შავი ღრუბელი ჰეზბოლას თავზე

ჰეზბოლას ლიდერ ჰასან ნასრალის სატელევიზიო გამოსვლა
REUTERS
 გასულ კვირას ლიბანის სპეციალურმა ტრიბუნალმა ჰეზბოლას ოთხ წევრს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ისინი ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობაში მონაწილეობაში დაადანაშაულეს. ტრიბუნალს კონკრეტული სახელები საჯაროდ ჯერ არ გამოუცხადებია. ჰეზბოლას ლიდერმა უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს დააკავოს მათი „საპატიო ძმები”.

პარტიის წევრებისთვის ასეთი სერიოზული ბრალდებების წაყენება, ჰეზბოლასთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. თუმცა ტრიბუნალის გადაწყვეტილება მოულოდნელობა არ ყოფილა. უკვე რამდენიმე წელია, პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში პარტიის წევრების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არაოფიციალურად არსებობს.

ინფორმაციის წინასწარ გაჟონვამ, ჰეზბოლას ამ დღისთვის მომზადების საშუალება მისცა. პარტიამ ტრიბუნალი ისრაელის ხრიკად შეაფასა და მუდმივად ცდილობდა მისი ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენებას. ამას ჰეზბოლას ლიდერის ბოლო განცხადებაც ამტკიცებს. სატელევიზიო გამოსვლაში ჰასან ნასრალამ განაცხადა: „ისინი [ჩვენს ძმებს] ვერ დაიჭერენ ვერც 30 დღეში, ვერც 60-ში, ვერ ერთ წელში და ვერც 100-ში... [ტრიბუნალი] მორალური და ფინანსური კორუფციის ბუდეა... გჯერათ, რომ ის სამართლიანი იქნება, როცა საქმე ისრაელის ოკუპაციასთან მებრძოლებს ეხება?”. ტრიბუნალის ისრაელთან კავშირის დასადასტურებლად ნასრალას ის ფაქტი მოჰყავს, რომ ლიბანიდან ჰააგაში გადასვლის დროს, ტრიბუნალმა თავისი ინვენტარის ნაწილი, 97 კომპიუტერი, დანიშნულების ადგილას ისრაელის გავლით ჩაიტანა.

იანვარში, პარლამენტში თავისი უმრავლესობის გამოყენებით, ჰეზბოლამ დაშალა სამთავრობო კოალიცია, რომელსაც საად ჰარირი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ხელმძღვანელობდა.

თუმცა მნიშვნელოვანია, გადაწყვეტს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, თავისი დაპირება აასრულოს და ტრიბუნალის გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანოს. ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში ჰარირის საქმის სხვა დეტალების გამოქვეყნებას ელიან, რომელიც მკვლელობაში ჰეზბოლას მონაწილეობას ნათელს მოჰფენს. ასეთ შემთხვევაში, პარტიის ავტორიტეტი საგრძნობლად შეირყევა.

 ამასთან ერთად, პარტიას მნიშვნელოვანი პრობლემა ექმნება არაბული რევოლუციების გამო: მისი სპონსორი სირიის მთავრობა საფრთხეშია. ამ ქვეყნის მთავრობა თავისი ხალხისთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ჰეზბოლას და ჰამასის მიერ წარმოჩენილი ისრაელის ოკუპაცია. ჰეზბოლამ მხარდაჭერა გამოუცხადა არაბულ გაზაფხულს, ეგვიპტესა და ტუნისში ლიდერების ჩამოგდებას, რომლებიც პარტიის იდეოლოგიას და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის შემართებას არ იზიარებდნენ. როცა მსგავსი გამოსვლები სირიაში დაიწყო და იქაურმა მმართველებმა ბევრად უფრო სასტიკი მეთოდები გამოიყენეს დემონსტრაციების დასაშლელად, ისინი დიქტატორის მხარეს აღმოჩნდნენ. ამან შეიძლება მათი ავტორიტეტი ლიბანელ ხალხში მნიშვნელოვნად შეარყიოს.

ჰეზბოლას მომავალი სირიის დიქტატორის ბედზეა დამოკიდებული. თუ ბაშარ ასადი როგორმე გადაურჩა ხალხის რისხვას, ჰეზბოლა არ შეუშინდება ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, ბრალდებულებს გადამალავს და ტრიბუნალს კიდევ ერთხელ უწოდებს პოლიტიკურ ფარსს. თუ პარტიის სპონსორებს გაქცევა მოუწიათ, ეს ჰეზბოლას მომავალს ეჭვქვეშ დააყენებს. პირველ რიგში, პარტიას შეუწყდება ის დიდი დაფინანსება, რომელსაც სირიიდან იღებდა და რომლის საშუალებითაც ის პარლამენტში მოხვდა. ამასთან ერთად, ხალხის მჟლეტი დიქტატორების მხარეს ყოფნა, ჰეზბოლას იდეოლოგიას და მეთოდებს ეჭვქვეშ დააყენებს.

კომენტარები