ტყვეთა სყიდვა International


ადამიანებით ვაჭრობა სწრაფად განვითარებადი და ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კრიმინალური ინდუსტრიაა. მისი მსხვერპლი, მსოფლიოში, მილიონობით ადამიანია. თანამედროვე მონების 80% ქალები და გოგონები არიან. ტრეფიკინგი მრავალი სახისაა (ძირითადად იძულებითი შრომა და სექსუალური ექსპლუატაცია). ხშირია ბავშვების ტრეფიკინგი. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგს სპეციალურ ანგრიშს უძღვნის, რომელიც 27 ივნისს გამოქვეყნდა. მასში ქვეყნებს იმის მიხედვით ახარისხებენ, თუ როგორ ებრძვიან ნაციონალური მთავრობები თანამედროვე მონობას. მოცემულია სამი ძირითადი და ერთი ქვეკატეგორია. პირველში მოხვედრილები ძირითად სტანდარტებს აკმაყოფილებენ. საქართველო, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად – პირველ ჯგუფში ხვდება. ამ თვალსაზრისით, ის რეგიონში ერთადერთია.

მეორე კატეგორიაში მოხვედრილები ცდილობენ, მაგრამ მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. საქართველოს უშუალო მეზობლებიდან თურქეთი და სომხეთი მეორე ჯგუფში რჩება. აქვეა რუმინეთი, ბულგარეთი და შვეიცარია. გამოიყოფა ქვეკატეგორიაც – იმ ქვეყნების, ვისაც ტრეფიკინგის ბევრი მსხვერპლი ჰყავს, ან არ არსებობს მტკიცებულება, რომ ებრძვიან ამ ორგანიზებულ დანაშაულს. მათ შორის რუსეთი და აზერბაიჯანი არიან. 

მესამე ჯგუფის ქვეყნები სრულებით არ შეესაბამებიან მინიმალურ სტანდარტს და არც მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. მათ აშშ-სგან სანქციები ელით. მესამე კატეგორიის ქვეყნებს შორის არიან: ვენესუელა, კუბა, თურქმენეთი, იემენი, ირანი, ლიბია, ქუვეითი, ალჟირი, ჩრდილოეთ კორეა და სხვები. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა წელსაც აგრძელებდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას. ხაზგასმულია სპეციალური, ანტიტრეფიკინგული წვრთნები; ტრეფიკინგის მსხვერპლთა ორი თავშესაფრის სრულად დაფინანსება; ბევრი პრევენციული კამპანიის წარმართვა. 2009 წელთან შედარებით, 2010 წელს ტრეფიკინგის ნაკლები შემთხვევა იყო.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტრეფიკინგისთვის წყარო უფროა, ვიდრე ტრანზიტული ქვეყანა ან დანიშნულების ადგილი. სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგონები და ქალები, ხოლო იძულებითი შრომის – ქალები და მამაკაცები ხდებიან. 2010 წელს, ქალები, თურქეთსა და ეგვიპტეში, ასევე ქვეყნის შიგნითაც სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლნი გახდნენ. გასულ წლებში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანიასა და ავსტრიაში მოუხდათ ქართველებს იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმა. ქართველები იძულებითი შრომის მსხვერპლნი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ლიბიაში, ეგვიპტესა და თურქეთში ხდებიან. 

ანგარიშში საქართველოს მთავრობას ურჩევენ, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ანგარიშს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ამზადებს – მათ შორის, ამერიკის საელჩოებიდან, სხვადასხვა მთავრობის წარმომადგენლებისგან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.  
 

კომენტარები