დამაფიქრებელი წაგება პოლონეთთან

გუშინდელ დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ნამდვილად არ ჰქვია. ამხანაგურ შეხვედრაში ვერც ეროვნულმა და ვერც ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვერ გაიმარჯვა. ლუბინში დიალოგ არენაზე გამართულ დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პოლონელებთან წააგო 0:1. ეს ერთადერთი გოლი სტუმართა კარში, მასპინძელთა კაპიტანმა, დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ გაიტანა.

რეალურად ამ ერთი მომენტის გარდა, რომელიც დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო მივიღეთ, პოლონელებს არაფერი შეუქმნიათ. მათზე უფრო მეტი საგოლე მომენტი ქართველებს ჰქონდათ, უბრალოდ თემურ ქეცბაიას ფეხბურთელებმა ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხეს. განსაკუთრებით დასანანი ოთარ მარცვალაძის მომენტი იყო. მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა თავდამსხმელმა ტექნიკურად ბურთის თავზე გადაგდების მაგივრად, ძირს დაცემულ მეკარეს ძლიერად დაურტყა და მოაერტყა კიდეც ბურთი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ძირითადში დაიწყო უკრაინული ოლექსანდრიის ფეხბურთელმა დავით თარგამაძემ. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მან ჩვენი გუნდის შეტევებს მრავალფეროვნება და სისწრაფე შემატა. თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მას უახლოესი თამაშებისთვის თემურ ქეცბაია ალბათ ისევ გამოიძახებს.

ცოტა არ იყოს გაუგებარია პირველი ტაიმის შემდეგ ალექსანდრე ამისულაშვილის შეცვლა. ის თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და უამრავ მომენტში კარგად დააზღვია ისინი. ერთადერთი გოლის მომენტში ვერ გადაარჩინა ნაკრები.

ყველაზე საწყენი ის არის, რომ გასულ წელს ხანგრძლივი წაუგებელი სერიის შემდეგ, წელს საქართველოს ნაკრებს წაგებების სერია დაეწყო. ეროვნულმა ნაკრებმა უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო.

ევროპის ჩემპიონატის მომავალ მასპინძლებთან ჩატარებული შეხვედრა, საქართველოს ნაკრებისათვის ბოლო გამოცდა იყო. ახლა გუნდს სექტემბერსა და ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატისათვის შესარჩევი სამი მატჩის გამართვა უწევს. ის სამი დაპირისპირება ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.

 

ამხანაგური მატჩი

პოლონეთი - საქართველო 0:1

გოლი: 1:0 ბლაშჩიკოვსკი (36)

პოლონეთის ნაკრები: შჩესნი, ვოიტკოვიჩი, იოდლოვიცი, გლოვაცკი, ვავრინიაკი, პოლანსკი (დუდკა, 75), მურავსკი (მატუშიკი, 85), მიერჟეჩევსკი, ბლაშჩიკოვსკი (რიბუსი, 90), ობრანიაკი (პავლოვსკი, 80), ლევანდოვსკი (ბროჟეკი, 60)

საქართველოს ნაკრები: ლორია, ლობჟანიძე, ხუბუტია, ამისულაშვილი (გრიგალავა, 46), კალაძე, კანკავა (დაუშვილი, 74) კობიაშვილი (კვირკველია, 80), გრიგალაშვილი (კაშია, 63) თარგამაძე, მარცვალაძე (ვაწაძე, 63), დვალიშვილი (გურული, 46)

კომენტარები