დღეს ზესტაფონს საქართველო ელოდება

დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ზესტაფონი გრაცის შტურმს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისში ტარდება. მატჩი 20 საათზე დაიწყება. ზესტაფონელებს გარკვეული საკადრო პრობლემები აწუხებთ. განსაკუთრებულად დიდი დანაკლისი, ცენტრალური მცველის, გიორგი ხიდეშელის ტრავმაა. მოლდოვაში დაჩიასთან შეხვედრისას მან მენისკი და ჯვარედინი მყესები დაიზიანა. ამ პრობლემების მიუხედავად, გია გეგუჩაძე და მისი ფეხბურთელები გამარჯვებისათვის აპირებენ ბრძოლას.

გრაცის შტურმი ქართველებისათვის უცხო არ არის. წლების განმავლობაში ამ გუნდის შემადგენლობაში - დავით მუჯირი, ილია კანდელაკი და გიორგი შაშიაშვილი თამაშობდნენ. ახლა ამ სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი - გიორგი ფოფხაძე შეუერთდა. ეს მოთამაშე ავსტრიულ კლუბში სწორედ ზესტაფონიდან გადავიდა. გასული სეზონი ფოფხაძემ იმერულ კლუბში გაატარა.

ასეთ ნაცნობობასთან ერთად, გრაცელებთან უშუალოდ მოედანზე ნაცნობობაც გვაკავშირებს. ერთი წლის წინ, თბილისის დინამომ შტურმის წინააღმდეგ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფმა დედაქალაქელებმა მაშინ ავსტრიელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველი შეხვედრა გასვლაზე 0:2 დათმეს. თბილისში კი კაცნაკლულებმა ფრედ 1:1 ითამაშეს.

აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ შტურმის აშკარა ფავორიტად მონათვლა ზესტაფონთან დაპირისპირებაში არ შეიძლება. რეალურად შანსები 50-50-ზეა.

ბოლოს პრობლემად ქცეულ სატელევიზიო რეპორტაჟებზეც ვიტყვით. როგორც იქნა, ხანგრძლივი გაურკვევლობის შემდეგ, პირველმა არხმა და ზესტაფონმა საერთო ენა გამონახეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელს დღეს 20 საათიდან შესთავაზებს.

ამასთან ერთად, შეთანხმება მოხერხდა მეტალურგსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორისაც. 28 ივლისს რუსთაველების ფრანგულ რენთან დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟსაც პირველი არხი გააკეთებს. ეს თამაში 21 საათზე დაიწყება.

კომენტარები