ივლისის შორტები

ზაფხულობით ბევრი რამე მოკლდება. ყოველ შემთხვევაში, სიცხეში ყველაფერი მოკლე კარგია: მოკლე თმები, მოკლე კაბები, Short stories, შორტები, შორტკატები (აშკარად ცხელა)... და რა თქმა უნდა, Short Films - მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

მოკლედ, თუ ჯერ კიდევ თბილისში ხართ, გირჩევთ ცხელი ხუთშაბათი საღამო ლისის ტბაზე, Lisi Lounge-ში გაატაროთ - Future Shorts One-ის ივლისის ღონისძიებაზე.   

28 მაისს, საღამოს 9 საათზე Future Shorts Georgia უკვე მესამე საღამოს მოაწყობს. ამჯერად FS ONE რვა მოკლემეტრაჟიან ფილმს გთავაზობთ, რომელთაგან ორი დოკუმენტურია, ერთიც - მხატვრული, ორი - ანიმაცია, ორი - მუსიკალური ვიდეო, ხოლო ერთი ქართული პროდუქტია - თამუნა სულამანიძის ”37 გრადუსი”. ამ მხატვრული მოკლე ფილმის ნახვისას შეიძლება უფრო დაგცხეთ კიდეც, მაგრამ მგონი, ღირს. და საერთოდ, ივლისის ფილმები გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა თვეების სელექცია. წესით, სასიამოვნოდ გულაჩუყებულები და გამხიარულებულები დარჩებით და ორ უცნაურ ამბავსაც კი გაიგებთ, რაც აქამდე ალბათ არ იცოდით. ქვემოთ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ იმ შვიდი ფილმის მოკლე მიმოხილვას, რომელსაც ივლისში, ქართველ მაყურებელთან ერთად, კიდევ 17 ქვეყნის მაყურებელი ნახავს.

კინო-ჩვენების მერე კი Future Shorts Georgia, ტრადიციულად, თქვენს გართობას შეეცდება. ამაზე DJ Tomma (DJ Set) და ნინო ტოგონიძე (visual) იზრუნებენ.    

ამ კულტურულ ამბებთან ერთად, ლისის ტბაზე შედარებით სიგრილეც იქნება და მოკლედ, აუცილებლად შეიჭყიტეთ. სულ რაღაც 5 ლარი ღირს. ამით ცხელ და გრძელ დღეს (დღეები კია გრძელი ზაფხულობით) მშვენივრად შეივსებთ და შეიმოკლებთ, ისე, როგორც Future Shorts შეშვენის.

Future Shorts One-ის ივლისის ოფიციალური პროგრამა

R.E.M. – Uberlin - რეჟ. სემ ტეილორ ვუდი/2011/დიდი ბრიტანეთი:

ეს გახლავთ ვიდეო განთქმული ჯგუფის R.E.M.-ის სიმღერისთვის Uberlin, სადაც ფილმი Kick-Ass-იდან ცნობილი ახალგაზრდა მსახიობი აარონ ჯონსონი თამაშობს. სიმღერა ჯგუფის რიგით მეთხუტმეტე სტუდიური ალბომიდან, Collapse Into Now-დან არის.

ბიჭი, რომელსაც უნდოდა, ლომი ყოფილიყო - რეჟ. ალოის დე ლეო/2010/დიდი ბრიტანეთი:

მაქსი შვიდი წლის ყრუ ბიჭია, რომელიც 1960-იან წლებში იზრდება. ერთ დღესაც, სკოლიდან ექსკურსიაზე ზოოპარკში წაიყვანენ. იქ კი, ცხოვრებაში პირველად, ლომს ნახავს. მაქსში ახალი გრძნობები ისადგურებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

როგორ იკრიფება კენკრა - რეჟ. ელინა ტალვენსაარი/2010/ფინეთი:

ეკონომიკა მხატვრულ ამბებზე უცნაურია. ხალხი შორეული მხარეებიდან ჩრდილოეთ ფინეთის ნისლიანი ჭაობებისკენ მიეშურება. მიუხედავად იმისა, რომ ეს უცხოელები სრულიად უვნებლები არიან, მათი იქ ყოფნა ადგილობრივთა ცხოვრების ჩვეულ რიტმს მოულოდნელად აღრღვევს.

La Patrona - რეჟ. ლიზეტ არგუელო/2009/მექსიკა:

პატარა ფილმი ვერაკრუზში მდებარე La Patrona-ს ბინდარ ქალთა სოლიდარობისა და კაცთმოყვარეობის შესახებ. ეს ქალები საკვებით ამარაგებენ ცენტრალური ამერიკის იმ ათასობით მიგრანტს, რომლებიც მექსიკის საზღვრის გავლით ა.შ.შ.-ში მოხვედრას ცდილობენ.

გულიდან გულში - რეჟ. იოჰან ბრისინგერი/2006/შვედეთი

გულისამაჩუყებელი ამბავი დანიელისა და იმ ოჯახის შეხვედრის შესახებ, რომელთა გარდაცვლილმა შვილმაც დანიელი სიკდვილისგან იხსნა..   

ძაღლთა კუნძული - რეჟ. სერჟ ავედიკიანი/2010/საფრანგეთი:

ქუჩები უსახლკარო ძაღლებითაა გადავსებული. ახალმოსული მთავრობა დასავლური საზოგადოების მოდელის გავლენის ქვეშაა და ძაღლების განადგურების მეთოდის ასარჩევად ევროპელ ექსპერტებს იხმარებს. ბოლოს კი გადაწყვეტს, ძაღლები ქალაქგარეთ, უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლოს. 2010 წელს, კანის ფესტივალზე, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში, ამ ფილმს ოქროს პალმის რტო აქვს მოპოვებული.


Batteles – Ice Cream - რეჟ. CANADA/2011/ესპანეთი:რეჟისორთა ესპანური გუნდი, CANADA, ჯგუფი Battles-ის ახალი სიმღერისთვის - Ice Cream - ვიდეოს იღებს. ამისათვის გუნდმა თავისი ადრეული ნამუშევარი ახლებურად დაამონტაჟა, კარგი შედეგის მისაღწევად კი ბევრი ნაყინი, საღებავი და ცელქობა მშვენიერი საშუალება აღმოჩნდა.       

 

 

 

 

 

კომენტარები