ჟურნალისტები ფოტოგრაფების საქმეზე ”საიდუმლო” გრიფის მოხსნას ითხოვენ

კოალიციამ ”მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელიც 11 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ფოტოგრაფების საქმეზე გრიფი ”საიდუმლოს” მოხსნა მოითხოვა. კოალიციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტორეპორტიორების საქმემ ”უპრეცედენტოდ მაღალი” საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, ”რადგან მისი შედეგები და მიმდინარეობა პირდაპირ აისახება საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების პერსპექტივებზე.”  კოალიციის განცხადებით, ოფიციალური ინფორმაცია ”ფრაგმენტული და არადამაჯერებელია” და საზოგადოებას საშუალება არა აქვს სრულფასოვნად შეაფასოს მოვლენები და სწორი დასკვნები გამოიტანოს. ”ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება განზრახ უმალავს საზოგადოებას საქმის დეტალებს და ზეწოლას ახდენს ქართული მედიის წარმომადგენლებზე,” ვკითხულობთ განცხადებაში ”იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში საქმის დეტალები არ იქნება ცნობილი, აღნიშნული ქმედება ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მედიასივრცესა და ქართულ ჟურნალისტიკაზე პირდაპირ წნეხად, დაკავებული პირები კი სინდისის პატიმრებად ჩაითვლებიან.”

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა კი განაცხადა, რომ დაკავებულები ჟურნალისტები კი არა, სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები არიან. ”არ მესმის, რატომ უწოდებთ მათ ჟურნალისტებს? პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი, ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი სამუშაო დროის ნახევარს პრეზიდენტთან ატარებს. მას აქვს წვდომა გარკვეულ ინფორმაციაზე, როგორც სხვა თანამდებობის პირებს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და კანონი მას უკრძალავს ამ ინფორმაციის გავრცელებას,” აღნიშნა უტიაშვილმა გაზეთ ”კომერსანტთან” საუბრისას.

უტიაშვილმა აღნიშნა, რომ იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც დაკავებულები გადასცემდნენ,  მითითებული იყო, რომ მასალები გრიფით ”საიდუმლო” იყო. ”წერა-კითხვის მცოდნე ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის საიდუმლო ხასიათის ინფორმაცია. მითხარით, რატომ უნდა გადასცეს უბრალო ფოტოგრაფმა პრეზიდენტის რეზიდენციის სქემა, მისი მარშრუტი და შეხვედრების გრაფიკი, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეების სია, რომლებიც გაეროში მუშაობენ და ჯერ ეს ჯერ კიდევ არ არის სრული სია [გადაცემული მასალების],” თქვა მან.

ერთ-ერთი დაკავებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაზეთ ”ალიას” ფოტოგრაფი, გიორგი აბდალაძე აცხადებს, რომ ფოტოგრაფების დაკავება 26 მაისს აქციის დაშლის დროს მათ მიერ გადაღებულ ფოტოებს უკავშირდება. გაზეთ ”კვირის ქრონიკაში” გამოქვეყნებულ წერილში აბდალაძე წერს, რომ მის მიერ გადაღებული ორო ფოტო Associated Press-ის ვებ გვერდზე გავრცელდა და რამდენიმე უცხოურ გამოცემაში დაიბეჭდა. აბდალაძის თქმით, უცხოურ პრესაში მოხვდა პრეზიდენტის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის მიერ გადაღებული ფოტოებიც, რომლებიც მან ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორს, ზურაბ ქურციკიძეს მიჰყიდა. ”როგორც ჩანს, სააკაშვილმა გაიგო, ირაკლიმ ამ დარბევის ფოტოები საერთაშორისო პრესაში რომ გაავრცელა და არ აპატია,” წერს აბდალაძე.

შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში კი ირაკლი გედენიძე აცხადებს, რომ ის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ზურაბ ქურციკიძეს პრეზიდენტის შეხვედრებსა და ღონისძიებებზე გადაღებულ ფოტოებს აწვდიდა. ”გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ზურამ მოითხოვა სხვა ინფორმაციების მიწოდებამ რომელიც უკვე აღარ შეეხებოდა ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ანუ ფოტოგადაღებებს. უკვე მივხვდი, რომ ეს იყო სპეცსამსახურებთან კავშირში და კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს გრძნობა, ვიცოდი, რომ ამ ფოტოებს ის აგზავნიდა მოსკოვში, ფოტოსააგენტოში. მე ვუთხარი ამაზე უარი... მაგრამ მან ფოტოებზე გადახდილ თანხებზე ხელმოწერა შემახსენა და მითხრა, რომ ამ ინფორმაციას და ხელმოწერას გამოიყენებდა ჩემს წინააღმდეგ, ანუ შანტაჟის ენით გამესაუბრა. რაზედაც უკვე შევშინდი და ურთიერთობა გავაგრძელე,” თქვა გედენიძემ.

ამ წუთებში კი შსს-ს შენობასთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა. აქციის მონაწილეები შსს მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას და ფოტოჟურნალისტების საქმეზე ”საიდუმლო” გრიფის მოხსნას მოითხოვენ. შსს-ს შენობასთან აქციის გამართვის შემდეგ, ჟურნალისტები აშშ-ს საელჩოსთან გადანაცვლებას გეგმავენ. 

კომენტარები