დასვენება ქართულად: საზღვრიდან საზღვრამდე ნაწილი II

ბესო ერაძე

ფოტო: ბესო ერაძე
 

Sheraton Batumi Hotel



რუსთაველის 28,
ბათუმი 6000 ტელ.:
+995 4222 2 29000 www.sheraton.com/batumi

შერატონის არქიტექტურული ფილოსოფია შემდეგში მდგომარეობს: ბათუმი უცნაური ქალაქია, ხშირად წვიმს, დღის განმავლობაში შესაძლოა რამდენჯერმე იცვალოს ამინდმა პირი, საღამოს ნესტი სქელ ღრუბლად აწევს ქალაქს, სუნთქვაც კი ჭირს… ამიტომ დაივიწყეთ რა ხდება გარეთ და დრო სასტუმროს კედლებს შორის გაატარეთ. 

უცნაურია, რომ მწვანეში ჩაფლული ბულვარის გასწვრივ და, რაც მთავარია, ზღვისპირა ქუჩაზე მდებარე ამხელა სასტუმროს არც ერთი ღია რესტორანი ან ტერასა არ აქვს (გარდა ლუქს ოთახებიდან გამავალი პრივატული ტერასებისა), სადაც გამაგრილებელ სასმელს მაინც დალევ და უბრალოდ ზღვას გადახედავ. ღია აუზზე გასასვლელად სასტუმროდან უნდა გამოხვიდე და ქუჩა გადაკვეთო. შერატონიდან გარე სამყაროს უცნაური, ყავისფრად დაბურული ფანჯრებიდან უყურებ. ამბობენ, ზოგ ოთახებში ფანჯრის ოდნავ გაღებაა შესაძლებელი, ისიც ნახევარ-სარკმლის დონეზე მხოლოდ. 


ფოტო: ბესო ერაძე
შერატონის 110-მეტრიანი კოშკი ყველაზე მაღალი შენობაა შავი ზღვის სანაპიროზე და 202 ოთახს იტევს (ფასები 200 USD-დან). ოთახები აღჭურვილია ყველანაირი კომფორტით, პლაზმური ტელევიზორით, მინი ბარით, მოქმედებს 24-საათიანი რუმ სერვისი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, შერატონის სიამაყე – sweet sleeper bed – ტკბილი ძილის საწოლი, მართლაც საოცრად კომფორტული თეთრეულით და საბან-ბალიშეულით, ასევე რთულია თავი არ დაგამახსოვროს მარმარილოთი მოპირკეთებულმა აბაზანამ და უხვჭავლიანი შხაპის უამრავმა კომბინაციამ. 
2800 კვ. მეტრი გამაჯანსაღებელ კომპლექსს – სპა ცენტრს ეთმობა, სადაც დამსვენებლებს შეეძლებათ დახურულ აუზში განცხრომას მიეცნენ. კიდევ ერთხელ მიწევს იმის აღნიშვნა, რომ ესეც ერთ-ერთი ყველაზე დახურული და ჩაკეტილი აუზია, სადაც ვყოფილვარ. აქვე ფუნქციონირებს “ჰამამი”, მარმარილოს თურქული აბანო, საუნა ცხელი და ორთქლის ოთახებით, ფიტნეს ცენტრი და საბავშვო გასართობი არე.

სპა ცენტრში შესაძლებელია ინდივიდუალური რეკრეაციული პროცედურების ჩატარება. ირჩევთ ფართო ასორტიმენტიდან. რეფლექსოლოგიიდან (49 ლარი) დაწყებული, რაც ფეხის მასაჟს გულისხმობს, Taste of Georgia-თი დამთავრებული, რაც ადგილობრივი თაფლისა და მცენარეული მიქსტურის აპლიკაციით ჩატარებულ სკრაბს და მასაჟს მოიცავს. 
სასტუმროში სამი რესტორანი, 2 ბარი, ღამის კლუბი და კაზინო ფუნქციონირებს. რესტორანი მზესუმზირა პირველ სართულზე მდებარეობს და აქ იმართება საუზმე, რომელიც ოთახის ღირებულებაში შედის, ერთი შეხედვით მრავალფეროვანი შვედური მაგიდა, რომელიც პირველი შთაბეჭდილების სიმაღლეს უმალ კარგავს, საკმარისია ოდნავ მიუახლოვდე ან რამე გასინჯო. იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს რესტორნები, ისევე როგორც რუმ სერვისი, აშკარად ჩამოუვარდება სასტუმროს საერთო დონეს, ჩვენი რჩევა იქნება, სასადილოდ ან სავახშმოდ ქალაქს მიაშუროთ და სასტუმროში ყოფნისას ზემოაღწერილი სერვისების ფართო არჩევანით ისიამოვნოთ. 

სადილისთვის ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო და გემრიელი კერძების არჩევანია რესტორან უკრაინაში (ახმედ მელაშვილის 1), ხელმისაწვდომი ფასებით. ვახშამზე – გრანდ გრილი ხორცეულის და ქაბაბების ასორტიმენტით (ხიმშიაშვილის ქუჩა, არდაგანის ტბის კუნძული). გრანდ გრილს გვერდით კიდევ ერთი ახალი რესტორანი – გრანდ გრილ fish დაემატა, სადაც თევზეულს შემოგთავაზებენ. მათ შორის ბევრია გაყინული, მაგრამ აქვთ ახალი თევზიც, ასე რომ, შეკვეთისას დააზუსტეთ, მით უმეტეს, რომ სერვისი მაღალპროფესიონალური და ერთ-ერთი საუკეთესოა, რასაც არა მხოლოდ აჭარაში, თუნდაც საქართველოში შევხვედრივარ. 


