კრისტინ ლაგარდს სასამართლო ემუქრება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, დომინიკ სტროს-კანი  სასტუმროს მოახლეზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ამერიკაში იმყოფება. სამართალდამცავებთან პრობლემები აქვს ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტს, კრისტინ ლაგარდსაც. ის 2007-2011 წლებში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი იყო, ფრანგი მოსამართლები კი ამ თანამდებობაზე ყოფნისას მის საქმიანობას იკვლევენ. ლაგარდი ჩაერია სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფი ბანკისა და ერთ-ერთი ფრანგული კორპორაციის იურიდიულ დავაში. პროკურორებს აინტერესებთ, გადააჭარბა თუ არა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა საკუთარ უფლება-მოვალეობებს.

ლაგარდი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქმიდან მას არანაირი პირადი სარგებელი არ მიუღია. შესაძლოა საქმის განხილვამ სასამართლომდე მაინც მიაღწიოს, რაც სავარაუდოდ ლაგარდს ხელს შეუშლის საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობაში. ლაგარდმა ახლანდელი პოსტი ივლისში მიიღო.

ფრანგი პროკურორების მტკიცებით, ლაგარდმა საკუთარ უფლებამოსილებებს მაშინ გადააჭარბა, როდესაც სანქცია გასცა ბიზნესმენ ბერნარ ტაპისთვის 285 მილიონი ევროს (406 მილიონი ამერიკული დოლარი) გადახდაზე. ტაპი 1992-1993 წლებში, სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პიერ ბერეგოვოის მთავრობაში ქალაქთა საქმეების მინისტრი იყო. თუმცა შემდეგ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა და 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მემარჯვენე ნიკოლა სარკოზის უჭერდა მხარს. იმ დროისათვის ტაპის სასამართლოში ჰქონდა საქმე ადრე სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ბანკ Credit Lyonnais-თან. ტაპი ბანკს თაღლითობაში ადანაშაულებდა. საქმე ეხებოდა 1990-იან წლებში სპორტული ეკიპირების კომპანია Adidas-ის ტაპის კუთვნილი წილის გაყიდვას. საფრანგეთის სხვადასხვა რანგის სასამართლოებში გრძელვადიანი პროცესის შემდეგ, კრისტინ ლაგარდმა, ფინანსთა მინისტრად ყოფნის დროს, ორივე მხარე აიძულა არბიტრაჟისთვის მიემართათ.

კომენტარები