ფემინიზმმა რა ჰქმნა

 მას შემდეგ, რაც ფემინისტური მოძრაობის დიდი დამსახურებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აბორტი ლეგალური გახდა, ითვლება, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მეტი თავისუფლება აქვთ. თუმცა იმისთვის, რომ ქალებმა თავისუფალ გარემოში იცხოვრონ, ჯერ ისინი უნდა გაჩნდნენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დედების უმრავლესობა „აბორტის თავისუფლებას” ხშირად, სწორედ გოგოების მოსაცილებლად იყენებს. სელექციური აბორტები სქესობრივ თანაფარდობას მნიშვნელოვნად არღვევს და ფემინისტური მიდგომების წინააღმდეგობრივ ხასიათს ავლენს.


ბიჭი გირჩევნია თუ გოგო? კითხვას, რომელიც ალბათ ყველა ფეხმძიმე ქალისთვის დაუსვამთ, აღმოსავლეთის ქვეყნებში დაუფიქრებლად პასუხობენ: ბიჭი! სელექციური აბორტების გამო, განსაკუთრებით ჩინეთსა და ინდოეთში, ქალთა შობადობამ არაბუნებრივად იკლო. გაეროს გამოკვლევების მიხედვით, ჩინეთში 100 გოგოზე – 121 ბიჭი, ხოლო ინდოეთში – 112  იბადება. უკანასკნელ წლებშისაქართველოში „გაუჩინარებული გოგოების” პრობლემა ინდოეთის სტატისტიკას ემთხვევა, ხოლო ზოგიერთ წელს, ჩინეთის მონაცემებსაც კი უსწრებს. ბოლო ათი წლის მანძილზე, ჩვენს ქვეყანაშიც 100 გოგოზე 112 ბიჭი იბადება. ამგვარმა ტენდენციამ, შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები შეგვიქმნას.

სქესთა ბუნებრივ თანაფარდობად – 104-106 კაცი 100 ქალზე – ითვლება. მამაკაცთა სიჭარბის ამ მასშტაბს „ბიოლოგიურ ჯავშანსაც” ეძახიან, რადგან კაცები უფრო ადრეულ ასაკში კვდებიან. რამდენიმე ათეულ წელიწადში ორივე სქესის წარმომადგენლები თითქმის თანაბრდებიან ხოლმე. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სქესობრივ ბალანსს ბუნება ასე იცავს. თუ მონაცემები აღნიშნულ შეფარდებას აღემატება, მკვლევრებისთვის ეჭვს აღარ იწვევს, რომ საქმე ქალთა რაოდენობის ხელოვნურ შემცირებასთან გვაქვს. ვინაიდან ჩინეთისა და ინდოეთის მოსახლეობა მსოფლიოს 1/3-ს შეადგენს, მსოფლიო სქესთა შორის თანაფარდობაც შეიცვალა და ახლა 107/100-ზეა. 

მაინც რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას ქალთა რაოდენობის შემცირებამ? სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საზოგადოება, სადაც მამაკაცთა არაბუნებრივი სიმრავლეა, საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი არ არის. კაცი, რომელიც ვერ პოულობს პარტნიორს, ძალადობისკენ მეტად არის მიდრეკილი. ჩინეთსა და ინდოეთში დანაშაულებათა ზრდა იმ რეგიონებში შეიმჩნევა, სადაც სქესობრივი ბალანსი დარღვეულია. დანაშაულის მატება ახალგაზრდა, უცოლო მამაკაცების ხარჯზე ხდება. 

გამომდინარე იქიდან, რომ ქალებზე მოთხოვნა დიდია, ჩინეთში 2004-2007 წლებში გაუპატიურების რიცხვი 30%-ით, ხოლო გატაცების შემთხვევები 50%-ით გაიზარდა. ნავარაუდებია, რომ მომავალ ათ წელიწადში ჩინელი კაცების 20%-ს პარტნიორი არ ეყოლება. 
საქართველოში ახალშობილთა ბუნებრივი, სქესობრივი თანაფარდობა 1994 წლიდან იცვლება. სწორედ ამ დროს ინერგება ქვეყანაში ულტრასონოსკოპიის პრაქტიკა. ეს ნიშნავს, რომ სქესობრივად დაუბალანსებელი თაობა, ჯერ სოციალურად არ მომწიფებულა. თუ ტენდენცია უცვლელი დარჩა, სავარაუდოდ, სქესობრივი დისბალანსის მანკიერ შედეგებს ჩვენი საზოგადოებაც ვერ გადაურჩება. თუმცა იმედის საბაბი ნამდვილად არსებობს: წინა წლის მონაცემებით, საერთო ტენდენცია შეიცვალა და 100 გოგოზე უკვე 104 ბიჭი გაჩნდა – ეს მაშინ, როცა 2008 წელს 100 გოგოზე, 128 ბიჭი დაიბადა. 

