თბილისში საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო დაარსდა

სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სტანდარტებსა და მეთოდოლოგიაზე გადადიან. ამიერიდან საბავშვო ბაღების რეფორმას დამოუკიდებელი იურიდიული პირი, საბავშვო ბაღების  მართვის სააგენტო  უხელმძღვანელებს.

მომავალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღები დაფინანსების ახალ სისტემაზე გადავლენ. გაუქმდება არაოფიციალური გადასახადები. თითოეული ბაღი დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხარისხის შესაბამის  გადასახადს დააწესებს. ინდივიდუალური ტარიფის მინიმალური ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ეს გადასახადი არ უნდა აღმატებოდეს იმ რაოდენობას, რაც რეალურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ერთი ბავშის შენახვას სჭირდება.

სკოლამდელი აღზრდისთვის ყოველი მშობელი ინდივიდუალურ თანხას გადაიხდის. საბავშვო ბაღის ასაკის მეორე შვილის სწავლებაში მშობელი პირველის სწავლის ღირებულების 50%-ს გადაიხდის, მესამე ბავშვის სწავლება კი უფასო იქნება.

სოციალურად დაუცველი, 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების შვილებისა და ინკლუზიურ პროგრამაში ჩართული ბავშვების სწავლების გადასახადს თბილისის მერია დაფარავს (ჯამში 13 000-ზე მეტი აღსაზრდელი).

საბავშვო ბაღების სააგენტომ 2-5 წლის ბავშვების განაცხადების მიღება დაიწყო. ამჟამად სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს მიიღებს. 15 აგვისტოდან კი რეგისტრაციის გავლას და საცხოვრებელი მისამართის მიხედვით სასურველი ბაღის არჩევას ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს.

კომენტარები