სამთავრობო კრიზისის ფონზე ერაყში ამერიკა გავლენას კარგავს

ნური ალ-მალიქი და აიად ალავი
REUTERS
 ერაყის 2010 წლის 7 მარტის საპარლამენტო არჩევნებიდან 15 თვის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკა ჩიხში აღმოჩნდა. ამის მიზეზი 2 ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის, ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიის – სუნიტური ერაყული ბლოკის ლიდერის, აიად ალავისა და პრემიერ-მინისტრ, შიიტ ნური ალ-მალიქის დაპირისპირება გახდა. ისინი დიალოგს გაურბიან, ეს კი ქვეყნის შიდა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე უარყოფითად აისახება.
მთავრობის პარალიზება, გადამწყვეტ პრობლემაზე გადაწყვეტილების მიღებას ართულებს. ერაყის მთავრობა დილემის წინაშე დგას – სთხოვოს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, შეინარჩუნოს სამხედრო კონტინგენტი ქვეყანაში. ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე, ამერიკელები გეგმით გათვალისწინებული 48 ათასი ჯარისკაცის გაყვანის პროცესს აჭიანურებენ.

გასული წლის დეკემბერში, ქვეყნის ორმა წამყვანმა პოლიტიკოსმა აშშ-ის მიერ შეთავაზებული ხელისუფლების დაყოფის ხელშეკრულება მიიღო. ეს შეთანხმება ალავის პარტიას უფლებას აძლევდა, აერჩია თავდაცვის მინისტრი, თუ პრემიერი მალიქი დაამტკიცებდა. გათვალისწინებული იყო ფართო უფლებამოსილების მქონე სტრატეგიული საბჭოს შექმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ძალაუფლების დაბალანსების ფუნქცია უნდა შეესრულებინა. მას ალავი უხელმძღვანელებდა.

პარლამენტის პირველივე სესიაზე შეთანხმება დაირღვა. ლიდერები ვერ შეთანხმდნენ, თუ ვინ უნდა დანიშნულიყო ქვეყნის 2 ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს – შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად. მალიქიმ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრად, დროებით საკუთარი თავი გამოაცხადა. მისი განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების გამო, კანდიდატების შესარჩევად მეტი დრო სჭირდება. მალიქის თქმით, ალავის მიერ შერჩეული კანდიდატების უმრავლესობა შეუფერებელია თანამდებობისათვის. პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა სტრატეგიული საბჭოს რაიმე სახის ძალაუფლების აღიარებაზე და მას არაკონსტიტუციური უწოდა.

 ვაშინგტონში ბრუკინგის ინსტიტუტის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ექსპერტის, ქენეთ პოლაკის განცხადებით, აშშ ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ეროვნული ერთობის მთავრობის იდეას და იმედები არსებულ ხელისუფლებაზე გადაიტანა. ეს მას შემდეგ, რაც არჩევნების შემდეგ, მისთვის სასურველი მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოახერხა. ამჟამად ამერიკელი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარებისას, პოლიტიკური წრეების ჩართულობის ეფექტიანობაზე მაღლა დაყენება დიდი შეცდომა იყო. ამან ერაყის მმართველობითი პროცესი ჩიხში შეიყვანა.

პრობლემის ვერგადაწყვეტა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მიანიშნებს, რომ აშშ-მა ერაყზე გავლენა დაკარგა. ეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. ამას უკანასკნელ პერიოდში ტერორისტული აქტების რაოდენობის ზრდაც მოწმობს.

კომენტარები