ოფიციალური დამასკო: კლინტონის განცხადება ”პროვოკაციაა”

სირიის ხელისუფლებამ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ”ლეგიტიმურობა დაკარგა”, მკაცრად გააკრიტიკა. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კლინტონის დღევანდელი განცხადება ”პროვოკაციული ხასიათისაა.” ”სირიის ხელისუფლება გმობს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებას. ამ განცხადებების მიზანი სირიაში დაძაბულობის გამძაფრებაა,” ვკითხულობთ განცხადებაში.

ჰილარი კლინტონმა კრიტიკული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სირიის პრეზიდენტის მომხრეები დამასკოში საფრანგეთისა და აშშ-ს საელჩოებს დაესხნენ თავს. ამ ინციდენტმა აშშ-სა და სირიის მთავრობებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაძაბა. ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სირიამ თავისი საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს და მიიღოს ზომები სირიაში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დასაცავად. ”ჩვენი მიზანია დავინახოთ, რომ ხორციელდება სირიელი ხალხის სურვილი დემოკრატიული ცვლილებების შესახებ,” აღნიშნა კლინტონმა.

თავდასხმა დამასკოში აშშ-სა და საფრანგეთის საელჩოებზე ორშაბათს მოხდა. ორივე საელჩოს შენობების წინ უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

კომენტარები