ტაილანდს პირველი ქალი პრემიერ მინისტრი ეყოლება

ტაილანდის მთავრობას ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალი ჩაუდგება სათავეში. ტაილანდის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ტაკსინ ჩინავატის დამ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ინგლაკ ჩინავატმა გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მისმა პოლიტიკურმა პარტიამ  500-მანდატიან პარლამენტში 264 ადგილი მოიპოვა. ტაილანდის ამჟამინდელი პრემიერის დემოკრატიულმა პარტიამ კი მხოლოდ 150.  

44 წლის ინგლაკ ჩინავატის ძმას პრემიერ მინისტრის თანამდებობა 2006 წელს სამხედრო გადატრიალების გზით დაატოვებინეს. მას კორუფციასა და სამსახურეობრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ ის დევნილობაში ცხოვრობს. ტაკსიმ ჩინავატმა დას უკვე მიულოცა გამარჯვება. მან აღნიშნა, რომ გამარჯვებული პარტია ქვეყანაში პოლიტიკური ძალების შერიგებას შეეცდება. უცხოური მედიის ცნობით, გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყოფილი პრემიერ მინისტრის ტაილანდში დაბრუნება საკმაოდ რეალურია.  თუმცა, თავად ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ დაბრუნებას ჯერ არ გეგმავს. ”არ მინდა საკუთარ ქვეყანას უსიამოვნება მოვუტანო,” განაცხადა ჩინავატმა.
  
გასულ წელს ტაკსინ ჩინავატის მომხრეებმა, ”წითელპერანგიანების” მოძრაობის წარმომადგენლებმა, ორთვიანი საპროტესტო გამოსვლები გამართეს. ორი თვის მანძილზე მათ თითქმის პარალიზებული ჰქონდათ ბანგკოკის ცენტრალური მოედანი. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას მაშინ 91 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები