უგო ჩავესი სამედიცინო და პოლიტიკური პრობლემების პირისპირ

REUTERS
ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს. 10 ივნისს, კუბაში ოფიციალური ვიზიტისას მას ჰავანის ერთ-ერთ კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. ქირურგის მაგიდაზე პრეზიდენტი პირდაპირ Venezolana de Television არხის ტელესტუდიიდან აღმოჩნდა, სადაც მგზნებარე გამოსვლა ჰქონდა. ის პირდაპირ ეთერში გახდა ცუდად და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მცირე მენჯის აბსცესის ოპერაცია ჩაუტარდა. რამ გამოიწვია აბსცესი, ან რამდენად მძიმე იყო შემთხვევა, ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური პირების განცხადებით, ამას არანაირი კავშირი არ აქვს მარცხენა ფეხით კოჭლობასთან. ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოლას მადუროს სიტყვებით, ახლანდელმა ლათინოამერიკულმა ტურნემ, რომლის მსვლელობისას ჩავესმა უკვე ინახულა ბრაზილია და ეკვადორი, ავადმყოფობა გაამძაფრა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ლიდერი თავს კარგად გრძნობს. რამდენიმე დღის განმავლობაში პრეზიდენტი რეაბილიტაციის კურსს გაივლის და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

ჩავესი საავადმყოფოდანაც აგრძელებს დოკუმენტების ხელმოწერას, მაგრამ მისმა პრობლემებმა შეიძლება პოლიტიკური საქმიანობა შეაფერხოს. ვენესუელა ახლა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ციებ-ცხელებაშია, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ მომავალი წლიდან იწყება. თუ დავუშვებთ, რომ მიმდინარე მოვლენების გამო, ხელისუფლება განრიგში არ ჩაერევა, საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის დეკემბერში უნდა ჩატარდეს.

ბოლო წლების მანძილზე რეცესიებში ჩაფლულმა და 30%-იანი ინფლაციით გატანჯულმა ქვეყანამ მშპ-ის 4%-იან ზრდას მიაღწია, რაც ნაწილობრივ ნავთობზე მაღალი ფასებისა და კერძო სექტორის დამსახურებაა. ჩავესი წინასაარჩევნო კამპანიას უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტობის შესაძლებლობა მან 2009 წლის კონსტიტუციური შესწორებით მოიპოვა. ქვეყნის ნავთობრესურსებისა და მედიაზე კონტროლის წყალობით, ის სერიოზული კანდიდატია. მაგრამ თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს დავუჯერებთ, ეს არჩევნები არ იქნება იოლად მოსაგები.

თვითონ პრეზიდენტი GIS XXI-ის გამოკითხვაზე მიუთითებს, რომელმაც მისდამი 51%-იანი მხარდაჭერა გამოავლინა. თანამდებობის მოპოვებიდან 12 წლის შემდეგ, ეს შთამბეჭდავია, მაგრამ ამჯერად არასაკმარისი მოცემულობაა. პრეზიდენტისადმი ნაკლებად სიმპათიით განწყობილი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამომრჩეველთა 3/5-ს ან უფრო მეტს აღარ სურს უგო ჩავესი ქვეყნის პრეზიდენტად იხილოს.

ოპოზიციური დემოკრატიული ერთიანობის კოალიცია თავის კანდიდატს თებერვალში აირჩევს. გამოკითხვების თანახმად, ის მირანდას შტატის გუბერნატორი ენრიკე კაპრალესი იქნება. აღსანიშნავია, რომ ვენესუელის ოპოზიციის წევრებმა ეგრეთ წოდებული პროგრესული პოლიტიკური კოალიცია ჩამოაყალიბეს, რომელშიც ყველა ოპოზიციური პარტია უნდა გაერთიანდეს. გაერთიანება მიზნად ისახავს, ოპოზიციას მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებაში დაეხმაროს. უგო ჩავესი ოპოზიციონერებს „კაპიტალისტებს” უწოდებს, რომელთაც ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატებისადმი მორჩილებაში დაბრუნება სურს.

არსებობს საფუძველიანი ეჭვი, რომ ოპოზიციის მიმართ ამჯერადაც რეპრესიებს გაატარებენ. უგო ჩავესს ოპონენტებთან გამკლავების სხვადასხვა მეთოდები გააჩნია. მაგალითად, 2004 წელს კაპრალესი 4 თვე იყო დაპატიმრებული, 2002 წელს ჩავესის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების დროს ქვეყანაში კუბის საელჩოს შეყვანის გამო. ლეოპოლდო ლოპესს, რომელიც სახალხო ნების პარტიას ხელმძღვანელობს, აეკრძალა კანდიდატურის წარდგენა, რადგან კორუფციაში დაადანაშაულეს. მანუელ როსალესი, პრეზიდენტობის კანდიდატი 2006 წელს, ქვეყნიდან კორუფციის ბრალდებით გააძევეს. კარაკასის მერს, ანტონიო ლედესს კი თანამდებობასთან გამომშვიდობება მოუწია.

შესაძლებელია, საუკეთესო შედეგი მართლაც ხელისუფლებას ჰქონდეს, თუ ის თავის წინასაარჩევნო დაპირებებს რეალურად შეასრულებს. საცხოვრებელი სახლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 6 წლის განმავლობაში, უამრავი სახლი აშენდება, რაც საცხოვრებელი სახლებით მოსახლეობის სრულ უზრუნველყოფას განაპირობებს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ყოფილი სამხედრო ოფიცერი, რომელიც ხელისუფლებაში 1999 წლიდან იმყოფება, მესამე ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადით გამარჯვებას.  


კომენტარები