ჩინეთი დასავლეთ რეგიონში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

ჩინეთი დასავლურ რეგიონ სინძიანში  უსაფრთხოების ორთვიან კამპანიას იწყებს. კამპანიის ნაწილია პოლიციის  24 საათიანი პატრულირება, ადამიანების მუდმივი იდენტიფიკაცია, ქუჩების გაჩხრეკა, კრიმინალური დანაშაულების დაჩქარებული გამოძიებები და დაჩქარებული სასამართლოები. სინძიანის ადგილობრივი სამმართველოს ვებგვერდის მიხედვით,  კამპანიის მიზანი ”ტერორისტული ჯგუფების განადგურება და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაა.”

რეგიონში უსაფრთხოების ძალების მობილიზაცია ძალადობის 5 კვირიანმა სერიამ გამოწვია, რომელსაც ოცდაათამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაძაბულობა ეთნიკურ ჯგუფებს, უიღურსა და ჰანს შორის მოხდა.

Human Rights Watch-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ასეთი კამპანია  რეგიონში წელიწადში ერთხელ მაინც ტარდება და უიღურის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების პოლიტიკურ ინდოქტრინაციასაც ისახავს მიზნად.

სინძიანის ადგილობრივმა სამმართველომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თავდასხმის ორგანიზატორი დააკავა. ძალოვანი სტრუქტურების განმარტებით ის პაკისტანში იყო გაწვრთნილი. უიღური ექსტრემისტების პაკისტანში ყოფნა და წვრთნები ძალიან აღელვებს ჩინეთს. პაკისტანი ჩინეთს ამ საკითხში სრული თანამშრომლობა დაპირდა.

კომენტარები