ნიკოლა სარკოზის თავს დაესხნენ

ფრანგულმა ტელეკომპანია  BFM TV-მ გაავრცელა  კადრები, თუ როგორ ესხმის მოქალაქე თავს  საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის.

ინციდენტი ქალაქ ბრაში,  საფრანგეთის  სამხრეთ-დასავლეთში მოხდა.  BFM TV- ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ  ნიკოლა სარკოზი შემოღობილი ტარიტორიის გასწვრივ მიდის, სადაც მის დასახვედრად გამოსული ადგილობრივი მცხოვრებლები დგანან.  ამ დროს ერთ-ერთი მოქალაქე მას ხელს უწვდის თითქოს მისასალმებლად, ახლოს მისულ სარკოზის კი ის პიჯაკის საყელოთი მოულოდნელად ძლიერად  ქაჩავს თავისკენ. პრეზიდენტი კარგავს წონასწორობას, თუმცა არ ეცემა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ სპეცსამსახურების თანამშრომლებს თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაჰყავთ და მიწაზე აწვენენ.  

პოლიციას თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ასევე უცნობია მისი ქცევის მოტივები. სამართალდამცველებს არ უთქვამთ, თუ რა სანქციები იქნება მიღებული თავდამსხმელის მიმართ.   გაზეთ ლე მონდის ცნობით, ამ დროისთვის ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.  


კომენტარები