ზესტაფონს ბრიუგე და დინამოს აეკი შეხვდება

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ლიგის ფლეი ოფის კენჭისყრა გაიმართა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, თბილისის დინამოსა და ზესტაფონის მომავალი მეტოქეების ვინაობის გაგება იყო. ყველაფერი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ქართული გუნდები ბოლო ორ კალათაში მოხვდნენ და შესაბამისად, მათი მოწინააღმდეგეების გარკვევაც შედარებით გაჭიანურდა. საბოლოოდ დადგინდა, რომ თბილისის დინამო ბერძნულ აეკს დაუპირისპირდება. ზესტაფონი კი თავის მხრივ ბელგიურ ბრიუგესთან მოსინჯავს ძალებს.

ახლა შეიძლება ითქვას, რომ ბედმა არ გაგვწირა. შეიძლებოდა ბევრად უფრო რთული მეტოქეები შეგვხვედროდა. მაგალითად: სევილია, ბრაგა და შალკე 04. ვერც ახლანდელ მოწინააღმდეგეებს - ბრიუგესა და აეკს დავარქმევთ საჩუქარს, მაგრამ გადაულახავი ბარიერიც ნამდვილად არ ეთქმის.

ევროპის ლიგის ფლეი ოფის მატჩები 18 და 25 აგვისტოსაა დაგეგმილი. წესით პირველი თამაში ორივე ქართულ გუნდს სახლში უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ სავარაუდოდ ეს ვერ მოხერხდება. დინამოც და ზესტაფონიც საშინაო შეხვედრებს ეროვნულ სტადიონზე ატარებენ. ერთ დღეს ორი თამაშის ერთ მოედანზე გამართვა უეფას კანონმდებლობით დაუშვებელია. შესაბამისად, გუნდებსაც და უეფას ხელმძღვანელობას მოუწევთ შეთანხმება, როდის და სად ითამაშებენ ეს წყვილები.

კომენტარები