დალაი-ლამა აშშ-ში

ტიბეტის რელიგიური ლიდერი, დალაი-ლამა, ათდღიანი ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფება. ის წარუძღვება ბუდისტურ რიტუალს – კალაჩაკრა მსოფლიოსათვის – რომელშიც ბუდიზმის მიმდევარი ამერიკელები მიიღებენ მონაწილეობას. ტიბეტის ლიდერს კონგრესმენებთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, თეთრი სახლის არც ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი – მათ შორის, არც პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი – მასთან შეხვედრას არ აპირებს.

პრეზიდენტ ობამას, დალაი-ლამა ადრეც შეხვედრია – ვაშინგტონში 2010 წელს, მაგრამ ადმინისტრაციამ ეს შეხვედრა, ასე ვთქვათ, „მიაფუჩეჩა” – ტელევიზიით არ გაშუქებულა და მხოლოდ ერთი ფოტოსურათი გამოქვეყნდა. არადა წინა ადმინისტრაციებისგან, თუნდაც რეიგანის დროს ანდა ობამას წინამორბედ ჯორჯ ბუშის დროს – ტიბეტის ლიდერის გულთბილი დახვედრები გვახსოვს. ჩინეთის მწვავე რეაქციების მიუხედავად, პრეზიდენტები არ ერიდებოდნენ დალაი-ლამასთან ტიბეტის პრობლემების განხილვას. მეტიც, ამას წინათ დალაი-ლამამ ბუშის ინსტიტუტს დალასში, ტიბეტის 1963 წლის კონსტიტუციის ისტორიული ნიმუში საჩუქრად გადასცა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, როცა ამერიკის პრეზიდენტები დალაი-ლამას ხვდებოდნენ, მაშინ ეს უკანასკნელი ტიბეტის მთავრობის ხელმძღვანელი გახლდათ. ახლა ის მხოლოდ რელიგიურ ლიდერად რჩება, ხოლო საერო ხელისუფლების სადავეებს 8 აგვისტოს სობსანგ სანგაი აიღებს ხელში. ასე რომ, პრეზიდენტ ობამასათვის უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო დალაი-ლამასთან შეხვედრა.

რამდენად ადეკვატურად იქცევა ობამას ადმინისტრაცია, როცა ამგვარ ნაბიჯს დგამს? დალაი-ლამა მშვიდობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ ითვლება და აგერ უკვე 52 წელია, ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებას მშვიდობიანი გზებით ებრძვის. ამ ვიზიტამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებიან ამ ვიზიტს, რადგან დალაი-ლამა საფრთხეს უქმნის ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ტიბეტის დედასამშობლოდან მოწყვეტა სურს. პეკინმა საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა, რას იზამს ობამა?

კომენტარები