ქართული კანონმდებლობით, აბორტი 12 კვირამდეა დასაშვები, ამის შემდეგ ნაყოფის მოშორება მხოლოდ განსაკუთრებული სოციალური მაჩვენებლის მიხედვით არის შესაძლებელი. ულტრასონოსკოპია სულ რაღაც 50 ლარი ჯდება და მისი ჩატარება მშობელს იქამდე შეუძლია, სანამ აბორტის კანონით დადგენილი ვადა ამოიწურება. მიუხედავად იმისა, რომ სათანადო კვლევა ჯერ არავის ჩაუტარებია, სავარაუდოდ, ბიჭების მიმართ გენდერული სტერეოტიპები საქართველოშიც დიდ როლს თამაშობს. მცირე ოჯახების მსურველი პარტნიორებისთვის, შესაძლებელია, სხვა, მერკანტილური მოტივაცია არსებობდეს – სიბერეში მათ მარჩენალი სჭირდებათ. ჩვენთან, ისევე როგორც აზიაში, ქალი, რომელიც ოჯახიდან მიდის, აბსოლუტურად წყდება მშობლების ოჯახს და მათი რჩენა არ ევალება. სამაგიეროდ ბიჭის მოვალეობებში მკაცრად არის განსაზღვრული ოჯახში დარჩენა და მშობლების მოვლა. 

რაც შეეხება აზიას, იქ სქესობრივი დისბალანსი, ოცდაათი წლის წინ დასავლეთში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, მნიშვნელოვნად წაახალისა. მაშინ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიო ბანკი და როკფელერის ფონდი ჩინეთში შობადობის ზრდამ შეაშფოთა. „დემოგრაფიული აფეთქების” შიშით, რასაც სიღარიბის ზრდა და კომუნიზმის გავრცელება უნდა მოჰყოლოდა, ისინი მოქმედებას შეუდგნენ. კვლევებისას აღმოაჩინეს, რომ აზიაში მრავალ შვილს ხშირად ბიჭის მოლოდინში აჩენდნენ. შესაბამისად,  ბევრი ფული დაიხარჯა, რომ ქალებისთვის პირველივე ჯერზე ბიჭის გაჩენის საშუალება მიეცათ, რაც დაფეხმძიმების მოტივაციას დაუკარგავდა. ამან სელექციური აბორტების პროპაგანდამდე მიგვიყვანა, რომელიც, თავის მხრივ, სქესის დამდგენი ტექნოლოგიების გაიაფებაშიც გამოიხატებოდა. რიგ შემთხვევებში მოსახლეობისთვის ეს სერვისი სრულიად უფასო იყო. 
ჟურნალისტი მარა ჰვისტენდაჰლი, რომელმაც საკითხს საკუთარი წიგნით – „არაბუნებრივი სელექცია: არჩიო ბიჭები გოგოებს, და კაცებით სავსე მსოფლიოს შედეგები” – ნათელი მოჰფინა, გინოციდის (ანუ ქალების გენოციდის) გამომწვევ სხვადასხვა პრობლემებზე საუბრობს. ადამიანი ხშირად მატერიალური და პრაგმატული მიზნებით მოქმედებს. ისტორიულად, სხვადასხვა კულტურაში უპირატესობა ვაჟის ყოლას ენიჭებოდა. ამას ბევრი ახსნა აქვს – მაგალითად, საგვარეულო შტოს გაგრძელება და ფიზიკური სამუშაოების შესრულება. ვაჟის ყოლა სოფელში მცხოვრები ოჯახისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გახლდათ.

