BBC-ს ჟურნალისტები 24 საათით გაიფიცნენ

ტელეკომპანია BBC-ს ჟურნალისტებმა 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს. ჟურნალისტთა ეროვნული პროფკავშირების წევრები ტელეკომპანიის თანამშრომლების იძულებით გათავისუფლებას აპროტესტებენ. BBC-ს მსოფლიო ქსელის ჟურნალისტების გათავისუფლების გზით კორპორაციის მესვეურები ხარჯების შემცირებას გეგმავენ. 24-საათიანი გაფიცვის გამო BBC-ს რადიო და ტელემაუწყებლობა დიდ ბრიტანეთში შემცირებული გრაფიკით ხორციელდება. ჟურნალისტთა პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა, მიშელ სტენისტრიტმა განაცხადა, რომ მას აქვს რამდენიმე წინადადება, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ხარჯების შემცირება ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის გარეშე. მისი თქმით, BBC-ს თანამშრომლებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან კორპორაცია საკუთარი ნებით დატოვონ.

BBC-ს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პროფკავშირების გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია.“ „გაფიცვა ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ BBC-ს მოუწევს ადამიანების გარკვეული რაოდენობის გათავისუფლება. ეს იმას უკავშირდება, რომ სახელმწიფო გრანტების ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა,“ ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში. ჟურნალისტთა ეროვნული პროფკავშირების მორიგი გაფიცვა 29 ივლისისთვის არის დაგეგმილი. 

კომენტარები