრცელდა, ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

კომენტარები