პანეთნიკური კოალიცია პუშტუნების წინააღმდეგ

პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი
REUTERS
პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი
ფოტო: REUTERS
 ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის წინააღმდეგ ოპოზიციური ალიანსი იქმნება. მას სათავეში ეთნიკური უმცირესობების ლიდერები ჩაუდგებიან. 2001 წელს, თალიბანის რეჟიმის ჩამოგდება სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა. ავღანეთში მცხოვრები უზბეკების, ჰაზარებისა და ტაჯიკების ლიდერები (შესაბამისად – აბდულ რაშიდ დოსტუმი, ჰაჯი მოჰამად მოჰაქიქი და აჰმად ზია მასუდი) თვლიან, რომ ქვეყნიდან ამერიკული ძალების გასვლის შემდეგ, კარზაი კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მოიხვეჭს. ალიანსის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც კარზაის ინიციატივით შექმნილმა სპეციალურმა საგამოძიებო სასამართლომ ავღანეთის პარლამენტის წევრთა მეოთხედს (62 პარლამენტარს) მანდატები გაუუქმა. საკანონმდებლო ორგანოში მათი ადგილები არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს გადასცეს. ამ უკანასკნელთა შორის კარზაის მომხრეები ჭარბობენ. სპეციალურმა საგამოძიებო სასამართლომ დაადგინა, რომ აწ უკვე მანდატ ჩამორთმეულმა პარლამენტარებმა ადგილი უკანონოდ მოიპოვეს. კარზაის აზრით, ზოგიერთ რეგიონში არჩევნები არ გამოხატავდა ხალხის ნებას. პოლიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ეთნიკური ჯგუფი, პუშტუნები, პარლამენტში საკმარისად არ იყვნენ წარმოდგენილი. თავად კარზაიცა და თალიბანიც პუშტუნთა ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნიან.

კარზაის ოპონენტების აზრით, სპეციალური საგამოძიებო სასამართლო უკანონოდ შეიქმნა. მას არ შეიძლებოდა პარლამენტარების მანდატების გაუქმების უფლება ჰქონოდა, შესაბამისად, გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია. დასავლელი დიპლომატები ელოდნენ, რომ კარზაი საგამოძიებო სასამართლოს გააუქმებდა. თუმცა ავღანეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, დასავლეთის გზიდან გადაუხვია. რამდენიმე ხნის წინ მან განაცხადა, რომ სამოქალაქო მსხვერპლის გამო, NATO-ს ჯარები შეიძლება მალე ავღანელებმა ოკუპანტებად აღიქვან. კარზაის არ სურს ავღანეთის შიდა საქმეებში ამერიკელები და ევროპელები ერეოდნენ.

აბდულ რაშიდ დოსტუმი
ფოტო: REUTERS
 კარზაის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ამერიკელთა გასვლის შემდეგ, ქვეყანაში მისი შემაკავებელი ძალა აღარ დარჩება. ავღანეთის შიდა პოლიტიკური სტრუქტურა საპრეზიდენტო ძალაუფლების ერთადერთ რეალურ მაკონტროლებლად პარლამენტს გულისხმობს. თუმცა საკანონმდებლო ორგანო სუსტია. ერთადერთ სტაბილურ ოპოზიციურ პარტიას სათავეში აბდულა აბდულა უდგას, რომელიც 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კარზაის კონკურენტი იყო. აბდულა ჩრდილოეთის ალიანსის, თალიბანთან დაპირისპირებული ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების გაერთიანების ლიდერიც იყო.

კარზაის ოპოზიცია დაქსაქსულია. პარტიები ან ჯგუფები ძირითადად ეთნიკურ ან ტომობრივ საფუძველზე არიან შექმნილი. მათ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ. უზბეკები, ჰაზარები და ტაჯიკები ჯამში ავღანეთის მოსახლეობის 43%-ს შეადგენენ, ეს დაახლოებით პუშტუნთა რაოდენობას უდრის. ეთნიკური უმცირესობებისა თუ ტომობრივი ლიდერები იშვიათად ახერხებენ საერთო პოლიტიკური მიზნების შემუშავებასა და ერთობლივ მოქმედებას. 1990-იან წლებში ისინი თალიბანის წინააღმდეგ იბრძოდნენ, 1996 წელს ავღანეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, აჰმად შაჰ მასუდის ლიდერობით კი, ჩრდილოეთის ალიანსი ჩამოაყალიბეს. აჰმად შაჰი, რომელსაც ალ-ყაიდამ ორი თვითმკვლელი ტერორისტი მიუგზავნა 2001 წლის 9 სექტემბერს, ტაჯიკთა ახლანდელი ლიდერის, ზიას ძმა იყო.

ჰაჯი მოჰამად მოჰაქიქი
ფოტო: REUTERS
 ეთნიკური უმცირესობების ლიდერები ფიქრობენ, რომ მთავრობის მოლაპარაკებები ამბოხებულებთან (რომელსაც ამერიკაც უჭერს მხარს), თალიბანის მთავრობაში შეყვანით დასრულდება. პუშტუნების შერიგებით სხვა ეთნიკური ჯგუფები ქვეყნის პოლიტიკური არენიდან გაირიყებიან. მათთვის დრო წლებით უკან გადაიწევს, როდესაც საკუთარი უფლებებისათვის თალიბანის დიქტატურას ებრძოდნენ.

დოსტუმს, მოჰაქიქსა და მასუდის კარზაის წინააღმდეგ ოპოზიციური ალიანსის შექმნა ადრეც უცდიათ, მაგრამ წარუმატებლად. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი სულაც კარზაის უჭერდნენ მხარს. მათი განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პოლიტიკოსმა მათ უღალატა და თალიბანთან ფარულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

აჰმად ზია მასუდი
ფოტო: REUTERS
 ავღანეთში პრობლემები მხოლოდ საპარლამენტო მანდატებზე განხეთქილებით არ ამოიწურება. ქვეყნის უმსხვილესი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ქაბულის ბანკი, სკანდალში გაეხვა. მისი ანგარიშებიდან 900 მილიონი ამერიკული დოლარი გაქრა. შესაძლოა, შავბნელ საქმეებში სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც იყვნენ გარეული. ქაბულის ბანკის მმართველი აბდულ ქადირ ფიტრატი ამერიკაში გაიქცა. კარზაის მთავრობა კი ამერიკულ მხარესა და ინტერპოლს სთხოვს მის დაკავებასა და სამშობლოში ექსტრადიციას. ფიტრატის განცხადებით, ავღანეთში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რადგან სკანდალში კარზაისთან დაახლოებული პირები არიან გარეული. ავღანეთის ეკონომიკა, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად დონორთა დახმარებასა და უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.

სავარაუდოდ, ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. მანდატ ჩამორთმეული პარლამენტარები საგამოძიებო სასამართლოს გადაწყვეტილების დამორჩილებასა და პარლამენტის დატოვებას არ აპირებენ. ავღანეთს წინ ცხელი ზაფხული და გაურკვეველი მომავალი ელის.


კომენტარები