იაპონიის პარლამენტმა კომპენსაციის გეგმა მიიღო

იაპონიის პარლამენტმა მიიღო ფუკუშიმა დაიიჩის ატომური ელექტროსადგურის დაზიანების შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის გეგმა. ელექტროსადგურის ოპერატორ Tepco-ს (Tokyo Electric Power) კომპენსაციების გადახდაში მთავრობაც დაეხმარება. მარტში იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ქვეყნის  დასავლეთ სანაპიროზე მძლავრი ცუნამი გამოიწვია. ცუნამიმ ფუკუშიმას ელექტროსადგურების რეაქტორები მძიმედ დააზიანა, რასაც რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა მოჰყვა. ფუკუშიმას მიმდებარე ტერიტორიებიდან 80,000 ადამიანი გაასახლეს. კომპენსაციას მათ გარდა, ადგილობრივი ბიზნესიც დაექვემდებარება.

Tepco-მ რამდენიმე ხნის წინ 15 მილიარდ დოლარიანი ზარალის შესახებ გამოაცხადა. კომპენსაციების სახით კი მას 100 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტის გადახდა შეიძლება მოუწიოს. იაპონიის პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ახალი ფონდი ბირთვული კრიზისით დაზარალებულთათვის. Tepco-ს კომპენსაციების გადახდაში იაპონიაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების სხვა ოპერატორი კომპანიებიც დაეხმარებიან. ისინი ფონდში ყოველწლიურად გარკვეულ თანხას შეიტანენ.

ფასიანი ქაღალდებისა და საინვესტიციო ბანკინგის კომპანიის, Jefferies-ის წარმომადგენლის, ნაომი ფინკის თქმით, კომპენსაციები ისევ იაპონიის ეკონომიკაში შებრუნდება, რასაც გარკვეული დადებითი ეფექტი ექნება. თუმცა ფინკმა აღნიშნა, რომ იაპონიაში ელექტროენერგიის ღირებულების ზრდა გაგრძელდება, რაც სავარაუდოდ მასზე მოთხოვნას შეამცირებს.

კომენტარები