ფოტო: ბესო ერაძე
Georgia Palace Hotel

აღმაშენებლის ქ. №275 
ქობულეთი, საქართველო
ტელ.: 2 24 24 00
www.gph.ge
შერატონისგან კარდინალურად განსხვავებულია პირველი ქართული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, GPH-ის მსოფლმხედველობა. ზღვის სანაპიროზე მდგარი ეს შვიდსართულიანი და 156-ოთახიანი სასტუმრო (ფასები 190 USD-დან) მშვიდი დასვენების და, რაც მთავარია, ზღვასთან ახლო კონტაქტის საშუალებას იძლევა. სასტუმროს წინ, სანაპიროს ფართო პრომენადა მიუყვება, ზღვის ხედით აღჭურვილი აივნიანი ოთახებიდან ნებისმიერ დროს გარეთ გამოხვალ და ჰორიზონტს გაუსწორებ თვალს, ღამით ღია კარებიდან შემომავალი ტალღების ხმა ჩაგესმის. მართალია ოთახების მოწყობის ხარისხი აშკარად ჩამოუვარდება შერატონის კეთილმოწყობას, თუმცა ნაკლებად პრეტენზიული დამსვენებელი კმაყოფილი დარჩება, რომ ძირითადი კომფორტის ყველა საშუალება ადგილზეა (საკაბელო ინტერნეტი, ტელევიზორი, მინი ბარი). 
სასტუმროს შიდა ეზო ღია აუზს უკავია, აუზის ირგვლივ ფუნქციონირებს აუზის ბარი, სადაც შესაძლებელია გამაგრილებელი სასმელების და საკმაოდ ღირსეული და სადა ბარის მსუბუქი კერძების მირთმევა. იგივე დონეზე, სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს რესტორანი აჭარა, სადაც საუზმის, სადილის და ვახშმის შვედური მაგიდები იშლება. ოთახის ღირებულებაში შედის საუზმე, თუმცა შესაძლებელია სამჯერადი კვების პაკეტის აღებაც, რასაც სტუმრების უმეტესობა ამჯობინებს, იმდენად რამდენადაც აქ უმეტესად პასიური დასვენების მუშტარი მოედინება. იტალიიდან მოწვეული შეფ-მზარეული «ქართულ-იტალიურ» მენიუს ამზადებს. საუზმე საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება, რასაც ვერ ვიტყვით სადილზე, იტალიურ კერძები იტალიური ხარისხით რომ მომზადდეს, ალბათ უმჯობესი იქნება. 

ბოლო სართულზე გაშენებულია წითელი ღამის ბარი – La Perla, იტალიური მოტივებით გაფორმებული სივრცე (სოფი ლორენის, ალ პაჩინოს და სტალონეს ფოტოებით), რომელიც საკმაოდ განიერ და სასიამოვნო ღია ტერასაზე – roof garden-ზე გადის. ამავე სივრცეშია იტალიური რესტორანი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სეზონურად ფუნქციონირებს. 


ფოტო: ბესო ერაძე
სასტუმროს კომპლექსი აღჭურვილია სტანდარტული დახურული აუზით, სპა-ცენტრით, სადაც ტრადიციული გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღმა (სახის დეზინკრუსტაცია, შვედური მასაჟი, ინფრაწითელი საუნა, ჰიდრო-კოლონოთერაპია) ინდური პანჩაკამა პროცედურების გავლაც შეიძლება აიურვედას ცენტრში, რომელსაც ინდოეთიდან სპეციალურად მოწვეული სპეციალისტი ჩაგიტარებთ. ასევე შესაძლებელია იოგას ვარჯიშების და მიზნობრივი მასაჟების ჩატარება ჯანმრთელობის სხვადასხვა მოთხოვნილების მიხედვით.

და მაინც, ვისაც ერთი და იმავე ხედის ყურება და ზღვის სანაპიროზე სეირნობა მობეზრდება, შეუძლია მიმართოს სასტუმროს კონსიერჟს, რომელიც ერთდღიან ტურს შემოგთავაზებთ ულამაზესი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე (ერთდღიანი ტურის ღირებულება, რომელშიც შედის პიკნიკი, 90 ლარი). 

კინტრიშის ნაკრძალი მდინარე კინტრიშის ხეობას მიუყვება და სუბალპურ მდელოებზე იშლება. აქ მოგზაურობა შთამბეჭდავია. აქ გვხვდება მდიდარი კოლხური ფლორა-ფაუნა და შერეული კოლხური ტყე, რომელიც მდიდარია წაბლნარით და წიფლნარით. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე თაღოვანი ხიდი და XV საუკუნის ეკლესია. ამ ან სხვა ტურისტული მარშრუტის ტურის საკუთარი ინიციატივით ორგანიზებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.visit-adjara.com 

კომენტარები