ზესტაფონმა ფეხბურთით 1:1 ითამაშა

 საქართველოს ჩემპიონმა ზესტაფონმა ეროვნულ სტადიონზე ფეხბურთი ითამაშა, ამ სიტყვის სრული გაგებით. იმერულმა კლუბმა გულშემატკივარს ის დრო გაახსენა, როდესაც ქართველ მოთამაშეს ფინტის გაკეთება და მეტოქის მოტყუება არ ერიდებოდა. ამასთან ერთად, არც გრძელი და მოკლე პასების გაკეთება წარმოადგენდა დიდ პრობლემას. გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზესტაფონი გრაცის შტურმს დაუპირისპირდა. იმერული კლუბის ფეხბურთელებმა მაყურებელს დიდი სიამოვნება მიანიჭეს. საწყენი მხოლოდ ის იყო, რომ ასეთი თამაშის მიუხედავად, საბოლოოდ შეხვედრა მაინც 1:1 დასრულდა.

არადა, ზესტაფონს ყველა შანსი ჰქონდა თბილისში კარგი ფორა მოეპოვებინა და ავსტრიაში ფავორიტის რანგში ჩასულიყო. ახლა საშინაო შეხვედრაში უკვე გრაცელები იქნებიან შემდეგ ეტაპზე გასვლის მთავარი პრეტენდენტები. ამის მიუხედავად, გია გეგუჩაძის გუნდი კიდევ ინარჩუნებს მომდევნო ეტაპზე მოხვედრის კარგ შესაძლებლობას.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოთამაშეებმა ფსიქოლოგიურად მომზადება მოახერხონ. მოიხსნან კომპლექსები და ავსტრიაშიც ანალოგიური ფეხბურთი ითამაშონ. გრაცში მათ აუცილებლად მიეცემათ გოლის გატანის საშუალება და მთავარია ეს მომენტები ხელიდან არ გაუშვან.

რაც შეეხება თბილისურ შეხვედრას. საქართველოს ჩემპიონს გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა. თამაშს თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა და გამოცდილ მოწინააღმდეგეს არაფრის საშუალებას არ აძლევდა. პირველი ტაიმი უგოლოდ 0:0 დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარშიც ანალოგიურად ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ 74 წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა მოწინააღმდეგის კარი აიღო. ავსტრიელები დაიბნენ და იმავე გელაშვილს, რამდენიმე წუთში შესანიშნავი მომენტი შეექმნა, მეკარეც მოატყუა და საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში ვეღარ მოჭრა ბურთი. ამან უკვე ზესტაფონის ფეხბურთელები დააბნია და დაახლოებით ერთ წუთში, გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, გიორგი ონიანმა ბავშვური შეცდომა დაუშვა, პატრიკ ვოლფმა მიიღო ბურთი, საჯარიმომდე ირბინა და შემდეგ მეკარეს თავზე გადაუგდო - 1:1. აქ უკვე გამოჩნდა, რომ შტურმის ფეხბურთელები უკეთ იყვნენ ფიზიკურად მომზადებულები. თამაშის კარნახი მათ დაიწყეს, ქართველები კი ისე კარგად ვეღარ გამოიყურებოდნენ. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

გია გეგუჩაძის გუნდში ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა, მაგრამ რამდენიმე მაინც გამოსარჩევია. უპირველეს ყოვლისა ესაა ჯაბა დვალი. იმერული კლუბის თავდამსხმელმა მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და, რაც ყველაზე მთავარია, მაყურებელს ტექნიკის დემონსტრირებითა და მახვილგონივრული გადაცემებით უდიდესი სიამოვნება მიანიჭა. ალბათ აღმოჩენა შეიძლება დავარქვათ 18 წლის ცენტრალური მცველის, მამუკა კობახიძის თამაშს. მას ტრავმირებული გიორგი ხიდეშელის შეცვლა მოუწია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და ეს მის ყველა მოძრაობას ეტყობოდა. სანამ დაიღლებოდა, უდიდეს სამუშაოს ასრულებდა გუნდის კაპიტანი თორნიკე აფციაური.

განმეორებით შეხვედრას ზესტაფონი გრაცში ერთი კვირის შემდეგ გამართავს და უკვე იქ შეეცდება ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებას.

 

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი, პირველი შეხვედრა

ზესტაფონი - შტურმი 1:1

გოლები: 1:0 გელაშვილი (74), 1:1 ვოლფი (79)

ზესტაფონი: კვასხვაძე, ალადაშვილი (ბენაშვილი, 82), კობახიძე, ონიანი, ელიავა (ჭანკოტაძე, 88), დაუშვილი (გორგიაშვილი, 57), ძარია, გრიგალაშვილი, აფციაური, დვალი, გელაშვილი

შტურმი: გრაცაი, ფოფხაძე, ვებერი, მურატოვიჩი, ბურგშტალერი, კაინცი (შტანგლი, 90), ნოიჰოლდი, ერენრაიხი, კინასტი (ჰაასი, 82), ფოდა (კოხი, 83), ვოლფი

კომენტარები