უპრეცედენტო კვლევა დაიწყო

საუკეთესო ქართული სამეცნიერო ნაშრომების გამოვლენას ისახავს მიზნად პროექტი, რომლის განხორციელების ინიციატივაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ლიტერატურულ პორტალ “ლიბ.გე”-ს ეკუთვნის. უპრეცედენტო კვლევას მხარი ფონდმა “ღია საზოგადოება - საქართველომ” დაუჭირა.  

პროექტის პრეზენტაციას უძღვებოდა ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია, რომელმაც გვითხრა: _ “ასეთი ტიპის კვლევა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და იმისათვის, რომ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში შექმნილი საუკეთესო ნაშრომების გამოვავლინოთ, უნდა გამოვკითხოთ ექსპერტები, რომლებსაც მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში წამყვანი პოზიციები უჭირავთ. მათი რჩეულები სპეციალური კითხვარის შევსებისას გამოვლინდებიან. კვლევის შედეგები აუცილებლად გამოქვეყნდება და დაიდება როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ასევე “ლიბ.გე”-ს საიტებზე”.  

ემზარ ჯგერენაიას საუბრიდან შევიტყვეთ, რომ პროექტის  განხორციელების იდეა გიორგი კეკელიძესთან ერთად გაუჩნდა. საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების გამოვლენის პროცესში, ეროვნული ბიბლიოთეკის – ბორის გაგუას ხელმძღვანელობით, ჩართულია ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ლაშა გველესიანი (ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტთან ურთიერთობის უფროსი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი), გიორგი კილაძე (ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე), გიორგი საბანაძე (კომუნიკაციის ოფიცერი) და სხვები. 

პროექტის მონაწილეებმა ქართული მეცნიერების ისტორია პირობითად ორ პერიოდად დაყვეს, რომელთაგან პირველში გაერთიანებულია შუა საუკუნეებიდან მოყოლებული 1991 წლამდე, ხოლო მეორეში _ 1991 წლიდან დღევანდლამდე პერიოდები. “ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ კლასიკური ეპოქის ნაწარმოებების შეფასება თანამედროვეობისგან ცალკე მოხდეს. ვფიქრობ, ასე უკეთესად ავსახავთ საქართველოში მეცნიერების განვითარებას”, _ აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.

ქართულენოვანი, ან ქართველი მეცნიერების მიერ უცხო ენაზე გამოქვეყნებული საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების გამოსავლენად ექსპერტები პროექტის ავტორების მიერ შეთავაზებული კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ. სელექციის პროცესში სამეცნიერო შრომის საერთაშორისო აღიარებას, მის მნიშვნელობას, თუნდაც, მხოლოდ ლოკალურ სივრცეში, კონკრეტული დარგის განვითარებაში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

“ლიბ.გე”-ზე დღეისათვის არსებული სამეცნიერო განყოფილება ძალიან მწირია და ივანე ჯავახიშვილის ერთი-ორი ტომით თუ შემოიფარგლება, ან რამდენიმე ესსეს ტიპის ნაწარმოებით, რომლებსაც სამეცნიერო ნაშრომებად ვერ ჩავთვლით. არადა, თანამედროვე ანდაზას თუ მოვიშველიებთ, ის, რაც ინტერნეტში არ არის, არ არსებობს და რამდენად უტრირებულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ნათქვამი, მკითხველისთვის სამეცნიერო ნაშრომების ციფრულ ფორმატში შეთავაზება აუცილებელია. მით უფრო, რომ ამის დიდი გამოცდილება არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაშიც”, _ გვითხრა გიორგი კეკელიძემ. მისგანვე შევიტყვეთ, რომ ექვსთვიანი პროექტის დასრულების შემდეგ, საუკეთესო სამეცნიერო შრომები “ლიბ.გე”-ზე თანდათანობით აიტვირთება და ინტერაქტიულ სახეს მიიღებს. თითოეულ ნაშრომს დაერთვება ინგლისურენოვანი რეზიუმე, რათა ქართველი მეცნიერები უცხოელებსაც გავაცნოთო, აღნიშნავენ პროექტის ხელმძღვანელები, რომლებმაც, სულ რამდენიმე თვეში, საქართველოს გამორჩეული მეცნიერები და მათი კვლევები უნდა დაგვისახელონ.

კომენტარები