ყურანის ბავშვების ფუჭი თამაში

 ბანგლადეშის მოსახლეობის 88 პროცენტი ისლამის მიმდევარია. ერთი შუახნის მამაკაციც მუსლიმი გახლავთ, ის შაჰენ დილ რიაზის დოკუმენტური ფილმის, “ყურანის ბავშვების” (2009), კადრში საკუთარი ვაჟის წყალობით მოხვდა. ამბობს, რომ ავად არის, ცოლი ადრე გარდაეცვალა, მოგვიანებით კი მეორე, მასზე ბევრად ახალგაზრდა, შეირთო. ამ დროს ეკრანზე ჩნდება გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ რეჟისორის ობიექტივში რამდენიმე წუთით ექცევა. ავტორის მთავარი ყურადღება გადატანილია ბავშვებზე, რომლებიც ბანგლადეშის ორთოდოქსალურ ისლამურ სკოლებში სწავლობენ. თითოეულის მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იყოს ჰაფიზი – მუსლიმი, რომელმაც ყურანი ზეპირად იცის. ამიტომაც მოზარდები წმიდა წიგნიდან ყოველდღიურად 6 ათას საზეპიროს კითხულობენ და 12 საათს ფეხმორთხმულნი, ყურანში თავჩარგულნი ატარებენ. მათ შორის ერთ-ერთი, ნახსენები მამაკაცის ვაჟია, რომელმაც ყველაფერი უნდა დაითმინოს, იზრუნოს მამის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაზე და კარგად გაითავისოს წმიდა წიგნიდან ამონარიდი: “ცხოვრება ფუჭი თამაშია. მხოლოდ ღვთის რწმენა და შიში დაჯილდოვდება”.    

შაჰენ დილ რიაზის “ყურანის ბავშვების” ჩვენება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინციატივით გაიმართა. გერმანულენოვან ფილმს ინგლისური სუბტიტრები ახლდა, რამაც მაყურებელთა ერთ ნაწილს დარბაზი დაატოვებინა. სურათი ისლამურ სკოლებში გავრცელებული სწავლების სისტემაზე მოგვითხრობს. ფილმი კარგად  აჩვენებს, თუ როგორ უჭირთ ბავშვებს მედრესეს სპეციალური პროგრამის დაძლევა, როგორ იღლებიან, კრთიან მასწავლებლის მოქნეულ შოლტზე და დარტყმით მიყენებულ ტკივილს ითმენენ. 

“ყურანის ბავშვების” რეჟისორი, ბანგლადეშის ქალაქ დაკაში 1969 წელს დაიბადა. ლიბერალი მშობლები ჰყავდა და  ბავშვობა უდარდელად, ყოველგვარი ძალდატანებისა და შეზღუდვების გარეშე გაატარა. მკაცრი შინაგანაწესის გამო, ორთოდოქსალურ ისლამურ სკოლებში კამერების შეტანა აკრძალულია, მაგრამ რეჟისორმა რამდენიმე სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფირზე აღბეჭდვა მაინც მოახერხა. ის გაესაუბრა ბავშვებს, რომლებსაც შეკითხვაზე, უნდოდათ თუ არა სახლიდან სკოლაში კვლავ დაბრუნება, დადებითი პასუხის გაცემა გაუჭირდათ. 

ღირს თუ არა მშობლების სურვილის ასრულება მათი შვილების ტანჯვად? კითხულობს რეჟისორი შაჰენ დილ რიაზი, რომელიც 1992 წლიდან ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს, როგორც თავისუფალი რეჟისორი, ოპერატორი და პროდიუსერი. მას გადაღებული აქვს ფილმები: “ერთი დღე, ყოველდღე” (1995), “თვალებს ესმით, ყურები ხედავენ” (1998), “ქვიშა და წყალი” (2002), “მსოფლიოს უბედნიერესი ადამიანები” (2005), “რკინისმჭამელი” (2007). ამ ნამუშევრებშიც აქცენტი, ისევ და ისევ, ადამიანთა ყოფაზე, მათი ცხოვრების წესსა და ტრადიციებზე კეთდება. 

კომენტარები