გერმანელი

ჰოლგერ გეშვინდერი და დირკ ნოვიცკი

ფოტო: ფოტო: REUTERS ©
ჰოლგერ გეშვინდერი გასახდელის კართან დგას. დერეფანში კედლები ნესტმა შეჭამა, კაფელი ამოტეხილია, ცენტრალური შემოსასვლელიდან შენობაში შეტრუსული კნუტი შემოგორდა, იქვე სპრაიტის დაკუჭული ქილით თამაშობს. ვარჯიში ერთი საათის წინ მორჩა და ჰოლგერ გეშვინდერი ბიჭს ელოდება. გასახდელში კიდევ ორი ფრენბურთელია. ჰოლგერმა ლაქი სთრაიქის კოლოფი ამოიღო, ოდნავ მიჭმუჭნული კოლოფი ლამაზი, პიანისტის თითებით გაასწორა, ამოიღო სიგარეტი, ხელის გულზე გადაიტარა. ასანთი? საიდან? ჰოლგერს სულ ასანთის დეფიციტი აქვს. როგორც კლინტ ისტვუდს, ერთ სასაცილო ფილმში.

ჰოლგერმა პარკეტის ნატეხს ფეხი მიარტყა. გაიღო გასახდელის კარი. ფრენბურთელები არომატიზირებულ სიგარებს კლავენ. პირში ოცდოლარიანი რაღაც უდევთ და არ იციან, როგორ დაიჭირონ მუღამი. ჰოლგერმა ერთ-ერთს სიგარა გამოართვა, მოქაჩა „ლაქი”, ბოლი ნესტოებიდან გამოუშვა. გეშვინდერი დამშვიდდა.

გრძელ, ალაგ-ალაგ შელახულ, რამდენჯერმე ცუდად გადაღებილ სკამზე მაღალი, ქერა ბიჭი ზის. შუაზე გადავარცხნილ თმას ისწორებს, მარჯვენა ნესტოს იფხანს. ბიჭი მშვიდად არის. „ლაქის” გარეშე დამშვიდდა და თუ ჰოლგერი ტვინს არ გაბურღავს, ნორმალური დღე კარგად დასრულდება. ჰოლგერი კითხულობს ბიჭის ემოციებს, ეცინება. ბიჭი კითხულობს ჰოლგერის ღიმილს. აღარ ეცინება. ლექცია იწყება.

– დაისვენე?

– კი, ჰოლგერ, დავისვენე. თითი... თითი მაქვს შეშუპებული. ნახე რა, სიწითლემ იმატა და შენ კიდევ მამშვიდებდი, გაგივლისო. თითს მომაჭრიან, ჰოლგერ?

ჰოლგერმა ამოისუნთქა, კისერი ბიჭის პერანგით შეიმშრალა. ადგა. გასახდელში ჩუმად, უემოციოდ დადის. ფიქრობს.

– თითს არ მოგაჭრიან. ალბათ, არ მოგაჭრიან, მაგრამ თუ ისევ დაღლამდე იქვითინებ, მაგ თითს მე მოგაჭრი. შემდეგ დედაშენს გავუგზავნი და საღამოს, თქვენი გაკრიალებული ეზოს წინ ვეტყვი, რომ თქვენი შვილი, ჰელგა, მშიშარა ვირთხა არის-მეთქი. მოსულა, დირკ?

– ჰოლგერ, აქ რატომ მომიყვანე? ხომ შეგვეძლო ძველ დარბაზში გვევარჯიშა. იქ სამედიცინო ცენტრიც გვაქვს, სასადილოში ალუბლის წვენს ავიღებდით. აქ კიდევ ვიღაცები გასახდელში ერთმანეთს თვალებში უყურებენ, საშხაპეში ყველგან... ყველგან ცუდი რაღაცებია. წამიყვანე აქედან.

– აქ მე მავარჯიშებდნენ. დედაჩემი დარბაზს უვლიდა. დღეში ორჯერ, დედაჩემს დარბაზის გასაღებს ვართმევდი, ბიძაჩემთან გავდიოდი. თუ ფხიზელი იყო, დარბაზში მომყვებოდა და მავარჯიშებდა. არ გამიმართლა, რომ ნორმალური მწვრთნელი არ მყავდა. გამიმართლა, რომ გერმანიის ნაკრებში მაინც ვითამაშე. შენ გაგიმართლა. გავარჯიშებს ნაკრების ყოფილი წევრი, ვარჯიშობ კოხტა დარბაზში, ვარჯიშში არაფერს არ იხდი და მაინც წუწუნებ. დედიკო, თითი გამისივდა, უკანალს ვინ გამომიწმენდს? დედიკო, თითი გამისივდა, საპირფარეშოში შიშველი მედდის ფოტოს ვინ დამიჭერს? დედიკო, თითი გამისივდა, ჰოლგერს თავში ბურთს ვინ დააჭედებს??? ამ საღორეში სარკე რომ იყოს, ჩაგახედებდი და შეგრცხვებოდა, დირკ.

– ჰოლგერ, მრცხვენია, რომ აქ ვარ და შენ კიდევ დამცინი. წამიყვანე რა, ხომ გთხოვე...?

