ირანულმა ჟურნალმა ქრისტიანული კარიკატურები გამოაქვეყნა

 ირანულმა ჟურნალმა javan-მა ანტიქრისტიანული კარიკატურები გამოაქვეყნა. ადგილობრივი ქრისტიანული სააგენტო www.Mohabatnews.com წერს, რომ კარიკატურები იუმორისტული და კომიკურ ხასიათს არ ატარებს. ”მათი გამოქვეყნების ერთადერთი მიზანი ქრისტიანების შეურაცხყოფაა. სახეზეა ხელისუფლების მორიგი ძალისხმევა ქრისტიანობაზე თავდასხმისა და მისი დისკრიმინაციისთვის” წერენ ირანელი ქრისტიანები. მათივე ცნობით, ჟურნალი ირანული სამხედრო პოლიციის რუპორია.

ერთ-ერთ კარიკატურაზე დატანილი წარწერა განმარტავს, რომ ქრისტიანობამ საკუთარი ბრწყინვალება და ძალა დაკარგა. ნახატზე გამოსახულია მოხეტიალე მღვდელი, რომელიც ქვეყნიდან ქვეყანაში ბოშასავით მოგზაურობს და ყვირის - ”შეინანეთ!” როცა მის ქადაგებას არ ისმენენ, შეუგნებელი მღვდელი საზოგადოებას სდებს ბრალს. მეორე კარიკატურაზე ქრისტე ფეისბუქის სიმბოლოზეა გაკრული.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი გამოსახულება თავად მუსლიმებისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს. ყურანის მიხედვით, ისა, იგივე იესო, ალაჰის წინასწარმეტყველი და მუჰამედის წინამორბედია. წინასწარმეტყველთა გამოსახვას კი ისლამი მკაცრად კრძალავს. ალბათ სწორედ ამ ფაქტორის ნაწილობრივ გათვალისწინებით, კარიკატურაზე ჯვარცმულის სახე დაფარულია.

2007 წელს კარიკატურისტი კურტ ვესტერგარდის მიერ დანიურ ჟურნალში გამოქვეყნებული მუჰამედის ორ კარიკატურას მუსლიმი ფუნდამენტალისტების რისხვა მოყვა. ვესტერგარდის მოსაკლავად საგანგებო ფატვა გამოიცა და ჯილდო დაწესდა. ირანში განრისხებულმა მასამ დანიის საელჩოს შენობა დაწვა. მუსლიმთა აგრესიული რეაქციის გათვალისწინებით, ირანელი ქრისტიანები იმედოვნებენ, რომ მომავალში მუსლიმები შეურაცხყოფას კვლავ კარიკატურებით უპასუხებენ.

კომენტარები