
გვსიამოვნებს საუკეთესო მოთამაშეების ყურება, ვიხიბლებით მოხდენილი ფინტებით, ულამაზესი სოლო-რეიდებით და შესანიშნავი გოლებით.
რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საყვარელ კლუბს და უზომოდ ბედნიერნი ვართ, როცა ჩვენი გუნდი იგებს.
მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: ხდება ხოლმე, ერთი კაცის გადაწყვეტილება გვაცოფებს, ნერვებს გვიშლის, ვილანძღებით და ზეიმი გვშხამდება – ყველაფერში დამნაშავე მსაჯია!
და გვავიწყდება, რომ ის, ჩვენსავით ადამიანი, წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშაა. უბრალოდ, იმ დროს, როცა ტრიბუნაზე ვართ ან ტელევიზორს ვუცქერთ, მას, ჩვენგან განსხვავებით, გაცილებით რთული მისია აკისრია – ყველა შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: ზუსტად აღნიშნოს წესის დარღვევა, თუ ფეხბურთელი გასაფრთხილებელია – ყვითელი ბარათი უჩვენოს, თამაშგარედან გატანილი გოლი – არ ჩათვალოს, ჯარიმა დანიშნოს და გასაგდები გააძევოს...
„მსაჯები” – ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრემიერა 5 აგვისტოს ბრიტანეთის კინოთეატრებში შედგება, 26 აგვისტოდან კი DVD-ზე გამოვა. ფილმი დოკუმენტურია, გადაღებულია ავსტრია-შვეიცარიაში ევრო 2008-ის დროს და მსაჯებს სულ სხვა კუთხით წარმოგვიდგენს: ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ ემზადებიან ისინი მატჩებისთვის; რას ეუბნებიან ასისტენტებს; მოვუსმენთ მსაჯების და ფეხბურთელების არცთუ ტკბილ საუბარს; ვნახავთ, როგორ ახარებთ სწორი გადაწყვეტილება და პირიქით – განიცდიან შეცდომას...
ფილმ „მსაჯების” ტრეილერის ნახვა ამ მისამართზეა შესაძლებელი: http://www.imdb.com/video/wab/vi1042088473/, ჩვენ კი დავძენთ, რომ მასში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი და რამდენიმე ცნობილი მსაჯია გადაღებული: ესპანელი მანუელ მეხუტო გონსალესი, ინგლისელი ჰოვარდ უები, იტალიელი რობერტო როსეტი...
„როცა გადაღება დავასრულე, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: მსაჯები გიჟები არიან! ჩემი აზრით, ისინი ფეხბურთელებზე ნაკლებ გასამრჯელოს არ უნდა იღებდნენ, მაგრამ არ ვიცი რატომ – ასე არ ხდება. დღემდე ვერ ამიხსნია, რისთვის აირჩიეს მათ ეს პროფესია?!” – ამბობს ფილმის რეჟისორი ივ ინანი. ის და მისი ჯგუფი ავსტრია-შვეიცარიაში რამდენიმე მსაჯს ერთი თვის მანძილზე ადევნებდნენ თვალს და საბოლოოდ მიიღეს ის, რაც უამრავი გულშემატკივრისთვის უდავოდ სიურპრიზი იქნება:
ტრიბუნებზე აუტანელი ხმაურია, – ეუბნება მეოთხე მსაჯი მეხუტო გონსალესს. ის პასუხობს: რა იდიოტობას მეუბნები? ეგ ჩემი პრობლემაა? მოკეტე და საქმეს მიხედე...

This is fuckin’ EURO2008! – ჰოვარდ უები ნერვებმოშლილია, იორკშირული აქცენტით იგინება და აღარც ახსოვს, რომ აპარატურა მის ყველა სიტყვას იწერს...
ასეთი ფრაზების გარდა, ფილმი ძალიან საინტერესო კადრებითაა გაჯერებული: ოპერატორებმა გასახდელში გადაიღეს წამხდარი ინგლისელი ლაინსმენი მაიკ მალარკი, რომელმაც ჩანაწერზე ნახა, რომ შეცდომით დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა; ჩვენ ვნახავთ პოლონელთა გაცოფებულ მწვრთნელ ლეო ბეენჰაკერს, ვინც მსაჯს არაობიექტურობაში ადანაშაულებს; ჩეხეთის ნაკრების ფორვარდ მილან ბაროშს, რომელიც არბიტრს წყლით სავსე ბოთლს ესვრის...
ფილმში პოლონელი გულშემატკივრებიც მოხვდნენ, რომლებიც ჰოვარდ უებს მოკვლით დაემუქრნენ – ფანები ინგლისელის სამართლიან გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ.
„ჩემპიონატის პირველ დღეებში მაინცდამაინც კარგი მასალა არ გვქონდა და ვიფიქრე, რომ მოსაწყენი ფილმი გამოვიდოდა, მაგრამ საბოლოოდ ძალიან შთამბეჭდავი კადრები დაგვიგროვდა”, – ინანი ფილმის წარმატებაში დარწმუნებულია.
პრემიერამდე ზუსტად თვე რჩება.