ჰოლგერ გეშვინდერი და დირკ ნოვიცკი
 – მისმინე... ყურადღებით მისმინე. თორმეტი თვეა ერთად ვართ. გაიზარდე. ალბათ, არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ იმ კარგ და მაღალ ბიჭზე ბევრად უკეთესი ხარ, რომელიც ერთი წლის წინ წამოვიყვანე ვარჯიშზე. ვინ გინდა რომ გამოხვიდე, დირკ? კალათბურთი შენი საძინებელი, გასახდელი, სასაუზმე ოთახია. კალათბურთი შენი ცხოვრებაა. ვინ გინდა გახდე კალათბურთში? ყველაზე მაგარი ტიპი თუ ყველაზე მაგარი გერმანელი ტიპი? თუ ყველაზე მაგარი გერმანელი, მაშინ, ვარჯიში აღარ გინდა. შეგიძლია აქედან გახვიდე, იმ ორ მხიარულ ახალგაზრდას გაიცნობ, გაერთობი და ყველაფერს დაკარგავ. თუ ყველაზე მაგარ ტიპებში ყველაზე მაგარი უნდა გახდე, მაშინ მოეშვი ქალიშვილივით წიკვინს, აიღე ბურთი და ვარჯიში დაამთავრე. გესმის? გარეთ დაგელოდები, შენს ატირებულ სიფათს ვეღარ ვუყურებ. ხუთ წუთში გამოხვალ და პასუხს გამცემ. 

ჰოლგერ გეშვინდერისთვის ის ხუთი ან უფრო მეტი წუთი დაღლამდე გაიწელა. იმ ხუთ წუთში ჯონ ლორდი კიდევ ერთ სუიტას გაშლიდა. იმ ხუთ წუთში სილვია კრისტელი კიდევ ერთ ეროტიკულ მასტერკლასს ჩაატარებდა. იმ ხუთ წუთში პელე კიდევ ბევრ სისულელეს იტყოდა და დიეგო მთელი ნეაპოლის კოკაინს აითვისებდა. იმ ხუთ წუთში ქერა, მაღალ ბიჭს გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

გერმანელმა გერმანულად გადაწყვიტა.

გასახდელიდან მაღალი ბიჭი კაცის ნიღბით გამოვიდა. შევიდა დარბაზში და მორყეულ ფართან კიბე დააყენა. ჰოლგერ გეშვინდერმა კიბე დაუჭირა, ბიჭმა ფარი გაასწორა, ჩამოვიდა, კიბე დარბაზიდან გაიტანა. თითიდან მოიხსნა ბინტი და ჰოლგერს ბურთი გამოართვა.

ისროლა, ვერ ჩააგდო. ისროლა, ჩასვა. ისროლა, ჩასვა. ბიჭი დარბაზიდან ორი საათის შემდეგ გავიდა. ფრენბურთელები ისევ გასახდელთან ჭორაობდნენ, კნუტი ისევ დაკუჭული ქილით ერთობოდა და ვიურცბურგის ძველი დარბაზიდან მტირალა ჯონი დეპის ნაცვლად, მშვიდი და ელეგანტური შონ კონერი გამოვიდა.

ჰოლგერ გეშვინდერი დღესაც ნერვიულობს. ის ბიჭი გაიზარდა და ჰოლგერისთვის ისევ ის, მტირალა ლაწირაკია, რომელსაც ეშინოდა, რომ თითს მოაჭრიდნენ.


ფოტო: ფოტო: REUTERS ©
 ჰოლგერი ნერვიულობს, თუ ბიჭს სროლა არ მისდის. ჰოლგერი ნერვიულობს, თუ ბიჭი ნერვიულობს და ჰოლგერს ეცინება, როდესაც ბიჭის კიდევ ერთი ზუსტი სროლის შემდეგ, სხვა გუნდის მწვრთნელები წუთშესვენებას იღებენ. ჰოლგერმა ვიურცბურგის გასახდელში დიდი ბიჭის დიდ გულს სიმხდალის ნაოჭები მოაშორა. ჰოლგერი მაინც ნერვიულობს.

ბიჭმა მაიამიში რაღაც დიდი, განსაკუთრებული მოიგო. ბიჭი ანერვიულდა და გასახდელში გაიქცა. ცოტა წაუქვითინა, თვალები და სული დაიწმინდა. დამშვიდდა. ბიჭი მოედანზე დაბრუნდა და ჰოლგერს თვალი ჩაუკრა, მერე, ცოტა ხანში გეტყვი მადლობასო. დირკ ნოვიცკი დამშვიდდა.

ჰოლგერ გეშვინდერიც მშვიდად არის. უბრალოდ, თვალებზე ცრემლის ფარდა აქვს. მერე რა, მოსულა. ხანდახან კაცებიც ტირიან.

ვიურცბურგში კნუტი დაკუჭული ქილით ერთობოდა. დირკ ნოვიცკი ჯიმი პეიჯის ლირიკას ეცნობოდა, საქსოფონზე დაკვრას ამუღამებდა და ჰოლგერს, იმ გასახდელს, ნატკენ თითს იხსენებდა.

მაშინ, გერმანელმა გერმანელს გერმანულად გადააწყვეტინა.

კომენტარები