მერაბიშვილი: საქმის დეტალებს სასამართლოზე მიიღებთ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, გასულ კვირას დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, დასრულდა.  

მინისტრთან სამსაათიან შეხვედრაზე იმყოფებოდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, სტუდია ”მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი, მედიაექსპერტი ნინო დანელია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია, ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ შსს მინისტრმა არ დააკმაყოფილა მედიის წარმომადგენლების მოთხოვნა დაკავებული ფოტოჟურნალისტების თავდებით გათავისუფლების შესახებ. ”თუმცა მინისტრმა თქვა, რომ არაფერია გამორიცხული,” აღნიშნა ტუღუშმა ”ჩვენი მეორე მოთხოვნა იყო საქმის ბოლომდე გახსნა. მან თქვა, რომ ის ეთანხმება პროკურატურის პოზიციას და რომ სასამართლო იქნება ღია,” დასძინა მან.  ტუღუშის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა შსს მინისტრს შესთავაზეს მედიასთან ღიად საუბარი. ”თუმცა, მან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამას გააკეთებს მას შემდეგ, რაც  სასამართლო პროცესი შედგება.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, ნინო ზურიაშვილის თქმით, მინისტრმა თქვა, რომ სასამართლო ”რაც შეიძლება მალე” გაიმართება. ”მან გვითხრა, რომ მაქსიმალურად დააჩქარებს საქმის გამოძიებას და პროცესი დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება,” თქვა ზურიაშვილმა ”მიმაჩნია, რომ სწორედ ჩვენი აქტივობების შედეგი იყო ის, რომ სასამართლო პროცესი იქნება ღია.”

ზურიაშვილის თქმით, შსს მინისტრს შეხვედრაზე მისული ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენია დამატებითი მტკიცებულებები ან ფაქტები ფოტოჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით. ” თუმცა მოგვიყვა ძალიან ბევრი დეტალი... მინისტრმა თქვა, რომ EPA (ევროპის პრესფოტო სააგენტო) არაფერ შუაშია. მან თქვა, რომ EPA-ში სურათებს რომ აგზავნიდა [ქურციკიძე] და ფულს რომ იღებდა, ეს საეჭვოდ არ გაუხდიათ. ეს ფაქტი მათი ჯაშუშობის დამადასტურებელი მაინცდამაინც არ არისო და სასამართლოზე მიიღებთ დეტალურად დამამტკიცებელ საბუთებსო,” განაცხადა ზურიაშვილმა. მისი თქმით,  ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გააგრძელებს აქტივობებს ფოტოჟურნალისტების საქმესთან დაკავშირებით. ” ჩვენ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ვნახეთ, ჩვენ არ შეგვცვლია აზრი, ჩვენ გავიგეთ მხოლოდ რაღაც დეტალები, დაუსაბუთებელი ამბავი. ველოდებით სასამართლო პროცესს, მაგრამ მანამდე დავგეგმავთ რაღაც აქტივობებს,” დასძინა მან.  

კომენტარები