არსებობდა ახალშობილი ქალიშვილების მოკვლის ტრადიციაც. ქალები ოჯახისთვის ზედმეტ ტვირთად მიიჩნეოდნენ, ისინი ოჯახიდან მიდიოდნენ და თან მზითვები მიჰქონდათ. 21-ე საუკუნეში ეს ტენდენცია დიდად არ შეცვლილა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა და მედიცინის მიღწევებმა „პრობლემების გადაჭრის” ახალი ზონა იპოვეს. გოგონების მოშორების პრაქტიკამ, აბორტის მომხრეების მიერ შექმნილ „ბუფერულ ზონაში” – დედის მუცელში გადაინაცვლა. იქ კი ადამიანს კანონი არ იცავს.  ულტრაბგერითი დიაგნოსტიკით ადრეულ თვეებში ემბრიონის სქესის დადგენა და, შესაბამისად, მისი „გაქრობაც” შესაძლებელია.

აბორტის მომხრეები აქაც წინააღმდეგობას შეეჩეხნენ. ერთი მხრივ, „გამქრალი გოგოების” მოსპობა პატრიარქალური საზოგადოების სექსიზმს უნდა დაბრალდეს. მეორე მხრივ, რა სექსიზმზეა საუბარი იქ, სადაც „გამქრალი გოგო”, ფემინისტების აზრით, უბრალოდ უჯრედების გროვაა და არაფრით აღემატება სპერმის ღირსებას? ტერმინიც ნაძალადევად შერჩეულია – რომ აბორტის მიმართ სხვა, უფრო ლოგიკური სიტყვა – მკვლელობა არ გამოვიყენოთ. ხოლო თუ საქმე მკვლელობას ეხება, მაშინ გინოციდის აღკვეთის ერთადერთი საშუალება, მისი აღიარებაა. ბუნებრივია, ფემინისტები ამას არ აპირებენ და გამოსავალს ქალთა განათლების ამაღლებაში ხედავენ. 
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მაგალითად ინდოეთში, სწორედ საშუალო და მდიდარი ფენა მიმართავს აბორტების მეთოდს. მათ მეტი საშუალება აქვთ, სქესის დასადგენად ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტარონ. ღარიბი მოსახლეობა, რომელიც ამას ვერ ახერხებს, ქალიშვილის დაბადების შემთხვევაში მას უბრალოდ ჰყიდის. არის შემთხვევები, როცა მშობლები ახალდაბადებულ შვილებს სქესს უცვლიან, გენიტოპლასტიკა 2000 ფუნტად არის ხელმისაწვდომი. 

მდიდარ ფენებში სქესის შერჩევის მიზნით გაკეთებული აბორტები იმითაც აიხსნება, რომ რაც უფრო დიდი შემოსავალი აქვს ოჯახს, უფრო მეტი თანხების გაწევა უწევთ ქალიშვილის  გასათხოვებლად. საინტერესოა ერთ-ერთი ინდური რეკლამის სლოგანი, რომელიც ულტრაბგერით დიაგნოსტიკას ეხება: „გადაიხადე 5,000 რუპია დღეს და დაზოგე 500,000 ხვალ”.

როგორიც უნდა იყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დასავლური შობადობის კონტროლის პოლიტიკის წვლილი გინოციდში, ფაქტია, რომ აბორტის აკრძალვის შემთხვევაში, ეს არ მოხდებოდა. საქართველოში მშობლები აბორტს სექსისტური თუ პრაგმატული მოსაზრებებითაც იკეთებენ, თუმცა ამ გზას უპირველესად იმიტომ მიმართავენ, რომ ეს შესაძლებელია. როცა ადამიანის ღირსება პროდუქტის არჩევამდე დაიყვანება, შედეგებიც არ აყოვნებს. 

როგორც აღმოჩნდა, ფემინისტებს აქ გაშუალებული ვარიანტების პოვნა გაუჭირდებათ – ერთი მხრივ, ისაუბრო „ქალთა ცნობიერების ამაღლებაზე”, ზედმეტად გრძელვადიანი პერსპექტივაა. ამ პერიოდში, შესაძლოა, ფემინისტთა კლუბის შესაკრებად საჭირო ქალებიც რთულად მოსაძებნი გახდნენ. მეორე მხრივ, ულტრაბგერითი გამოკვლევების აკრძალვაც, წინააღმდეგობრივია – ბოლოს და ბოლოს ამაში არავითარი დანაშაული არ არის. თანაც, ინდოეთში ეს უკვე მოხდა, მაგრამ ქრთამის პრაქტიკამ კანონს აჯობა. 

კომენტარები